საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2026
საქმის ნომერი
2კ-164აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №164აპ-26 3 ივნისი, 2026 წელი

ქ. კ., №164აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ქ. ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი არაერთგზის (ოთხი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა კ. ქ-მ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2024 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბ-ში, დ. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს, ქ. ქ-ეს, ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის, 300 ლარის მისთვის გადაცემა. სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის გამოყენების მუქარით შეშინებულმა ქ. ქ-ემ კ. ქ-ს გადასცა ფულადი თანხა 300 ლარი.

1.3. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა კ. ქ-მ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2025 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბ-ში, დ. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს, ქ. ქ-ეს, სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის, 200 ლარის მისთვის გადაცემა. სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის გამოყენების მუქარით შეშინებულმა ქ. ქ-ემ კ. ქ-ს გადასცა ფულადი თანხა 200 ლარი.

1.4. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა კ. ქ-მ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2025 წლის 10 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბ-ში, დ. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს, ქ. ქ-ეს, ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის, 500 ლარის მისთვის გადაცემა. ძალადობის გამოყენების მუქარით შეშინებულმა ქ. ქ-ემ კ. ქ-ს გადასცა ფულადი თანხა 150 ლარის ოდენობით.

1.5. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა კ. ქ-მ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2025 წლის 29 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბ-ში, დ. ბ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს, ქ. ქ-ეს, სამზარეულოს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის, 500 ლარის მისთვის გადაცემა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა კ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, კ. ქ- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ. ქ-ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2026 წლის 2 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა კ. ქ-ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლო არ დაეყრდნო უდავო და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მართალია დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოში, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ გაკეთებული შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით დადასტურდა კ. ქ-ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, კ. ქ-ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის – სახლის დათვალიერების შედეგად, დანის ამოღების ფაქტი გამოძალვის შემადგენლობას ვერ დაადასტურებს, ვინაიდან ხსენებული დანაშაულის შემადგენლობის მთავარი ელემენტი – სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის ძალადობის მუქარა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებით უნდა დადგინდეს. სწორედ მან უნდა მიუთითოს, მოთხოვნისა და მუქარის შინაარსი და ა.შ.

5.5. კასატორი თავისი პოზიციის დასადასტურებლად, ასევე მიუთითებს დაზარალებულის მიერ საზოგადოების მართვის ცენტრ „112-ში“ გაკეთებულ შეტყობინებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საგულისხმოა, დაზარალებულის მიერ საზოგადოების მართვის ცენტრ „112-ში“ გაკეთებული შეტყობინების შინაარსი. შეტყობინებაში დაზარალებული საუბრობს მხოლოდ მუქარაზე და არა ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნაზე, რასაც თან ერთვის ძალადობის მუქარა. ამდენად, შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. მით უფრო, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არის თავად დაზარალებული, რომელმაც ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მათ შორის არც აღნიშნული შეტყობინება არ ქმნის ბრალადწარდგენილი ეპიზოდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.6. რაც შეეხება მოწმეების ლ. ა-ისა და ი. ს-ის გამოკითხვის ოქმებს, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად კ. ქ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ კ. ქ-ის ბრალეულობას ადასტურებს შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.

5.10. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.

5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა კ. ქ-ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე