საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №92აპ-26 22 ივნისი, 2026 წელი
ქ. მ., №92აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ქ-ა ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დაკავებული პირის წამება, ე.ი. მისთვის ისეთი პირობის შექმნა და მოპყრობა, რომელმაც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის და აღიარებითი ჩვენების მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. გ-ს რაიონის სოფელ ო-დან იძულებით გადაადგილებულმა, დროებით ქ. თ-ში, დ-ის ქ. №--ში მცხოვრებმა ბ. რ-ამ ა. კრიმინალთან, ა. ა.სთან შეთანხმებით, 2009 წლის 23 იანვარს, გ. ხ-ა ქალაქ ზ-დან მისივე „ოპელ-ომეგას“ მარკის ავტომანქანით მოტყუებით გადაიყვანა გალის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც აიყვანეს მძევლად და ოჯახის წევრებს მოსთხოვეს გამოსასყიდი თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა რა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, 2009 წლის 24 იანვარს, შს ზ-ის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. იმავდროულად მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ბ. რ-ა 2009 წლის 24 იანვარს, დილის საათებში, აპირებდა გ.-ზ-ს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთას და ქ. ზ-ში გამომგზავრებას. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2009 წლის 24 იანვარს, 09:30 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ ო-ის ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ბ. რ-ა, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ბ. რ-ა თავდაპირველად გადაყვანილი იქნა შს ზ-ის სამმართველოს სოფელ დ-ის განყოფილებაში, სადაც ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ გადაიყვანეს შს ზ-ის სამმართველოს შენობაში. ბ. რ-ას დაკავების თაობაზე ცნობილი გახდა რა შს ს-- ს--ის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მ. ქ-ასათვის, იგი იმავე დღეს მივიდა შს ზ-ის სამმართველოში. შს ზ-ის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლ. ე-ამ მ. ქ-ას მოახსენა, რომ ბ. რ-ა ჩვენებას არ იძლეოდა. აღნიშნულით განაწყენებულმა მ. ქ-ამ დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის, აღიარებითი ჩვენების მიღებისა და თანამონაწილე პირების დასახელების მიზნით, ბ. რ-ას მიმართ გამოიყენა ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც ბ. რ-ას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ: სილა გააწნა სახის არეში, თმაში წაავლო ხელი და თავი შეუჩერებლივ რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელზე. ცემის შედეგად ბ. რ-ა იძულებული გახდა ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. მ. ქ-ა მისგან მოითხოვდა თანამონაწილე პირების დასახელებას. მიიღო რა მისგან უარი, მ. ქ-ამ კვლავ განაგრძო ბ. რ-ას მიმართ უკანონო ძალადობა, პერიოდულად ურტყამდა ზურგისა და მუცლის არეში და უცენზურო სიტყვებით აგინებდა. ბ. რ-ა შეეცადა მაგიდიდან დასალევად აეღო წყლით სავსე ბოთლი, მაგრამ მ. ქ-ამ დაასწრო და ბოთლი მოისროლა. ერთჯერადი ჭიქით მოატანინა უფერული სითხე და მოსთხოვა დაელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ ძალით დაალევინებდა. ბ. რ-ამ უარი განაცხადა რა სითხის მიღებაზე, მ. ქ-ამ ცეცხლსასროლი იარაღის ლულა ჩაჩარა პირში, ჩაუმტვრია კბილი და ძალის გამოყენებით მიაღებინა უფერული სითხე. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, ბ. რ-ას დროებით დაუქვეითდა მხედველობისა და აზროვნების უნარი, აერია გული, და ცხვირიდან დაეწყო სისხლდენა. გონზე რომ მოვიდა, ეგდო იატაკზე ოთახის კუთხეში. მოითხოვა რა „სალფეთქი“ სისხლის მოსაწმენდად, მ. ქ-ამ მას სახეში შეაფურთხა. მ. ქ-ამ ბ. რ-ა დასვა მაგიდასთან, ხოლო თავად მოპირდაპირედ დაუჯდა. ფეხი შემოდო მაგიდაზე და მოსთხოვა მისი გაწმენდა. მიიღო რა აღნიშნულზე უარი, ფეხი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგად ბ. რ-ამ ისევ დროებით დაკარგა ორიენტაციისა და აზროვნების უნარი. გონზე, რომ მოვიდა, მ. ქ-ამ ისევ განაგრძო მის მიმართ ძალადობა. მოსთხოვა ბ. რ-ას დაჩოქებულიყო და მას შემდეგ რაც მიიღო უარი, ანთებული სიგარეტი მიაწვა მარცხენა ხელზე სხივ-მაჯის სახსრის და მარცხენა ფეხის მუხლის სახსრის არეში. მ. ქ-ას მხრიდან ბ. რ-ას წამება გაგრძელდა რამდენიმე საათი, რის შემდეგაც, 2009 წლის 25 იანვარს, ბ. რ-ა 01:40 საათზე მოთავსდა ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებისას ბ. რ-ას შემოწმების დროს სხეულზე აღმოაჩნდა ფიზიკური დაზიანების ნიშნები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მ. ქ-ას ქმედებაში სახეზე იყო არა წამება, არამედ, პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას მორალურ ტანჯვას აყენებს, მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით: 2009 წლის 24 იანვარს, შს ზ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 09:30 საათზე, ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა ბ. რ-ა, რომელიც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს №- დასაკითხ ოთახში, სადაც დაახლოებით 11-12 საათზე მასთან შევიდა მოხელე – შსს ს-- ს--ის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – დეტექტივების სამმართველოს უფროსი მ. ქ-ა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ბ. რ-ა დაკავებული იყო ეჭვმიტანილის სახით. მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და სცემა ბ. რ-ას, რის გამოც ბ. რ-ამ მიიღო დაზიანება ტუჩის არეში შესიების სახით, რითაც მ. ქ-ამ ბ. რ-ა დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მორალური ტანჯვა.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, მ. ქ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცრდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ. ქ-ას ¼-ით შეუმცირდა ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
მ. ქ-ას დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების ან შესაბამის ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს-- ს--ის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით პაპავამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. ქ-ას წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
2.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განაჩენით პროკურორ დავით პაპავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენი მ. ქ-ას მიმართ, დარჩა უცვლელი.
2.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ს-- ს--ის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დავით პაპავამ.
2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ს-- ს--ის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2.7. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2021 წლის 22 ოქტომბრის №-- მომართვის თანახმად, ძებნილი მსჯავრდებული მ. ქ-ა ექსტრადირებული იქნა უკრაინის რესპუბლიკიდან 2021 წლის 17 სექტემბერს და იმავე დღეს შესახლებული იქნა №- პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2.8. 2021 წლის 11 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ქ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენი მ. ქ-ას მიმართ დარჩა უცვლელი.
3.2. 2026 წლის 8 იანვარს, მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს არაერთხელ დაირღვა მ. ქ-ას უფლებები, კერძოდ: განაჩენის დადგენისას, სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი მთავარი საკითხი, ჩაიდინა თუ რა მ. ქ-ამ საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება – სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა და უდანაშაულო პირს შერაცხა დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მას არ ჩაუდენია. მ. ქ-ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ვარაუდი. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა საქმის შედეგით დაინტერესებული ცრუ მოწმეების ჩვენებებისა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, განაჩენში აღწერილი და მსჯავრდებულისათვის ინკრიმინირებული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის საილუსტრაციოდაც იგი უთითებს მოწმეთა .ჩვენებებზე, რომელთა შინაარსიც საპირისპიროს მეტყველებს. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია, შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ საქმე არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ამასთან, კასატორის აზრით, ბრალდების მხარემ მ. ქ-ას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით განსაზღვრული 24 საათიანი ვადის დარღვევით, რითაც დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნა და რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენს მ. ქ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. 2021 წლის 17 სექტემბერს, მ. ქ-ა უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ იქნა ჩამოყვანილი, აღნიშნულზე უკრაინის საგამოძიებო ბიურომ დაიწყო გამოძიება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარემ ზეპირსიტყვიერად და წერილობით დააყენა შუამდგომლობა, პროკურატურას წარმოედგინა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება, მოხდა თუ არა მ. ქ-ას გადმოცემა, უშუალოდ ამ საქმეზე. პროკურატურამ აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. სასამართლომ დაცვის მოთხოვნა, რომ გადადებულიყო (შეჩერებულიყო) საჩივრის განხილვა, სანამ ბრალდება ამ დოკუმენტს არ წარმოადგენდა, არ გაითვალისწინა და სრულიად უკანონოდ გამოიტანა განაჩენი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია მ. ქ-ას საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები.
2024 წლის 5 ივლისს, ქუთაისის სააპლაციო სასამართლოში, დაცვის მხარის მიერ, არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა შუამდგომლობა: მოცემულ საქმეზე მომხდარიყო სამართლიანი სასამართლო განხილვა და მ. ქ-ას უფლებების დაცვა. ასევე ბრალდების მხარეს უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არ მისცემოდა შესაძლებლობა მოეხდინა მოწმეთა გ. კ-ას, ლ. ჯ-ას, მ. ჯ-ას, ჟ. თ-ას ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა, რადგან ბრალდების მხარის შუამდგომლობა და წარმოდგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმები არ იძლეოდა საფუძველს, რომ მათი ჩვენებები გამოქვეყნებულიყო. მოწმეთა ჩვენებები და ოქმებში ასახული ინფორმაცია არ იყო სანდო და საკმარისი, რომ ამ პირებთან კომუნიკაცია იყო შეუძლებელი. ბრალდების მხარეს, მოწმეების წარმოდგენასთან დაკავშირებით ამოწურული არ ჰქონდა, მათი სასამართლოში წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ხსენებული მოწმეების ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა მიზნად ისახავდა მოწმეების გადამალვას, რომ მათთვის დაცვის მხარეს არ დაესვა შეკითხვები. დაცვის მხარემ სასამართლოში მოითხოვა ამ მოწმეთა დისტანციური დაკითხვა, თუმცა ეს საკითხიც იგნორირებული იქნა. 2025 წლის 28 მარტს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ, კვლავ დააყენა შუამდგომლობა, ამჯერად, დ. ს-ასა და მ. ბ-ის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის თაობაზე. წარმოადგინა ინფორმაცია და მოითხოვა ჩვენების საჯაროდ წაკითხვა. მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, რომ მათი დაკითხვა მომხდარიყო დისტანციურად და მოგვცემოდა მათთვის კითხვების დასმის საშუალება, სასამართლომ არ გაითვალისწინა და დააკამყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.
საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნა არის: დასაშვებად იქნეს ცნობილი 2023 წლის 9 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარის მიერ, არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი შუამდგომლობა დანართით და მოხდეს მისი გამოკვლევა. მტკიცებულების სახით დასაშვებად იქნეს ცნობილი 2024 წლის 5 ივლისს, ქუთაისის სააპლაციო სასამართლოში, დაცვის მხარის მიერ, არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი შუამდგომლობა. სასამართლო პროცესზე დაიკითხოს გ. კ-ა, ლ. ჯ-ა, დ. ს-ა, მ. ჯ-ა, ჟ. თ-ა და მ. ბ-ი. დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ როგორც სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ქ-ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
5.5. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას.
5.7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში ძირითადი საკითხები შეეხება: მ. ქ-ას უდანაშაულობას იმაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა საეჭვო მტკიცებულებებს, რომელებიც არასანდოა, ასევე იმას, რომ მ. ქ-ას ბრალდება წარედგინა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით და მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია მოხდა უკანონოდ.
5.8. საკასაციო სასამართლოს თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია დაცვის მხარეს მიუთითოს, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს მ. ქ-ას მსჯავრდების საქმეს, ისევე როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოები. მ. ქ-ას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების პროცედურული საკითხები საკასაციო საჩივრის ფარგლებს სცდება, რაზეც სასამართლო ვერ იმსჯელებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების სამმართველოს უფროსის წერილი, რომლის თანახმად, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის საფუძველზე, დაკმაყოფილდა 04/10/2017 წლის შუამდგომლობა მ. ქ-ას ექსტრადიციის შესახებ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასამართლო განაჩენების აღსრულების მიზნით, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 04/10/2017 წლის შუამდგომლობის თანახმად, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა მ. ქ-ას საქართველოსთვის გადმოცემა სხვადასხვა განაჩენების, მათ შორის, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გათვალისწინებით), აგრეთვე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ამ მხრივ საგულისხმოა ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 17 დეკემბრის №13/76300 მომართვა, რომლითაც დადასტურებულია, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა მ. ქ-ას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით.
5.9. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა (სპეციალობის წესი), ვინაიდან ნათელია, რომ მ. ქ-ას საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, მათ შორის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით.
5.10. საკასაციო სასამართლო, ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარემ მ. ქ-ას ბრალდება წარუდგინა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენს მ. ქ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.
5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ბრალდების დადგენილების გამოტანიდან მისი წაყენებისათვის განსაზღვრული 24 საათიანი ვადა არ ვრცელდება, პირზე, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. აღნიშნულზე, მიუთითებს მუხლის კონსტრუქცია. ნათელია, რომ ამ მუხლის მე-6 ნაწილი აკონკრეტებს ბრალის წაყენების წესს, იმ პირზე, ვინც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. განსაზღვრავს გონივრულ ვადას ადვოკატის ასაყვანად, რაც ლოგიკურად შესაძლოა ვერ მოესწროს 24 საათიან ვადაში და რის გამოც, არსებობს შესაბამისი გამონაკლისი. კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის დღეს (25.07.2013), ბრალდებულის ოჯახის წევრებს მიეცათ გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად და განემარტათ ბრალის წაყენების დრო (29.07.2013, 16:00 საათი), ასევე, მოწვეული ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის 30 ივლისს, პროკურორის დადგენილებით ბრალდებულ მ. ქ-ას სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით, რის შემდეგაც ადვოკატს 30.07.2013 წელს, 16:20 საათზე, გამოეცხადა დადგენილება და მ. ქ-ას მიმართ ბრალდება წაყენებულად ჩაითვალა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, ბრალდების შესახებ დადგენილების დაგვიანებით წარდგენის თაობაზე.
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებას იძლევიან, ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ის გარემოებები რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გაიზიარა კონკრეტული მოწმის ჩვენება.
5.14. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შესაძლოა არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იყოს არსებითი, რაც გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17). მოცემულ შემთხვევაში მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც მტკიცების საგანთან მიმართებით გონივრულ კითხვებს გააჩენდა არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნათლად მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე მტკიცებულებათა ურთიერთმიმართება და იმ გარემოებებზე რა ნაწილში და რატომ გაიზიარა დაზარალებულ ბ. რ-ას ჩვენება, რის საფუძველზეც წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე.
5.15. დაზარალებულმა ბ. რ-ამ სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2009 წლის 24 იანვარს, დააკავეს სოფელ ო-ს ხიდთან. დაკავების შემდეგ გადაიყვანეს დარჩელის განყოფილებაში, სადაც დაუდეს ვერცხლისფერი ქაღალდის პატარა შეფუთვაში მოთავსებული ნივთიერება და უთხრეს, რომ მისი იყო, მოგვიანებით მოსთხოვეს ხელი მოეწერა, თითქოს, აღნიშნული შეფუთვა მისი ჩხრეკის დროს ამოიღეს, რაზეც უარი განაცხადა. დაახლოებით 5 წუთში ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც შეიყვანეს პატარა ოთახში. რამდენიმე წუთში ამავე ოთახში შევიდა მისთვის მანამდე უცნობი მ. ქ-ა, რომელსაც ლ. ე-ამ მოახსენა, რომ ჩვენებას არ იძლეოდა და ხელს არ აწერდა ზემოაღნიშნულ ნივთიერების კუთვნილების თაობაზე. მ. ქ-ამ მოითხოვა მარტო დაეტოვებინათ მასთან ოთახში, რის შემდეგაც ჰკითხა თუ რატომ არ აწერდა ხელს, რაზეც უპასუხა, რომ ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა. ამაზე მან სილა გააწნა სახეში და ოთახიდან გავიდა. დაახლოებით 10 წუთში კვლავ შევიდა ჩაწითლებული თვალებით, დაუჯდა წინ და ჯერ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა, მერე ისევ დაარტყა. სთხოვა მას, რომ არ დაერტყა, რადგან ფეხმძიმედ იყო, რაზეც მ. ქ-ამ უპასუხა, რომ არ აინტერესებდა ფეხმძიმედ იყო თუ არა. იგი მოითხოვდა ეთქვა ყველაფერი და ხელი მოეწერა, დაესახელებინა თანამზრახველები, მისთვის უცნობი პირები, რაზეც უარი განუცხადა, რადგან არ იცნობდა ამ პიროვნებებს. ამის შემდეგ მ. ქ-ამ კვლავ გააწნა სილა სახეში, მერე თმებზე მოქაჩა და თავი არტყმევინა კედელზე, რა დროსაც ცუდად გახდა. ამ დროს დაინახა, რომ იქვე ბოთლით წყალი იდგა და უნდოდა დაელია, მაგრამ მ. ქ-ამ ბოთლს ხელი მოჰკიდა და წყალი დააქცია. შემდეგ თანამშრომელს შემოატანინა ერთჯერადი ჭიქით უფერული სითხე და მოსთხოვა დაელია. მიხვდა, რომ ეს წყალი არ იყო და წინააღმდეგობა გაუწია. რადგან პირს არ აღებდა, მ. ქ-ამ იარაღი დაადო კბილებთან, ძალით გააღებინა პირი და ძალით დაალევინა სითხე, რა დროსაც ჩაემტვრა კბილი, რომელიც ამ სითხესთან ერთად გადაყლაპა. სითხის დალევის შემდეგ წაუვიდა გული, რა დროსაც ესმოდა იქ მყოფების ხმები, რომლებიც მ. ქ-ას ეკითხებოდნენ რა ვუყოთო. ის პასუხობდა - „დაბინდდეს კარგად, ვესროლოთ და გადავაგდოთ ო-ს ხიდიდან, მაინც ა.ებთან ჰქონდა კავშირი. ჩვენზე ეჭვს არავინ მიიტანს, არ არის გაჟღერებული, რომ დაკავებულია და იტყვიან ა.ებმა მოკლესო“. ამ დროს თვითონ ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა. როგორც აღმოჩნდა, ეს სითხე იყო „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკი. შემდეგ აღებინა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, მათი სიტყვები რომ მოისმინა, ეცადა გაეგოთ, რომ ცოცხალი იყო და რაღაცნაირი ხმები გამოსცა. გაუხარდათ, რომ გაიგეს ცოცხალი იყო. მ. ქ-ა აგინებდა უწმაწური სიტყვებით – შენ რა მოგკლავსო, თან მუცლის არეში ურტყამდა შეუჩერებლად, მაშინაც კი, როცა უკვე ცუდად იყო. შემდეგ ააყენეს და შეიყვანეს სადღაც ოთახში. პერიოდულად გონებას კარგავდა, ძალა არ ჰქონდა არც მუხლებში და არც ხელებში. როცა გაიღვიძა, შავ დივანზე იწვა, მეორე სართულზე, ქალი ედგა თავთან, რომელსაც ჰკითხა რა ხდებოდა. დაიხედა და ნახა, რომ ეცვა დიდი ზომის ტანსაცმელი, რაღაც ზოლიანი მაისური და შარვალი. ამ ქალმა უთხრა – არ ენერვიულა, კარგად იყო, არც დენა ჰქონდა და შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შემდგე შევიდა თ. გ-ა და მ. ქ-ას უთხრა – რა გიქნია, არ შემოგაკვდეს ბიჭო, ეს რა წესიაო. ამის შემდეგ მ. ქ-ამ ისევ შეიყვანა ოთახში, დასცინოდა ამაზრზენად – ფუ რა სუნი აგდის, მოდი თასმა შემიკარიო და მაგიდაზე დაუდო ფეხი, რა დროსაც ფეხსაცმელზე დააფურთხა. ამაზე ის განრისხდა და პირდაპირ წიხლი დაარტყა სახის და მკლავის არეში. მ. ქ-ა სიგარეტს ეწეოდა და ხელი რომ არ მოუწერა, სიმწრისგან აიღო ეს სიგარეტი და ხელზე დააწვა. როცა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა, სხვებს უთხრა, ნარკოლოგიურში წაიყვანეთო. იქ შემოწმებისას დაუდასტურდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. მაშინ მიხვდა, რომ ის სითხე, რაც ძალით მიაღებინეს, ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა. დაახლოებით 24 საათზე შეიყვანეს ე.წ. „კაპეზეში“. მას ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, რომელიც მაშინ გაუსკდა, როცა მ. ქ-ამ იარაღი დაადო. ვიზუალური დათვალიერებისას განაცხადა, რომ სხეულზეც ექნებოდა დაზიანებები, მაგრამ ტანსაცმელი არც კი გახადეს, უბრალოდ ჩაწერეს, რომ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. „კაპეზეში“ ძალიან ცუდად იყო, სიცხეც ჰქონდა. შემდეგ წაიყვანეს ციხეზე, სადაც მოხდა მისი ვიზუალური დათვალიერება. ციხის თანამშრომელმა ქალბატონმა ზედატანი გახადა და აღმოაჩინა დაზიანება. უთხრა, რომ კიდევ ექნებოდა დაზიანება, რაზეც მან განუცხადა, რომ საკმარისი იყო რაც ნახა. შემდეგ შეიყვანეს საკანში, რა დროსაც ძალიან ცუდად იყო და იქაც მოყვა, რაც დაემართა.
5.16. ბ. რ-ას სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების არსებობის ფაქტი, გარდა წერილობითი მტკიცებულებებისა (ეჭვიტანილის დაკავების ოქმი, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი და სხვა), ასევე დადასტურებულია სასამართლოში დაკითხული თანამესაკნეეების მარინა დგებუაძისა და ია ჯალაღონიას ჩვენებებით, მოწმეების – მ. ბ-ისა და მ. ჯ-ას დაკითხვის ოქმით, დაკავების პროცესში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებითა და დაკითხვის ოქმებით, ასევე თეიმურაზ სარიას ჩვენებით, რომელიც შემთხვევის დროს მუშაობდა ზუგდიდის №- საპყრობილეში, სამედიცინო ნაწილის ექთნად და რომელმაც დაადასტურა, რომ ზუგდიდის №- საპყრობილეში შეყვანილ პატიმარს, ბ. რ-ას მარჯვენა მხარზე ჰქონდა დაბეჟილობა ბეჭის არეში და სახის არეში, ტუჩთან აღნიშნებოდა ნაკაწრი ჭრილობა.
5.17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ ბ. რ-ას ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არის ურთიერთშეთავსებადი და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის სანდოობას. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მისი ჩვენება მოიცავს თანმიმდევრულ ინფორმაციას მისი რეალურად დაკავების თაობაზე, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების დროის და ადგილების მითითებით. იგი პირდაპირ ასახელებს მ. ქ-ას, დეტალურად აღწერს მისი მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს, რომელზეც, ასევე უთითებდა მთელი სამართალწარმოების პროცესში.
5.18. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბ. რ-ას თანამესაკნეები არიან ნეიტრალური მოწმეები, რომელთა პირადი დაინტერესება რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ დადასტურებულა. ისინი საუბრობენ იმ პირველად შთაბეჭდილებასა და განმარტებებზე, რომელიც მათ ბ. რ-ამ გაუზიარა, შესაბამისად, მათი ჩვენებები უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულის განმარტებებს იმ ნაწილში, სადაც ის საუბრობს დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მ. ქ-ას მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.
5.19. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულს, ობიექტურად, ყველაზე დიდი ინტერესი აქვს მართლმსაჯულების შედეგების მიმართ, თუმცა ეს ყველაფერი განპირობებულია მისი კანონიერი უფლებით დაისაჯოს პირი, ვინც მის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად იმისა თავად იყო თუ არა დამნაშავე სხვა სისხლის სამართლის საქმეში. სწორედ დაზარალებულია სისხლისსამართლებრივი პროცედურების დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მის ინტერესშია მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახსნა, ეფექტური გამოძიება, დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, დამნაშავის უტყუარად იდენტიფიცირება და მისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. დაზარალებულის ამგვარი დაინტერესება, კი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
5.20. დაცვის მხარის პოზიცია სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და მიმართულია დაზარალებულის დისკრედიტაციისკენ. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედებები უმეტესწილად ხორციელდება დაფარულ – საზოგადოერივი მონიტორინგისათვის და ფართო წრეებისთვის მიუწვდომელ ადგილებში (მაგ: პენიტენციურ დაწესებულებებში, პოლიციის განყოფილებებსა და მიტოვებულ ტერიტორიებზე), შესაბამისად, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მფლობელი პირების წრე საკმაოდ მწირია და ინფორმაციის მქონე პირები შესაძლოა თანაბრალდებულ პირებსაც კი წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობასა და ურთიერთშესაბამისობას სხვა მტკიცებულებებთან.
5.21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ როდესაც პირს დაკავებისას დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში ან იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მასზე სხეულის დაზიანებები ვლინდება, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – დამაჯერებლად ახსნას ამ დაზიანებების წარმომავლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ითვლება, რომ დაზიანებები მიყენებული იქნა სწორედ სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან, ან მათივე დაუდევრობის გამო.
5.22. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და არადამაჯერობლობის მხრივ, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009), ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არ განმეორდეს და დაცვის მხარის რამდენიმე საკვანძო არგუმენტს მოკლედ უპასუხოს.
5.23. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაცვის უფლება ბრალდებულის ერთ-ერთი ფუნდამეტური უფლებაა, რომლის დარღვევამაც შესაძლოა მთლიანი სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ აქციოს და სამართლიანი სასამართლოს უფლება ხელყოს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით, დადასტურებულია, რომ ძებნილი მ. ქ-ა, სასამართლო პროცესებზე უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური ადვოკატებით, რომლებმაც ისარგებლეს კანონით მინიჭებული ყველა უფლებით. ამასთან, დაკავების შემდეგ მ. ქ-ამ, ასევე ისარგებლა მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის უფლებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დაიკითხა დაზარალებული ბ. რ-ა და ის პირები, ვინც მ. ქ-ას წინააღმდეგ იძლეოდნენ მამხილებელ ჩვენებას. რაც შეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას დასაშვებად იქნეს ცნობილი 2023 წლის 9 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარის მიერ, სააპელაციო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი შუამდგომლობა დანართით და მოხდეს მისი გამოკვლევა, ასევე მტკიცებულების სახით დასაშვებად იქნეს ცნობილი 2024 წლის 5 ივლისს, ქუთაისის სააპლაციო სასამართლოში, დაცვის მხარის მიერ, არსებითი განხილვის ეტაპზე წარდგენილი შუამდგომლობა და სასამართლო პროცესზე დაიკითხონ გ. კ-ა, ლ. ჯ-ა, დ. ს-ა, მ. ჯ-ა, ჟ. თ-ა და მ. ბ-ი – საფუძველსაა მოკლებული.
5.24. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი – კანონიერი.
5.25. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.26. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ-ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე