საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2026
საქმის ნომერი
2კ-337აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125011949570

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №337აპ-26 ქ. თბილისი

ზ. ზ., 337აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ზ-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ზ. ზ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü ზ. ზ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.0044 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება, რაც 2025 წლის 27 სექტემბერს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ü 2025 წლის 27 სექტემბერს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ზ-მ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.0044 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი, ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება, 50 ლარად უკანონოდ მიასაღა ე. მ-ს , რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ზ. ზ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ზ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზ. ზ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამავე კანონის საფუძველზე, მასვე 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ზ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2025 წლის 15 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. -მა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ზ. ზ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელიც საქმეში ფიგურირებდა, არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზ. ზ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ე. მ-ს გამოკითხვის ოქმით, ზ. ზ-ს პირადი ჩხრეკის 2025 წლის 15 ოქტომბრის ოქმით, ამოღების ოქმითა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, გამოთხოვილი ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის დასკვნით.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

10. რაც შეეხება კასატორის ძირითად არგუმენტს, რომ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა არ ქმნიდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრება სააპელაციო პალატამ დეტალურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ:

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 29-ე გრაფის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ 0.0012 გრამიდან − 0.012 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად.

12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ. ზ-ს მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და შემდგომში რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ წონა შეადგენდა − 0.0044 გრამს, რაც მეტია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობაზე − 0.0012 გრამზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ 0.0044 გრამი ,,ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვა და შემდგომში რეალიზაცია წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260³-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე