საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2026
საქმის ნომერი
2კ-192აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125011580890

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №192აპ-26 ქ. თბილისი

ჩ. თ., 192აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, თ. ჩ–ეს – პირადი ნომრით: ......, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

თ. ჩ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

კლინიკა „ჰ–ს“ თანამშრომელმა, ექიმის თანაშემწემ თ. ჩ–ემ 2024 წლის ზაფხულის პერიოდში დაარწმუნა ამავე კლინიკის კარდიოლოგი დ. კ–ა, რომ იყო პოლიტიკური პარტიის წევრებთან დაახლოებული პირი, მოატყუა, რომ პარტიას სჭირდებოდა თანხა, რომელიც მოგვიანებით დ. კ–ას დაუბრუნდებოდა ნამატით. 2024 წლის 13 ივნისს დ. კ–ამ პირადი ანგარიშიდან თ. ჩ–ეს გადაურიცხა 30000 აშშ დოლარი, რაც თ. ჩ–ემ მიისაკუთრა მართლსაწინააღმდეგოდ. თ. ჩ–ის ქმედებით დ. კ–ას მიადგა 81 822 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

2.1. თ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ, თ. ჩ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით, 7 თვით და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. თ. ჩ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან;

2.3. თ. ჩ–ეს საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის საფუძველზე, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებამდე, აეკრძალა საქართველოდან გასვლა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ. აპელანტი ითხოვდა თ. ჩ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ. კასატორი ითხოვს თ. ჩ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8.1. კასატორი ითხოვს თ. ჩ–ისათვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას.

9. კასატორი მოთხოვნის დასაბუთების და გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უსამართლობის მტკიცებისთვის უთითებს დანაშაულის სიმძიმეზე, ხასიათზე, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, წარსულ ნასამართლობებზე, ასევე, იმ გარემოებაზე რომ თ. ჩ–ემ ბოროტად ისარგებლა დაზარალებულის ნდობით და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხებს, არცერთ ეტაპზე არ გასჩენია გულწრფელი სინანულის განცდა, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და დაზარალებულს აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც თ. ჩ–ის მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა, ვერ უზრუნველყოფს პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნებს.

10. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

11. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება დანაშაულის სიმძიმეზე, ჩადენის ხერხზე და ხასიათზე მითითებით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს სწორედ მოტყუებით დაზარალებულის კუთვნილი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს.

11.1. გასაჩივრებული განაჩენით თ. ჩ–ეს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.

12. „თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

13. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

14. დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის მითითება თ. ჩ–ის წარსულ ნასამართლობებზე, ვინაიდან დანაშაულის ჩადენისას თ. ჩ–ე იყო ნასამართლობის არმქონე.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" II-23).

15.1. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22; 2024 წლის 10 ივლისის №36აპ-24, 2024 წლის 17 ივლისის №500აპ-22).

15.2. სასამართლო ითვალისწინებს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24; 2024 წლის 1 აგვისტოს №854აპ-24; 2024 წლის 14 ნოემბრის №845აპ-24 განაჩენი), გამარტივებული წარმოების წესით (იხ.: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თავი XXXIV3).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

17. თ. ჩ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

18. იმავდროულად, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია, საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის საფუძველზე, თ. ჩ–ის მიერ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებამდე საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონით გათვალისწინებული ცვლილებებით სასამართლოს განაჩენში არ ეთითება მსჯავრდებულის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. აღნიშნული კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა ეკისრება „სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე“. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში თ. ჩ–ის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე მითითება ზედმეტია, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევას, რასაც შეუძლია არსებითად იმოქმედოს საქმის განხილვის შედეგზე.

19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენზე თ. ჩ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე