საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №237აპ-26 15 ივნისი, 2026 წელი
ს. მ., №237აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ტ-ისა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ს-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებითა (განზრახ მკვლელობა დამამძიემებელ გარემოებეში, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ. ს-ში, ლ-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა მ. ს-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განიზრახა მეუღლის – ც. ს-ის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ს-მა არასრულწოვანი შვილის – ს. ს-ის თანდასწრებით, ასევე, ტანჯვის მიყენების მიზნით, მკვრივი-ბლაგვი საგნის (ქვის), ასევე, ფეხის, თავისა და სახის არეში არაერთჯერადი დარტყმით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს – ც. ს-ს, რომელიც გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, თუმცა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
1.3. 2024 წლის 17 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ გამოიცა განჩინება (დამცავი ორდერი), რომლის თანახმად, მ. ს-ს 4 თვით აეკრძალა მეუღლესთან – დაზარალებულ ც. ს-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მას ასევე აეკრძალა ც. ს-ის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება, ასევე, პირადად დაზარალებულთან მიახლოება. მ. ს-მა იცოდა რა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო დამცავი ორდერი, 2024 წლის 11 ნოემბერს, საღამოს საათებში მივიდა ქ. ს-ში, ლ-ის ქუჩაზე მდებარე ც. ს-ის საცხოვრებელ სახლში და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რითაც დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მ. ს-ის მიერ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი.
2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენით, მ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ს-ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ს-ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
2.4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელმაც მოითხოვა მ. ს-ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით, დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 18 მარტს, მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ-მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირება მინიმუმამდე.
3.3. 2026 წლის 24 მარტს, კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა – მ. ს-ის წარდგენილი ბრალდებებით, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, დაცვის მხარის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და ამ მხრივ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა. კასატორის აზრით, დანიშნული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო აღნიშნული მიზნები მიიღწევა არა მკაცრი, არამედ სამართლიანი სასჯელის დანიშვნით.
4.2. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი მ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამართლების ნაწილში, არის უკანონო. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა მ. ს-ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ასევე კასატორის აზრით, მ. ს-ისთვის დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მ. ს-ი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნებაა, იგი მიდრეკილია ძალადობრივი ქმედებისაკენ, კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ აქვს გულგრილი დამოკიდებულება, შესაბამისად, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ს-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ დაცვის მხარისათვის სადავო გარემოება არაა მ. ს-ისათვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, არამედ – მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომა, ხოლო ბრალდების მხარისთვის სადავოა მ. ს-ის გამართლება ქმედების გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენისათვის, ასევე დანიშნული სასჯელი. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ჩაიდინა თუ არა მ. ს-მა განზრახ მკვლელობა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით და მის მიმართ დანიშნული სასჯელი. მხარეებისთვის სადავო ფაქტობრივი გარემოება არაა მ. ს-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
5.5. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი).
5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის 2025 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ნაცვლად, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილება უმთავრესად ემსახურება ტერმინის „გენდერის“ შეცვლას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. შესაბამისად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვასიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N30აპ-25 გადაწყვეტილება).
5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელია დადგინდეს, მკვლელობის მოტივი იყო თუ არა სწორედ მსხვერპლის გენდერული კუთვნილება და დანაშაულებრივი ქმედება განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით თუ სხვა. გენდერული სტერეოტიპია ქალისა და მამაკაცის მსგავსი ქცევის რადიკალურად განსხვავებული შეფასება და არათანაზომიერად გაკიცხვა. სტერეოტიპული შეხედულებები გამოიხატება ძირითადად ამგვარ შეფასებებში: მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცი ქალს მიიჩნევს საკუთრებად, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალს უფლება არ აქვს მამაკაცის ნებართვის ან თანხმობის გარეშე გავიდეს სახლიდან, კონტაქტი დაამყაროს ნათესავებთან, მეგობრებთან, ისარგებლოს ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, აირჩიოს მეგობრები, მიიღოს განათლება, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას, დაიწყოს მუშაობა და ა.შ.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დადასტურდა მ. ს-ის მხრიდან სტერეოტიპული მიდგომების და განზრახ მკვლელობის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა. ამ მხრივ საგულისხმოა, მ. ს-ის 2024 წლის 12 და 29 ნოემბრის გამოკითხვის ოქმები, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია დაზარალებულის ტელეფონზე მისულმა მოკლეტექსტურმა შეტყობინებამ, რომელზეც იეჭვიანა და რის შემდეგაც ძალიან გაღიზიანდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად თვლის, რომ მ. ს-ის მხრიდან მეუღლის – ც. ს-ის მკვლელობის მოტივი იყო ეჭვიანობა და არა გენდერული შეუწყნარებლობა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის ჩადენას არ უნდა იქნეს გაზიარებული.
5.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. შესაბამისად, არ არსებობს, ამ მხრივ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
5.10. რაც შეეხება, მ. ს-ისათვის დანიშნულ სასჯელს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან ან/და დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვისა და ბრალდების მხარის პოზიციები და უცვლელად დატოვა მ. ს-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მ. ს-ის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი (იგი იყო დაზარალებულების ოჯახის წევრი – მეუღლე და მამა, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ეზრუნა ოჯახზე, მათ შორის შვილების ნორმალურ ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებაზე, მიუხედავად ამისა მან არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა განზრახი ქმედებები, მეუღლის (შვილების დედის) მიმართ, რამაც არამხოლოდ სიცოცხლის უფლება ხელყო, არამედ დამანგრევებელი გავლენა იქონია არასრულწლოვანის ფსიქიკაზე), ქმედებით დამდგარი შედეგი (დაზარალებულის სიკვდილის ფაქტს და არასრულწლოვანი მსხვერპლისთვის მიყენებულ ზიანს), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ს-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება როგორც საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, ისე – ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ტ-ისა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე