დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.03.2001
საქმის ნომერი
3კ/328-01
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.03.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/328 23 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ს-ის” ..... ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპომ. მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1999 წლის 21 აპრილს, ფოთის ნავსადგურში გემსადგომთან ტვირთის დაცლის დროს ნავსადგურის მუშაკების მიერ დაზიანებულ იქნა სომხეთის რკინიგზის ვაგონი ¹...... , რომელიც ექსპლუატაციისათვის უვარგისი გახდა. ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ს-ამ” სომხეთის რკინიგზას გადასცა ანალოგიური ტიპისა და ღირებულების ვაგონი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის _ მის სასარგებლოდ 57644 ლარის დაკისრება.

რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს “ს-ის” ..... ტერიტორიული სამმართველოს სავაგონო დეპოს სარჩელი. შპს “ა-ს” და სომხეთის შპს “კ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისრა 45618 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და შპს “ა-ს” შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ა-ი” ვალდებული იყო ნავსადგურში შეეტანა სტანდარტული ტვირთი. თავის მხრივ, სომხეთის შპს “კ-ა” ვალდებული იყო არ ჩაეტვირთა ვაგონში მალულად არაგაბარიტული ტვირთი, ხოლო თუ ასეთს ექნებოდა ადგილი სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის თანახმად ვალდებული იყო სარკინიგზო ზედდებულში განსაკუთრებული აღნიშვნის სახით, მიეთითებინა ამის შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა-ის” დირექტორმა გ. ხ-იამ მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს “ა-ის” დირექტორის გ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს “ა-ის” დირექტორის გ. ხ-იას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2000 წლის 25 აგვისტოს, გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან, ხოლო აპელანტმა სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა 6 ნოემბერს, ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საოლქო სასამართლოს 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინება შპს “ა-ის” წარმომადგენელმა ბ. ქ-ძემ მიიჩნია უკანონოდ და კერძო საჩივრით მიმართა იმავე სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორმა განჩინება მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს “ა-ის” წარმომადგენლის ბ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო და გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 25 აგვისტოს ფოთის სასამართლოში საქმის განხილვას ესწრებოდა შპს “ა-ის” წარმომადგენელი ა. ნ-ძე. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყოს 2000 წლის 25 აგვისტოს, ხოლო შპს “ა-ის” წარმომადგენელმა ბ. ქ-ძემ ფოთის სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2000 წლის 6 ოქტომბერს, ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილ შპს “ა-ის” დირექტორის მიერ გაცემულ მინდობილობაში ა. ნ-ძეს არა აქვს მინიჭებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას უნდა ესწრებოდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ა-ის” წარმომადგენლის _ ბ. ქ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.