საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2026
საქმის ნომერი
2კ-139აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009612634

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №139აპ-26 ქ. თბილისი

წ. დ., 139აპ-26 9 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. წ-ს ბრალად ედება:

· დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი, პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით;

· მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

· მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

· მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

· მუქარა, ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დ. წ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü დ. წ. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, ქალს, კერძოდ, ხ. ტ-ს არ ჰქონდა მისთვის შეწინააღმდეგების უფლება, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, ყოველთვის უნდა სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი, პირები თუ ვისთან ერთად იყო და რას აკეთებდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას და გადაადგილებას. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 7 თებერვლიდან − 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით პერიოდში, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაამცირა, მისი ნების საწინააღმდეგო ქმედების შესრულება აიძულა და არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, კერძოდ:

2024 წლის 7 თებერვალს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, დ. წ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ტ-ს, ფეხებზე და შემდგომ ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, ასევე, სიგარეტი ჩააწვა მარცხენა ხელის თითზე და ძლიერად ჩააჭირა ფრჩხილი.

2024 წლის თებერვლის ბოლოს, ღამის საათებში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ... მიმდებარედ სასაფლაოს ტერიტორიაზე რამდენიმე წუთი დატოვა მარტო.

2024 წლის 9 მარტს, ... მიმდებარედ, სასტუმრო ...“, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და თმა ძლიერად მოქაჩა.

2024 წლის 13 მარტს, ... ქუჩაზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი ძლიერად მოუჭირა ფეხსა და ხელზე.

2024 წლის 16 მარტს, ... ტერიტორიაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახეში შეაფურთხა და შემდგომ სახეში გაარტყა ხელი, ასევე, ძლიერად მოქაჩა თმა.

2024 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელი მოუჭირა ხელზე, ფრჩხილით მიაყენა დაზიანება ლოყის არეში და სახეში შეაფურთხა.

2024 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, სოფელ ა-ში გადაადგილებისას, თმა ძლიერად მოქაჩა, ერთ ფეხზე გახადა ფეხსაცმელი, შემდეგ აიძულა გადასულიყო ტალახიან ნიადაგზე და აეღო, შემდგომ კი დაძრა მანქანა, რომელსაც დამცირებული ხ. ტ. რამდენიმე ათეული მეტრი მიჰყვებოდა.

2024 წლის 14 აპრილს, ... მიმდებარედ, გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, ასევე, მუშტი ჩაარტყა თავში და ყელში მოუჭირა ხელი, ხოლო, შემდგომ კი სახეში შეაფურთხა.

დაზარალებულმა ხ. ტ-მ, დ. წ-ს მიერ ჩადენილი თითოეული ძალადობის შედეგად, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფით, შეფურთხებითა და დამამცირებელი მოპყრობით, თავი იგრძნო დამცირებულად, განიცადა ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

ü დ. წ., გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიქრობდა, რომ მამაკაცისთვის ქალს, კერძოდ, ხ. ტ-ს არ ჰქონდა მისთვის შეწინააღმდეგების უფლება, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, ყოველთვის უნდა სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი, პირები თუ ვისთან ერთად იყო და რას აკეთებდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას და გადაადგილებას. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. წ. ხ. ტ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა, ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü დ. წ. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიქრობდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, ქალს, კერძოდ კი ხ. ტ-ს არ ჰქონდა მისთვის შეწინააღმდეგების უფლება, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, ყოველთვის უნდა სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი, პირები თუ ვისთან ერთად იყო და რას აკეთებდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას და გადაადგილებას. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 9 მარტს, ... მიმდებარედ, სასტუმრო „...“, დ. წ. ხ. ტ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „გადააგდებდა მეცამეტე სართულიდან“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü დ. წ. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, ქალს, კერძოდ, ხ. ტ-ს, არ ჰქონდა მისთვის შეწინააღმდეგების უფლება, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, ყოველთვის უნდა სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი, პირები, თუ ვისთან ერთად იყო და რას აკეთებდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას და გადაადგილებას. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 16 მარტს, ... ტერიტორიაზე, დ. წ. ხ. ტეფნაძეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა და სიცოცხლეს მოუსპობდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü დ. წ. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან იყო მამაკაცი, ქალს, კერძოდ, ხ. ტ-ს, არ ჰქონდა მისთვის შეწინააღმდეგების უფლება, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა და მხოლოდ მისი ნებართვით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, ყოველთვის უნდა სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი, პირები თუ ვისთან ერთად იყო და რას აკეთებდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას და გადაადგილებას. აღნიშნული მოტივით, 2024 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ... მიმდებარედ, დ. წ. ხ. ტ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოკლავდა, სიცოცხლეს მოუსწრაფებდა“, ხოლო, 2024 წლის 14 აპრილს, ... მიმდებარედ, დ. წ. ხ. ტ-ს კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 იანვრის განაჩენით დ. წ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 9 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 1 აპრილის და 14 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

დ. წ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დ. წ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

გაუქმდა დ. წ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

დ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 17 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, დ. წ-ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, დ. წ-ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდებით, შემდეგი ძირითადი მოტივებით: სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა დაზარალებულ ხ. ტ-ს ჩვენება, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია დ. წ-ს მხრიდან არაერთი ფიზიკური ძალადობის, დამცირების, კონტროლის, მუქარისა და გენდერული ნიშნით განპირობებული მოპყრობის შესახებ; დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე სრულად ვერ აღიდგინა ყველა ფაქტი და თარიღი, რადგან ის იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ძალადობის მრავალჯერადი ხასიათის გამო, ინფორმაციას თანდათან იხსენებდა; კასატორის შეფასებით, დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები, მისი ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან ერთობლივად, ადასტურებდა არა მხოლოდ სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ძალადობას, არამედ − დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას; რაც შეეხება მუქარის ბრალდების ოთხ ეპიზოდს, პროკურორის პოზიციით, დაზარალებულის ჩვენებით, სოციალურ ქსელში მიმოწერებით, დ. წ-ს მიერ მისთვის იარაღების ფოტოების გაგზავნით, უტყუარად დასტურდება, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ დაზარალებულში გააჩინა რეალური და საფუძვლიანი შიში; ასევე, კასატორი სადავოდ ხდის სასჯელის ნაწილსაც და ითხოვს უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. წ-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს დ. წ-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მუქარის ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება შედეგიანი დანაშაულია. შესაბამისად აუცილებელია არა მხოლოდ დამამცირებელი ან არაადამიანური ხასიათის ქმედების დადგენა, არამედ − მისი განსაკუთრებული სიმძიმე, დაზარალებულის ღირსების არსებითი შელახვა, ასევე, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

11. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ყოველგვარი უხეში ან/და ძალადობრივი მოპყრობა ვერ ჩაითვლება არაადამიანურად. მოპყრობა არაადამიანურია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოქცევის ზნეობრივ (მორალურ) წესებს. ძალადობასა (მათ შორის ოჯახურ) და არაადამიანურ მოპყრობას ერთმანეთისგან განასხვავებს ზემოქმედების სიმძიმე და შედეგის ხარისხი, რომელიც ერთ შემთხვევაში, დაკავშირებულია ფიზიკურ ტკივილთან ან ტანჯვასთან, თუმცა თან არ სდევს ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე შედეგი, ხოლო მეორე შემთხვევაში − ძლიერ ფიზიკურ/ფსიქიკურ ტკივილთან ან მორალურ ტანჯვასთან, რაც სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა სცდებოდეს და მსხვერპლში ხანგრძლივ ფიზიკურ ან სულიერ განცდებს უნდა იწვევდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2020 წლის 10 აპრილის N149აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12).

12. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ 2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდში დადასტურებულად მიიჩნია დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად, ტკივილის განცდის ფაქტი, რაც სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დროს, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის ქმედება, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ აღწევდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მინიმალურ ზღვარს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, კერძოდ:

13. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ დაზარალებულ ხ. ტ-ს ჩვენება ფორმალურად ან ფრაგმენტულად შეაფასა. სააპელაციო პალატამ დაზარალებულის ჩვენება დეტალურად და დაწვრილებით გაანალიზა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. პალატამ მიუთითა, რომ ბრალდების ძირითადი ნაწილი სწორედ დაზარალებულის ჩვენებას ეფუძნებოდა, რის გამოც, მისი ჩვენების სანდოობის შემოწმებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. კასატორი მიუთითებს, რომ დაზარალებულმა ფაქტები თანდათან აღიდგინა და სასამართლოში განავრცო გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რაც თავისთავად არ გამორიცხავს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, მაგრამ არც სასამართლოს ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, შეამოწმოს, არის თუ არა მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრული, სანდო და სხვა მტკიცებულებებით საკმარისად გამყარებული. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება რიგ და არსებით საკითხებში არ არის თანმიმდევრული, არადამაჯერებელია და შეიცავს წინააღმდეგობებს, არსებით ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. მაგალითად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხ. ტ-მ სასამართლოში ცალკეული გარემოებები განსხვავებულად აღწერა, კერძოდ, 2024 წლის 16 მარტის ეპიზოდზე, იგი გამოძიებაში მიუთითებდა, რომ ის და დ. წ. ......დან სახლში წავიდნენ, ხოლო სასამართლოში განმარტა, რომ სხვებთან ერთად სხვა მისამართზე წავიდნენ; 2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით კი, დაზარალებულმა არათანმიმდევრულად აღწერა სიგარეტით დაზიანების მიყენების მექანიზმი და განსხვავებულად მიუთითა დაზიანებულ ხელზე, რის გამოც, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია იმის დადგენა, რა ადგილას ჰქონდა მიღებული ხ. ტ-ს დამწვრობა და, საერთოდ, ჰქონდა თუ არა ასეთი დაზიანება; დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკაცია, ხანდაზმულობა და ხასიათი არ არის თანხვდენილი დაზარლებულის მიერ გადმოცემულ გარემოებებთან.

14. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს: დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და დ. წ-თან მიმოწერები არ ადგენს დაზიანებების წარმოშობის ზუსტ დროს, წყაროსა და მსჯავრდებულთან პირდაპირ კავშირს. ფოტოების ნაწილით ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება, აგრეთვე არ დგინდება მათი გადაღების თარიღი, ხოლო მიმოწერები წარმოდგენილია არასრული სახით და არ იძლევა ურთიერთობის სრული კონტექსტის ობიექტურად აღქმის შესაძლებლობას; ამასთან, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მიმოწერის შინაარსი, რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ სისტემატურ და ინტენსიურ დამამცირებელი მოპყრობის გარემოებას, რაც დამატებით აჩენს გონივრულ ეჭვს ბრალდების ვერსიის უტყუარობის მიმართ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს ბრალდების ფორმულირებაში მითითებულ ყველა ეპიზოდს, ხოლო დაზიანებების ლოკაცია, ხანდაზმულობა და ხასიათი არ არის თანხვდენილი ბრალდების დადგენილებაში აღწერილ გარემოებებთან; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადგენს უტყუარ მიზეზობრივ კავშირს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და უშუალოდ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს შორის; დაზარალებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების − ხ. ნ-ს, თ. ტ-სა და მ. ჯ-ს ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, ვინაიდან ისინი უშუალოდ არ შესწრებიან რომელიმე ქმედებას და ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რადგან, მისი შინაარსი არსებითად ეფუძნება იმავე წყაროს – ხ. ტ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას; ამასთან, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის მოწმეების − გ. ხ-ს, შ. ხ-ს, ბ. დ-ს, მ. ხ-სა და ა. გ-ს ჩვენებებიც, რომელთა მიერ აღწერილი გარემოებები არ ადასტურებდა ბრალდების ვერსიას იმგვარად, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნეულიყო დ. წ-ს მიერ მუქარის ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდების ეპიზოდების ჩადენა.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დასაბუთებულად დაასკვნა, რომ დ. წ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 144³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2024 წლის 7 თებერვალს დ. წ-მა ხ. ტ-ს ფეხსა და ხელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16. რაც შეეხება მუქარის ბრალდების ოთხ ეპიზოდს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ ვერც ამ ნაწილში წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მუქარის ეპიზოდებიც, ბრალდება არსებითად ეფუძნებოდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობასა და დამაჯერებლობას, რომლის შინაარსის შესახებ, საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე მიუთითა. გარდა ამისა, დაზარალებულის მიერ განმარტებული შიშისა და მუქარის რეალურობის აღქმა არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილი მიმოწერების შინაარსს (რასაც პროკურორი ბრალდების მადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად იშველიებს) და მსჯავრდებულთან ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. სახელდობრ, მიმოწერების შინაარსიდან იკვეთება, რომ დ. წ-მ დაზარალებულს სათამაშო პისტოლეტის, დანისა და ხელში ხმლით გადაღებული ფოტოები გაუგზავნა, თუმცა, ამავე დროს, დგინდება, რომ ეს ფოტოები არ გაუგზავნია რეალური მუქარის კონტექსტში, ვინაიდან აღნიშნულ მიმოწერებს თან ახლდა სიცილი, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის სახუმარო განწყობა და ურთიერთობის ნორმალური/თბილი ტონი. ამასთან, სავარაუდო მუქარის ეპიზოდების შემდეგ, დაზარალებული კვლავ აგრძელებდა მსჯავრდებულთან კომუნიკაციას, მათ შორის, თბილი შინაარსის მიმოწერას, რაც დამატებით აჩენდა გონივრულ ეჭვს ბრალდების ვერსიის უტყუარობისა და მუქარის რეალურად აღქმის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი მუქარის ოთხივე ეპიზოდი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

19. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დ. წ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი