დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.07.2026
საქმის ნომერი
2კ-44-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226012901698

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№44I-26 ქ. თბილისი

უ. დ./დ. 44I-26 28 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ./დ. უ–ის (D. U.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ყაზახეთის რესპუბლიკაში დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2023 წლის 22 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ა-უს პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება დ./დ. უ–ის (D. U.) ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 პუნქტით (თაღლითობა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

1.2. ეჭვმინატილის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ 2023 წლის 11 ივლისის დადგენილებით, დ./დ. უ–ის (D. U.) ქმედება დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 პუნქტით (თაღლითობა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ორი ეპიზოდი).

1.3. 2023 წლის 11 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ატირაუს პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.

1.4. 2023 წლის 17 ივლისს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ატირაუს სპეციალიზებული საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით, დ./დ. უ–ს (D. U.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

1.5. 2023 წლის 27 ივლისს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ატირაუს პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის დადგენილებით დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

1.6. 2023 წლის 23 ნოემბრიდან დ./დ. უ–ი (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქართველოში დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2026 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ./დ. უ–ი(D. U.).

2.2. 2026 წლის 4 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, დ./დ. უ–ს (D. U.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.3. 2026 წლის 13 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა დ./დ. უ–ის (D. U.) ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.4. ამჟამად დ./დ. უ–ი (D. U.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2022 წლის 27 აგვისტოს, ყ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დ./დ. უ–მა (D. U.) ბოროტად ისარგებლა ი. ტ–ის ნდობით და მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაჰპირდა მას, რომ შეძლო ქ. ა–ში მდებარე ავტოსალონ „....-დან“ „Hundayi Santafe-ისა“ და „Hyundai Centre-ის“ მარკის ავტომობილების მიწოდება. ამ მიზნით, მან დაზარალებულისგან მიიღო 37 620 000 ყაზახური ტენგე, თუმცა, დაზარალებულს არ გადასცა ავტომობილები, რითიც მას მიაყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი 37 620 000 ყაზახური ტენგეს ოდენობით.

3.2. 2023 წლის 12 იანვრიდან - 2023 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, დ./დ. უ–მა (D. U.), იმავე ხერხით, ო. ს–სა და ა. ს–სგან მიიღო 34 890 000 და 46 000 000 ყაზახური ტენგეს ოდენობის თანხა.

4. 2026 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ატირაუს პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის 2023 წლის 11 ივლისის დადგენილებაში დ./დ. უ–ის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 პუნქტით (თაღლითობა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ორი დასრულებული ეპიზოდი), მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ./დ. უ–ის (D. U.) ადვოკატი ნ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებასა და დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. დაცვის მხარის შეფასებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის დ./დ. უ–ის (D. U.) განმარტებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი რელიგიური მრწამსის გამო, მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამინური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სიცოხლის ხელყოფის საფრთხე;

6.2. დაცვის მხარის შეფასებით, ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო დარღვევებს აქვს მასშტაბური და სისტემური ხასიათი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის და რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე. ყაზახეთის რესპუბლიკაში არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი დონე და აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენები.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ./დ. უ–ი (D. U.) 2026 წლის 2 მაისს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:

5.1.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 პუნქტით (თაღლითობა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით;

5.1.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება დ./დ. უ–ს (D. U.) განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

6.2. ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 და 71-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით არის 10 წელი, დ./დ. უ–ის (D. U.) მიერ, ბრალად შერაცხული ქმედებები განხორციელდა 2022 და 2023 წლებში, იმავე წელს, დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი იძებნება ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება დ./დ. უ–ის (D. U.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2026 წლის 28 მაისს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ დ./დ. უ–ი (D. U.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, დ./დ. უ–ი (D. U.) არის ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 28 მაისს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დ./დ. უ–ს (D. U.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად, არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და არ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით ან დამატებითი დაცვით საქართველოში.

9. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ითხოვს დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში, რელიგიური ნიშნის საფუძველზე, სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამინური მოპყრობის საფრთხიდან გამომდინარე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისთვის არ უთითებს რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, ფაქტზე, რაც მიუთითებდა მისი პოზიციის დასაბუთებულობაზე. კასატორი ზოგადად უთითებს რელიგიური ნიშნით/"რელიგიური მრწამსის" გამო წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხეზე, თუმცა გაუგებარია რომელ რელიგიურ კუთვნილებას გულისხმობს. კასატორი ასევე არ უთითებს აღნიშნული "რელიგიური ნიშნის" მქონე პირების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტებზე არც ზოგადად და არც კონკრეტულად ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ. იმავდროულად, კასატორი ზოგადად უთითებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით დგინდება ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი, მათ შორის ჩადენილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ, ასევე რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები, თუმცა კასატორი არ უთითებს არც საერთაშორისო ორგანიზაციას და არც ანგარიშს, შესაბამისად, გაუგებარია რომელ/რომელი ორგანიზაციის ანგარიშს გულისხმობს და რომელ უმცირესობებთან მიმართებით.

11. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში ყაზახეთის რესპუბლიკაში დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; არ დგინდება, რომ დ./დ. უ–ს (D. U.), კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან/და მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე, მიემართა ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე რელევანტური/სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა/შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ დ./დ. უ–ი (D. U.) რაიმე ნიშნით იდევნება ყაზახეთის რესპუბლიკაში და ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის ან/და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე.

11.1. საექსტრადიციო მასალებშიც არ მოიპოვება მტკიცებულება/ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის, წამების ან/და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის რეალურობაზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

12. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, paras. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

12.1. ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ არ განხორციელდება დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. იგი უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა და უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატის მომსახურებით.

13. სასამართლო ითვალისწინებს ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ყაზახეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, par. 344, ECHR, 12/10/2005).

14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (N.A. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

15. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში დ./დ. უ–ის (D. U.) მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ./დ. უ–ის (D. U.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ./დ. უ–ის (D. U.) – ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე