საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100124009954869
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №165აპ-26 ქ. თბილისი
ზ.ვ., 165აპ-26 2 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ზ-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვ. ზ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათიდან 02:40 საათამდე პერიოდში, ... ქუჩების კვეთასთან, შსს იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მეორე სახაზო განყოფილების ოცეულის მეთაურის გ. ლ-სა და ამავე სამმართველოს პატრულ ინსპექტორ გ. ჭ-ს მიერ შეჩერებული იქნა „ფოლკსვაგენ გოლფის“ ფირმის, .... სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილი, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ. ზ.. აღნიშნულ ადგილზე გამოცხადდნენ ამავე სამმართველოს პატრულ ინსპექტორები გ. თ. და ა. ნ.. ვ. ზ.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ჩასვეს „რენაულტ დუსტერის“ ფირმის, ... სახელმწიფო ნომრის მქონე, სამსახურებრივ ავტომანქანაში უკანა სავარძელზე. ... მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის წინამდებარე ტერიტორიაზე მისვლისას, ვ. ზ.დაემუქრა ამავე ავტომანქანაში მყოფ პატრულ ინსპექტორებს − გ. ჭ-ს, გ. ლ-სა და ა. ნ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ იყო მკვლელობისთვის ნასამართლევი, ყველას დახოცავდა და დააჭრიდა თავებს, რის შედეგადაც, მათ განიცადეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთანავე, ვ. ზ-მ ძლიერად დაარტყა თავი მარცხენა თვალ-ბუდის ქვედა მხარეს პატრულ ინსპექტორს ა. ნ-ს, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვ. ზ-მ განაგრძო თავდასხმა და დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლისას, ჯერ მარჯვენა ხელი, ხოლო შემდგომ თავი დაარტყა გ. ლ-ს ტუჩის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით ვ. ზ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გაუქმდა ვ. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
ვ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 18 ივლისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე − ბრალდების მხარემ.
ü პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ. ზ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ზ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქმედებას მსჯავრდებული აღიარებდა, მინიმალური სასჯელის შეფარდება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენით: ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
ვ. ზ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ. ზ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გაუქმდა ვ. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
ვ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 18 ივლისიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით სილაგაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ვ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი მოტივებით: კასატორი უთითებს, რომ 2024 წლის 17 ივლისს, ღამის საათებში, ვ. ზ. მართავდა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში, მართვის უფლების გარეშე, რის გამოც, პოლიციელებმა შეაჩერეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის პროცესში იგი აგრესიულად იქცეოდა, პოლიციელებს შურისძიების მოტივით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა დახოცვით, თავების დაჭრით, ოჯახის წევრების ამოწყვეტით, მანქანების აფეთქებით; მიუთითებდა, რომ მკვლელობისათვის იყო ნასამართლევი, რის შემდეგაც პოლიციის ავტომანქანაში თავი დაარტყა ა. ნ-ს, ხოლო იზოლატორში შესვლისას ხელი და თავი დაარტყა გ.ა ლ-ს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებები, თავისი ხასიათით, ფორმით წარმოადგენს პოლიციელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას პოლიციელებზე და არა მხოლოდ − წინააღმდეგობას; კასატორი ასევე აპელირებს სასჯელის ნაწილზე. მისი პოზიციით, ვ. ზ. დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რის გამოც, სახეზეა დანაშაულის რეციდივი. აღნიშნული, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ჩადენილი ქმედების ხასიათის, დაზარალებულთა რაოდენობისა და პოლიციელთა მიმართ გამოხატული აგრესიის ერთობლივად გათვალისწინებით, სასჯელის დამძიმების საფუძველია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძის მოთხოვნას − მსჯავრდებულ ვ. ზ-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ვ. ზ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, სახელდობრ:
9. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, N468აპ-20 საქმეზე): იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლების: ა. ნ-ს, გ. ლ-ს, გ. ჭ-ს ჩვენებებით, მოწმეების: გ. თ-ს, ლ. ბ-ს, ი. ხ-ს ჩვენებებით, გ. ლ-ს და ა. ნ-ს მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, გ. ლ-ს სამსახურებრივი სამხრე კამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, იზოლატორის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2024 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათიდან 02:40 საათამდე პერიოდში, .... კვეთასთან, შსს იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მეორე სახაზო განყოფილების ოცეულის მეთაურმა გ. ლ-მ და ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა გ. ჭ-მ გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს „ფოლკსვაგენ გოლფის“ ფირმის, ... სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილი, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ. ზ.. აღნიშნულ ადგილზე გამოცხადდნენ ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები − გ. თ. და ა. ნ-ც. თავდაპირველად ვ. ზ. უარს აცხადებდა ალკოტესტით შემოწმებაზე, და პოლიციის მუშაკებს აგრესიულად ესაუბრებოდა, მაგრამ შემდეგ დასთანხმდა. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას დაუდგინდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა) ჩადენისათვის, ვ. ზ-ს მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რის გამოც, იგი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და პოლიციის მუშაკებს დაუწყო გინება. ამიტომ იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ჩასვეს პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადასაყვანად. ავტომობილით გადაადგილებისას, ვ. ზ-მ თავი მიარტყა თავის არეში მის გვერდით მჯდომ პატრულ-ინსპექტორ − ა. ნ-ს, იზოლატორში შეყვანისას კი, ჯერ ხელი, ხოლო შემდეგ − თავი დაარტყა სახის არეში იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელს − გ. ლ-ს. ამავე დროს, ვ. ზ. პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა.
11. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ფუნქციას − სამართალდარღვევის გამოვლენას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ვ. ზ-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რასთან დაკავშირებით შეადგინეს კიდეც შესაბამისი ოქმი; პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ხოლო ვ. ზ-ის ქმედება მიმართული იყო სამართალდარღვევის გამოვლენისათვის ხელის შეშლის, პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლისაკენ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დადგენილია, რომ თავდაპირველად ვ. ზ-მ პოლიციის თანამშრომელზე, კერძოდ, ა. ნ. ფიზიკურად იძალადა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ჩასვეს პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − პოლიციის თანამშრომელ გ. ლ-ზე წინასწარი დაკავების იზოლატორში შეყვანისას.
12. აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულები პოლიციელები იყვნენ და მსჯავრდებულმაც იცოდა ეს, საკმარისი არ არის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, არამედ − აუცილებელია დადგინდეს, რომ ძალადობა მიმართული იყო უშუალოდ პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ, მათი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. განსახილველ საქმეში, მსჯავრდებულის უშუალო მიზანი იყო პოლიციელთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მათი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა და არა სამსახურებრივ სტატუსთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმა.
13. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ვ. ზ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ზ. წინათ ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულებისათვის, ხოლო ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მართებულად გაითვალისწინა დანაშაულის რეციდივის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ვ. ზ-ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის სანქციაც თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ითვალისწინებს ორიდან ექვს წლამდე სასჯელს. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაზე დაყრდნობით, რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ ვადას, სულ მცირე, ერთი წლით, ანუ, არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე