საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2026
საქმის ნომერი
2კ-210აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №210აპ-26 22 ივნისი, 2026 წელი

ს. ა., №210აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ს-ა ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 4 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, ა-ის ქუჩა N- კორპუსი N-, ბინა N---ში, ა. ს-ამ, დანის გამოყენებით, ლ. ც-ს განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ერთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ. ც-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

1.3. 2025 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 15:55 საათზე, თ-ში, ა-ის ქუჩა N- კორპუსი N-, ბინა N---ში, ა. ს-ა უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ, ინსულინის შპრიცებში, მინის ნათურასა და მინის ე.წ. მოსაწევი მოწყობილობების შიდა ზედაპირებსა და პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებულ ნივთიერებას, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ (a-PVP)-ს რაოდენობით - 0,012005 გრამს და 4-ცმც-ს (კლეფედრონს).

1.4. 2025 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 15:55 საათზე, თ-ში, ა-ის ქუჩა N- კორპუსი N-, ბინა N---ში, ა. ს-ა უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ, ინსულინის შპრიცებში, მინის ნათურასა და მინის ე.წ. მოსაწევი მოწყობილობების შიდა ზედაპირებსა და პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებულ ნივთიერებას, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რაოდენობით - 0,3184 გრამს.

1.5. 2025 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 15:55 საათზე, თ-ში, ა-ის ქუჩა N- კორპუსი N-, ბინა N---ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 აპრილის --- დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ა. ს-ა, უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ, ხუფისა და მინის ე.წ. მოსაწევი მოწყობილობების შიდა ზედაპირებზე მოთავსებულ ნივთიერებას, რაც შეიცავს მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რაოდენობით - 0,00013 გრამს.

1.6. 2025 წლის 19 თებერვალს, თ-ში, ა. ლ-ის ქუჩა N--ის მიმდებარედ, ა. ს-ა უკანონოდ ინახავდა, მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP)-ს რაოდენობით – 0,253387 გრამს, რაც იმავე დღეს, 17:40 საათზე, მისი პირადი ჩხრეკით იქნა ამოღებული.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, ა. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 1000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ს-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ს-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის გადავადება ან/და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2026 წლის 11 მარტს, მსჯავრდებულ ა. ს-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის გადავადება ან/და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონოა. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო მხოლოდ დანაშაულის ხასიათი და ზოგადი პრევენციის მიზნები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. ს-ამ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედებები და ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან. სასამართლო სხდომაზე მან წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას ასევე არ გაითვალისწინა ა. ს-ას პიროვნება და მისი წარსული ცხოვრება. ის არის მარტოხელა დედა, მისი წარსული კი, არაფრითაა შებღალული. დაცვის მხარემ ითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით ჩათვლა. ასევე, ითხოვა ა. ს-ას მიმართ დანიშნული სასჯელის 2026 წლის 10 ოქტომბრამდე გადავადება, ვინაიდან ა. ს-ას 2025 წლის 10 ოქტომბერს შეეძინა შვილი. დაზარალებულს ა. ს-ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თანახმაა ა. ს-ას მიმართ გამოყენებული იქნეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი. კასატორის პოზიციით, ა. ს-ას მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც მართალია არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახით და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის გამო უსამართლოა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ კანონით გათვალისიწინებული შეღავათების გამოყენება აუცილებელია სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სასჯელის სხვა მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში, ხოლო ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ა. ს-ას ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ს-ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.

5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, აისეილ სეიდოვას მსჯავრადშერაცხილი მუხლების სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ა. ს-ას მიმართ თითოეული ეპიზოდისათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.

5.7. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, მხოლოდ სამივე პირობის კუმულაციურად არსებობა ქმნის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას.

5.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. ს-ა თავს არ ცნობდა დამნაშავედ გამოძიებისა და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას, მის მიერ დანაშაულის აღიარება, ვერ შეფასდება როგორც გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. რაც შეეხება, დაცვის მხარის პოზიციას, საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის გადავადების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე