საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100125011842802
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №166აპ-26 ქ. თბილისი
გ. ბ., 166აპ-26 2 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. გ-ს ბრალად ედება: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ.
ბ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის 24 აგვისტოს, დღის საათებში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. გ.მ მის არასრულწლოვან შვილს − ნ. გ-ს სოციალურ ქსელ „მესენჯერის“ აპლიკაციის საშუალებით, გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს − ა. ა-ს, არასრულწლოვან შვილს − ნ. გ-ს, ასევე ყოფილი მეუღლის დას − შ. ა-სა და მშობლებს − ი. ა-სა და ქ-ნ ჩ-ს, კერძოდ, ხმოვან შეტყობინებაში უთხრა, რომ გადაწვავდა მათ საცხოვრებელ სახლს და მძინარეებს შიგ ჩაწვავდა. აღნიშნულის შედეგად, ა. ა-ს, ნ. გ-ს, შ. ა-ს, ი. ა-ს და ქ. ჩ-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბ. გ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით − თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ბ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი.
ბ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2025 წლის 24 აგვისტოდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. გ-ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენით: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
ბ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების აკრძალვა 5 (ხუთი) წლით.
ბ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2025 წლის 24 აგვისტოდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ბ. გ-ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული ბ. გ. დაუსაბუთებლად გაამართლა არასრულწლოვანი შვილის − ნ. გ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილით; საქმის მასალებით, დგინდება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. გ.მ სოციალური ქსელის საშუალებით არასრულწლოვან შვილს გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც შეიცავდა სახლის გადაწვისა და დაძინებულების შიგ ჩაწვის მუქარას, რაც მიმართული იყო არა მხოლოდ მსჯავრდებულის ყოფილი მეუღლის, მისი დისა და მშობლების, არამედ − არასრულწლოვანი შვილის მიმართაც; მოწმეთა ჩვენებებით დგინდება ისიც, რომ არასრულწლოვანმა, მუქარის შედეგად, განიცადა საფუძვლიანი შიში.
6. მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჯ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენი კანონიერი და სამართლიანია.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას მოთხოვნას − მსჯავრდებულ ბ. გ-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ არასრულწლოვანი შვილის − ნ. გ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდების ნაწილითაც, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ბ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არასრულწლოვანი ნ. გ-ს მიმართ მუქარის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია არა მხოლოდ იმ გარემოების დადგენა, რომ ნ-მ ხმოვანი შეტყობინებები მოისმინა და განიცადა შიში, არამედ − იმ გარემოების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებაც, რომ ბ. გ-ს მუქარის ადრესატი სწორედ არასრულწლოვანი შვილი იყო და მას გააჩნდა შვილის სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი შეშინების განზრახვა. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახი დანაშაულია; შესაბამისად, მუქარის შინაარსი, ადრესატი, კონტექსტი, მუქარის აღქმა და მიზეზობრივი კავშირი ერთობლივად უნდა შეფასდეს. წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, ხმოვანი შეტყობინებებით დგინდება, რომ მუქარამდე, ბ. გ. შვილს სთხოვდა, არ დაეჯერებინა მისი ოჯახის წევრებისთვის, არ აეცრუებინა გული მამაზე და გამოხატავდა მასთან ურთიერთობის სურვილს, ხოლო ამის შემდეგ, აგრესია მიმართული იყო ყოფილი მეუღლისა და მისი ოჯახის წევრებისადმი, რომლებიც, მისივე წარმოდგენით, შვილთან ურთიერთობაში ხელს უშლიდნენ. იმავე ხმოვან შეტყობინებებში მუქარის შემდგომ ბ. გ. ამბობს, რომ ყველას დაანახებდა, თუ ვისი იქნებოდა ნ..
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ. გ.მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. ამდენად, უშუალოდ დაზარალებულ ნ. გ-ს სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენება საქმეში არ არსებობს, ხოლო სხვა მოწმეთა ჩვენებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უთითებენ ხმოვანი შეტყობინებების მიღების შემდეგ, ნ-ს მიერ შიშის განცდისა და ემოციურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტზე, აღნიშნული გარემოება არ ქმნის უტყუარი დასკვნის საფუძველს, რომ მუქარა არასრუწლოვანი შვილის მიმართაც გაჟღერდა.
12. კასატორის არგუმენტი, რომ ხმოვანი შეტყობინებები გაგზავნილი იყო ნ. გ-ს ტელეფონზე, თავისთავად არ ცვლის აღნიშნულ დასკვნას, რადგან საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვნის ტელეფონზე წვდომა ჰქონდათ ოჯახის სხვა წევრებსაც, მათ შორის, ი. ა-მ საპასუხო შეტყობინება ამავე ტელეფონიდან გაუგზავნა ბ. გ-ს და ამ უკანასკნელთან პირდაპირ ჩაერთო კომუნიკაციაში. შემდეგ კი ბ.მ კვლავ ხმოვანი შეტყობინებით, თავადაც მიმართა ირაკლის, რაც ადასტურებს, რომ კომუნიკაცია აღარ იყო მხოლოდ ბ.სა და ნ-ს შორის. ამასთან, შეტყობინებების შინაარსი და კონტექსტიც მიუთითებს ბრალდებულის აგრესიაზე მხოლოდ ყოფილი მეუღლის, მისი მშობლებისა და დის მიმართ. ამდენად, ის გარემოება, რომ ხმოვანი შეტყობინება ტექნიკურად გაგზავნილი იყო არასრულწლოვნის ტელეფონზე, საკმარისი არ არის არასრულწლოვნის მიმართ მუქარის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცებისთვის. შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება ბრალდების მხარის იმ ვარაუდს, რომ რადგან არასრულწლოვანმა მოისმინა მუქარის შემცველი შეტყობინება და შეეშინდა, მუქარის ადრესატიც აუცილებლად ის იქნებოდა.
13. აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ბრალდების გამამართლებელ ნაწილში, არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე