საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009367443
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№266აპ-26 ქ. თბილისი
ქ. ი., 266აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის განაჩენით, ი. ქ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ლ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთნთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ქ-მ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და წამება, ესე იგი, პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ, მორალურ ტანჯვასა და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, დაშინება და იძულება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ი. ქ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. 2024 წლის 19 აპრილს, ღამით, ... არსებულ, ც. პ-ს №.. საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევით, ი. ქ. და ა. ფ., ჯგუფურად, დანის, როგორც დემონსტრირებით, ასევე – გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ც. პ-ს, სასტიკად სცემეს, სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს დაზიანება, მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. თავდამსხმელები დაეუფლნენ ც. პ-ს კუთვნილ სს ,,ლიბერთი ბანკის“ 2 პლასტიკურ ბარათს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2.2. 2024 წლის 19 აპრილს, ღამით, ი. ქ-მ და ა. ფ-მ განიზრახეს, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ... არსებულ №... საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ც. პ-ს. განზრახვის აღსასრულებლად მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს ც. პ-ს საცხოვრებელ ბინაში და ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, ი. ქ-მ და ა. ფ-მ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიზნით, ც. პ-ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყეს ფეხები, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და გამოიწვია მისი ჯანმრთელობის სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანება.
2.3. 2024 წლის 19 აპრილს, ღამით, ი. ქ-მ და ა. ფ-მ, განიზრახეს, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ... არსებულ №... საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ც. პ-ს. განზრახვის აღსასრულებლად მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს ც. პ-ს საცხოვრებელ ბინაში და ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისფლება დაზარალებულს, კერძოდ, შეუკრეს ხელები ქამრითა და პერანგით, დასვეს იატაკზე და, დაახლოებით, ერთი საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება.
2.4. 2024 წლის 19 აპრილს, ღამით, ი. ქ-მ და მისმა თანამზრახველმა განიზრახეს, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ... არსებულ №.. საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ც. პ-ს. განზრახვის აღსასრულებლად, მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს ც. პ-ს საცხოვრებელ ბინაში და ყაჩაღობის გაადვილების მიზნით აწამეს დაზარალებული, კერძოდ, ი. ქ-მ და ა. ფ-მ, დაზარალებულს შეუკრეს ხელები ქამრითა და პერანგით და აღუკვეთეს თავისუფლება, ასევე – სახის არეში რამდენჯერმე დაარტყეს ფეხები, დანით დაუსერეს ხელები და ფეხები, თავზე დაასხეს არაყი და სარეცხი საშუალებები, ფეხებთან მიუტანეს ანთებული გაზის ბალონი და ემუქრებოდნენ დაწვით, მოაჭრეს თმა, რათა ც. პ-ს გაეთქვა, სად ინახავდა ფულსა და ძვირფასეულობას. ზემოაღნიშნულ ქმედებებს ი. ქ. და მისი თანამზრახველი ჩადიოდნენ ინტენსიურად, ერთი საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ქ-ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო, რადგან ი. ქ-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ვარაუდები და არა – უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმეში წარმოდგენილი სამხილებით კი დასტურდება, რომ ი. ქ-ს მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები არ ჩაუდენია. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულმა მტკიცებუებებმა და დაკითხული მოწმეების ჩვენებებმა კიდევ უფრო ცხადყო ბრალდების მხარის პოზიციის სისუსტე, რამეთუ, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ი. ქ-ს ბრალეულობას დაამტკიცებდა. მეტიც, არცერთი მოწმე, გარდა დაზარალებულ ც. პ-სა, არ მიუთითებს ი. ქ-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. დაზარალებულის ჩვენებით, თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები, თუმცა ი. ქ. ამოიცნო თვალებით, მაგრამ, იმავდროულად, კატეგორიულად მიუთითა, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ყავისფერი თვალები, მაშინ, როდესაც ი. ქ. არის ციფერთვალება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა ი. ქ-ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:
9. დაზარალებულ ც. პ-ს ჩვენება, რომ – საკუთარი სახლში ყოფნისას თავს დაესხა ორი ნიღბიანი, რომელთაგან ერთი დანით იყო შეიარაღებული, სთხოვდნენ ფულსა და ოქროს. გამეტებით სცემეს ხელებითა და ფეხებით, თავსა და სხეულის სხვადასხვა არეებში, დანით დაუსერეს ხელები და ფეხები, ხელებშეკრული დააგდეს იატაკზე და, დაახლოებით, საათნახევარი, ძალადობდნენ მასზე. ამ დროს შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების თავისუფლება. პერიოდულად ჰკარგავდა გონებას, თუმცა წყალს ასხამდნენ, გონზე მოჰყავდათ და აგრძლებდნენ მის ცემას. განიცდიდა აუტანელ ტკივილსა და ტანჯვას. ანთებული გაზის ბალონით სცადეს მისთვის ფეხებზე ცეცხლის წაკიდება, მაგრამ, გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლეს. თავზე დაასხეს არაყი და სარეცხი საშუალებები, მოაჭრეს თმა. ემუქრებოდნენ სიცოხლის მოსპობით. დაუმტვრიეს ტელეფონები და წასვლისას დაემუქრნენ, პოლიციას თუ შეატყობინებდა, მოჰკლავდნენ. მოგვიანებით ნახა, რომ ჩანთიდან გასტაცეს ნივთები, მათ შორის, მისი და მისი გარდაცვლილი მეუღლის საბანკო ბარათები. მოგვიანებით კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია, რადგან სახის ძვლები ჰქონდა ჩალეწილი. არასოდეს დაავიწყდება მასზე თავდამსხმელების თვალები და, შესაბამისად, უყოყმანოდ შეძლო ამოცნობა – სარწმუნო და დამაჯერებელია, რამეთუ, ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა, რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა ცრუდ ც. პ-ს ესოდენ მძიმე, ძალადობრივ დანაშაულში ი. ქ., რომელსაც დადგენილია, რომ შემთხვევამდე არც კი იცნობდა და, შესაბამისად, მის მიმართ ვერანაირი პირადი დაინტერესება ვერ ექნებოდა.
10. იმავდროულად, საყურადრებოა, რომ დაზარალებულის მონათხრობი თანმიმდევრულია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, მათ შორის, დაზარალებულის დისშვილის, მოწმე თ. ბ-ს ჩვენებით, რომელმაც თავდასხმიდან მალევე ნახა ც. პ., რომელიც იყო მძიმე მდგომარებაში, სახესა და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, დანით ჰქონდა დასერილი ხელ-ფეხი, უჭირდა საუბარი, თუმცა პირველივე კომუნიკაციისას აცხადებდა, რომ ორი ნიღბიანი დაესხა თავს, ფიზიკურად იძალადეს და სთხოვდნენ ფულსა და ოქროულობას. შემთხვევის ადგილი იყო არეული, სისხლიანი, იატაკზე ესხა სარეცხი საშუალებები. დეიდამისს, რომელსაც დაზიანებების გამო დასჭირდა ოპერაცია, ასევე – იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, აწუხებდა შიშები და უძილობა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევიდან მალევე, ც. პ-ს ბინას თვალნათლივ ეტყობოდა ძალადობრივი ქმედებების კვალი და, ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და ამოღებულია, მათ შორის, დაზარალებულზე თავდასხმისათვის გამოყენებული და ასევე – ისეთი ნივთები, რომლებსაც აღენიშნებოდა დანაშაულის კვალი, ასე მაგალითად: წებოვანი და საიზოლაციო ლენტები, სისხლიანი და გაკვანძული ნაჭრის ლენტები, სისხლიანი ხელსახოცები, დანები, მათ შორის, ერთი სისხლიანი, ასევე – სისხლიანი მაკრატელი, მაისური და 5-ლარიანი, დამტვრეული ტელეფონები და ტელევიზორის პულტები, ცარიელი ხელჩანთა, დახეული ხალათი და პერანგი, თმის ღერები, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვები, მათ შორის – სისხლიანი; სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თავდასხმის შედეგად, დაზარალებულ ც. პ-ს სხეულზე აღენიშნებოდა სწორედ იმგვარი ძალადობის კვალი, როგორზეც იგი მიუთითებდა თავის მონათხრობში – თავის ტვინის შერყევა, ქალას ფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა (მარცხენა ჰაიმორის წიაღის წინა, მედიალური და ზედა კედლების, თვალბუდის მედიალური კედლის, ცხვირის გვერდითი ფირფიტისა და სფენოიდური წიაღის წინა კედლის ფრაგმენტულ-ხაზოვანი მოტეხილობები, მარცხნივ ჰაიმორისა და ეთმოიდურ წიაღებში სისხლით და სისხლის კოლტებით, ცხვირის მარცხენა შესავალში სისხლის კოლტებით), ასევე –მარცხნივ, სახის არის (მარცხენა თვალის ქუთუთოების და ვრცელი პერიორბიტალური-შუბლისა და სახის არის) ჰემატომები, მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე სისხლმდენი ჭრილობა, უსწორამსწორო კიდებით და ამავე თვალის სუბკონიუქტივური სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთები კისრის არეში (მარცხნივ), ჰემატომები გულმკერდის წინა ზედაპირზე (გულმკერდის რენტგენოლოგიურ დასკვნაში აღნიშნულია მარცხნივ აქსილარულ ხაზზე მე-7 ნეკნის კორტიკალური შრის საეჭვო ტრავმული დაზიანება), ასევე – მრავლობითი სხვადასხვა ზომის (სისხლმდენი) სწორკიდეებიანი ჭრილობა ორივე ქვედა კიდურის არეში წვივებსა და ბაძაყებზე (ერთ-ერთი ჭრილობა მარცხენა წვივის ქვედა მესამედის არეში, ლატერალურ ზედაპირზე – ღრმა, კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით – გაიკერა). გულმკერდის რენტგენოგრამების შესწავლის შედეგად, მარცხნივ, მე-7 ნეკნის ტრავმული დაზიანება არ დადასტურდა, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შესწავლის შედეგად, დადასტურდა სახის და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობები – აღინიშნება მარცხნივ ჰაიმორის წიაღის წინა, ზედა, მედიალური კედლების (ზედა ყბის ძვალი), ცხვირის ძვლის ფირფიტის, ორბიტის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედები), ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტისა და სოლისებური ძვლის ვენტრალური კიდის (ქალას ფუძე) მოტეხილობები, მარცხნივ პერიორბიტალური კანქვეშა ჰემატომა; დაზიანებები – თავის ტვინის შერყევა, მოტეხილობები, ჰემატომები/სისხლნაჟღენთები, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე და სუბკონიუქტივური სისხლჩაქცევა ამავე თვალში განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობები ორივე ქვედა კიდურის მიდამოში – რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. თავზე არსებული დაზიანებები (თავის ტვინის შერყევა, სახის და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობები, ჰემატომები სახეზე, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე და სუბკონიუქტივური სისხლჩაქცევა ამავე თვალში) ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის თარიღს – 2024 წლის 19 აპრილს. სწორკიდეებიანი ჭრილობები ორივე ქვედა კიდურზე (წვივებსა და ბაძაყებზე) განვითრებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის თარიღს – 2024 წლის 19 აპრილს. აღნიშნულთაგან მარცხენა წვივის ქვედა მესამედის არეში, ლატერალურ ზედაპირზე არსებული ღრმა ჭრილობა (რომელიც გაიკერა), იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დანარჩენი ჭრილობები ასევე მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, თუმცა ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ჭრილობების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო; რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ით მიყენებული დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით: მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირსა და მარჯვენა და მარცხენა სხივ-მაჯის უკანა ზედაპირებზე – რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; საყურადღებოა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია ი. ქ-სა და ა. ფ-საგან აღებული სუნის ნიმუშების; ხაზგასასელია, რომ ი. ქ-ს პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილია ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო პლასტკური ბარათი, რომელიც, „ლიბერთი ბანკდან“ გამოთხოვილი ინფომაციის თანახმად ეკუთვნის მოქალაქე ც. პ-ს (პ/ნ ...), ხოლო აჩიკო ფ-ს პირადი ჩხრეკისას – ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო პლასტკური ბარათი, რომელიც, იმავე „ლიბერთი ბანკდან“ გამოთხოვილი ინფომაციის თანახმად, ეკუთვნის დაზარალებულის გარდაცვლილ ქმარს – ა. ო-ს (პ/ნ ...); მნიშვნელოვანია, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც, ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, ადასტურებს რომ ი. ქ-სა და ა. ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ დაზარალებულისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილ საპენსიო ბარათებზე აღმოჩდა ი. ქ-სა და ა. ფ-ს ბილოგიური მასალისა და დაზარალებულ ც. პ-ს სისხლის კვალი, ისევე, როგორც – ი. ქ-სა და ა. ფ-საგან ამოღებულ ტანსაცმელზე, რომელიც მათ ეცვათ შემთხვევის დღეს; დაზარალებულის დანაშაულის შემდგომ, მძიმე ფსიქოემუციურ მდგომარეობაზე მიუთითებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ც. პ-მა ი. ქ-სა და ა. ფ-ს ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა; აქვე აღსანიშნავია, რომ ც. პ-ს მიმართ, ი. ქ-ნთან ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ლ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით მსჯავრდებულია არასრულწლოვანი ა. ფ.. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ქ-ს მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე