საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100124009589014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №31აპ-26 ქ. თბილისი
ჯ. მ. 31აპ-26 3 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილის – თეიმურაზ ჯალაღონიასა და მსჯავრდებულ მ. ჯ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. წ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ. ჯ–ას – პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით.
1.1.1. მ. ჯ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 22 მაისს, შუადღის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, მ. ჯ–ამ, შვილთან ლ. ჯ–ასთან ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, საცხოვრებელი სახლის აივნიდან, წინასწარ მომარჯვებული ერთლულიანი სანადირო თოფი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და მოკვლის მიზნით, დამიზნებით ესროლა შვილს – ლ. ჯ–ას, რა დროსაც მიაყენა 21 ცეცხლნასროლი (საფანტით) ჭრილობა სახის, ქვედა ყბის, ყვრიმალის მიდამოში, კისრის, გულმკერდისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოში.
1.2. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა) მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.2.1. მ. ჯ–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ. ჯ–ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით მ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის მისაღებ ოთახში მდგარ კარადაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული 35GR მმ ნომინალური კალიბრის „ARMI SPORT“ მოდელის ხმოვანი რევოლვერი, რომელსაც კუსტარულად გადაკეთებული აქვს ლულა და მორგებული აქვს დოლურა, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
2.1. მ. ჯ–ა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. მ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. მსჯავრდებულ მ. ჯ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 22 მაისიდან;
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ თეიმურაზ ჯალაღონიამ მოითხოვა მ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულ მ. ჯ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი. წ–ამ და ი. ხ–ამ მოითხოვეს ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, მ. ჯ–ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით, – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ჯალაღონია ითხოვს მ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდის ჩადენაში და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.2. მსჯავრდებულ მ. ჯ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. წ–ა ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში მ. ჯ–ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით, მ. ჯ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ხანგრძლივობით – 3 წლით განსაზღვრას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს მ. ჯ–ას დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს მ. ჯ–ასათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
9. უსაფუძვლოა ბრალდების მხარე კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა: თ. კ–ს, კ. ა–ს, ვ. ს–ს, ზ. ს–ს, მ. ჯ–ს, ვ. გ–ს, ლ. მ–ს, დ. გ–ს, თ. შ–ს, გ. ჩ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ. ჯ–ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, სტაციონალური პაციენტის N.... სამედიცინო ბარათი, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N....-ი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ლ. ჯ–ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მამის, მ. ჯ–ას წინააღმდეგ.
12. მოწმეთა: ვ. ს–ს, ზ. ს–ს, ვ. გ–ს, ლ. მ–ს, დ. გ–ს, თ. შ–ს, თ. კ–ს, კ. ა–ს ჩვენებები ლ. ჯ–ასათვის ჭრილობების მიმყენებლი პირის ნაწილში არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის შემსწრენი არ არიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენების გამოყენება „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
13. სტაციონალური პაციენტის N... სამედიცინო ბარათი, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის სტაციონალური პაციენტის N.... სამედიცინო ბარათი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ ლ. ჯ–ას მიერ 2024 წლის 22 მაისს მიღებულ დაზიანებებსა და საერთო მდგომარეობაზე. ამასთან, მოცემული სამედიცინო ბარათებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით შეუძლებელია ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის N186აპ-25 განჩინება). ანალოგიურად, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითაც განსაზღვრულია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ. ჯ–ას მაისურზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია საფანტისათვის დამახასიათებელი მრავლობითი დაშლილი ჭურვის ერთდროული მოქმედებით.
14. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ მ. ჯ–ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.
15. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ. ჯ–ას ერთლულიან სანადირო თოფზე და მასში მოთავსებულ გასროლილ მასრაზე, ასევე – მ. ჯ–ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ სავაზნე ქამარსა და მასში მოთავსებულ 7 ცალ ვაზნაზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ჯ–ას.
15.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მოცემული ერთლულიანი სანადირო თოფის მ. ჯ–ასადმი კუთვნილება.
16. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილ მ. ჯ–ას ანაწმენდებზე და მ. ჯ–ას ტანსაცმელზე არ აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები (იხ.: ტ.3, ს.ფ. 62-72).
17. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ თოფზე, მასრაზე, სავაზნე ქამარსა და ვაზნებზე ხელის კვლების დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლენილა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 54-59).
18. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რაც დაადასტურებდა მოცემული სანადირო თოფიდან მ. ჯ–ას მიერ ლ. ჯ–ას მიმართ გასროლას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
20. მ. ჯ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).
21. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
22. მ. ჯ–ას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარება, შეზღუდული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსით) და მ. ჯ–ას განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს.
24. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
24.1. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება დაიშვება ამავე ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული ყველა წინაპირობის ერთდროულად/კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარების (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოძიებასთან თანამშრომლობის დროს.
24.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 22 მაისის მ. ჯ–ას საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში არსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა მათ შორის პისტოლეტის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც მ. ჯ–ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. 2024 წლის 23 მაისის N.....ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის მაგვარი საგანი თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული 35GR მმ ნომინალური კალიბრის „ARMI SPORT“ მოდელის ხმოვანი რევოლვერი, რომელსაც კუსტარულად გადაკეთებული აქვს ლულა და მორგებული აქვს დოლურა, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
24.3. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა/შენახვა დენადი დანაშაულია, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, დენადია დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით/უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, მ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დასრულდა 2024 წლის 22 მაისს ჩატარებული ზემოაღნიშნული ჩხრეკის ფარგლებში ამავე საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენისას. შესაბამისად, ვინაიდან მ. ჯ–ას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2024 წლის 1 აპრილის N60აპ-24, 2021 წლის 19 ოქტომბრის 371აპ-21).
25. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ დგინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, – საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს" (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
28. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანთა რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).
29. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილის – თეიმურაზ ჯალაღონიასა და მსჯავრდებულ მ. ჯ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. წ–ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე