საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №100აპ-26 თბილისი
ჯ-ი მ., 100აპ-26 2 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენით მ. ჯ-ი - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 16 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდები) – 3-3 წლით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდები) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. ჯ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მ. ჯ-ს, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 10 ივლისიდან. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი, ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა განაგრძოს საერთო წესით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. ჯ-მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, ჩადენილი სამი პირის მიმართ; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით, 00:15 საათზე, თ-ში, გ. ა-ის ქუჩის N-- კორპუსის სადარბაზოში იმყოფებოდნენ გ. ძ-ი, გ. ბ-ი და დ. დ-ი, რა დროსაც მ. ჯ-მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მათი მიმართულებით ისროლა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რის შედეგადაც, გ. ძ-მა, გ. ბ-მა და დ. დ-მა სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს მრავლობითი ჭრილობები და გადაყვანილ იქნენ სამედიცინო დაწესებულებაში.
· ასევე, მ. ჯ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი და სროლისათვის ვარგისი, 16 კალიბრის ე. წ. „გადაჭრილი თოფი“, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით, 16:16 საათზე, თ-ში, წ-ში, ე. წ. „ს. ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-ემ. დაცვის მხარე ითხოვს მ. ჯ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან კვალიფიკაციის შეცვლას იმ მოტივით, რომ მ. ჯ-ი თავადაა მსხვერპლი; მას არ ჰქონია ვინმეს მოკვლის განზრახვა და მოქმედებდა თავდაცვით მდგომარეობაში; მას თავს დაესხნენ, რის გამოც მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების, სხვათა მოშორების და არა – მოკვლის მიზნით.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ მ. ჯ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული და რომლებზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად იმსჯელა, თუმცა რამდენიმე მათგანზე საკასაციო სასამართლო მაინც გაამახვილებს ყურადღებას.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ შემთხვევისას მ. ჯ-ს დაზარალებულთა მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და, მისივე სუბიექტური აღქმით, იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ანუ, მისი მოქმედება (ხელყუმბარის მაღლიდან ჩამოგდება და აფეთქება) გამოწვეული იყო თავდაცვის სურვილით, რათა თავდამსხმელებს აღარ ეძალადათ მასზე და დაშლილიყვნენ; მ. ჯ-მა აუცილებელი მოგერიებით სცადა, გადაერჩინა სამართლით დაცული სიკეთე – საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთაც თავდამსხმელები თავიანთი აქტიური ქმედებებით ხელყოფდნენ. საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულების: გ. ძ-ის, დ. დ-ის, გ. ბ-ის, მოწმეების: გ. ბ-ის, ზ. ო-ის, დ. კ-ასა და სხვა ჩვენებები, მოწმე დ. მ-ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, პირის ამოცნობის ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები, ბალისტიკური, პიროტექნიკური, ფიზიკო-ტექნიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური, სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მ. ჯ-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდები), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდები) მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს: ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. თუკი დადგინდება პირის ქმედებაში შესაბამისი დანაშაულის ნიშნების არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის – აუცილებელი მოგერიება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ. სუსგ №424აპ-16). ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის – დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ, ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (სუსგ N527აპ-17).
10. განზრახვასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მ. ჯ-ი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით – მისი ქმედებანი უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულთა სიცოცხლის მოსპობისაკენ. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი (საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან მყოფი პირების სიახლოვეს ხელყუმბარის აფეთქება) და დაზარალებულთა დაზიანებების რაოდენობა და მდებარეობა ადასტურებს იმას, რომ, ინტელექტუალური თვალსაზრისით, ქმედებებიდან გამომდინარე, იგი უცილობლად ითვალისწინებდა შესაძლო შედეგს და სურდა დაზარალებულთა სიკვდილი, რაც, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა დაზარალებულთა სიცოცხლის გადარჩენა) გამო, არ დამდგარა და დანაშაული შეწყდა მცდელობის ეტაპზე. ამასთან, მიზანმიმართულად ხელყუმბარის აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან, რომლითაც, დაზარალებულების გარდა, სხვა პირებიც სარგებლობენ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე უქმნის საფრთხეს სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
11. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ. ჯ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, მ. ჯ-ის მიერ ხელყუმბარის მაღლიდან ჩამოგდება და აფეთქება, რასაც არც თვითონ მსჯავრდებული უარყოფს, და რის შედეგადაც გ. ძ-მა, გ. ბ-მა და დ. დ-მა მიიღეს მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში. ხელყუმბარის ჩამოგდების მომენტში, მართალია, მსჯავრდებულს სიტყვიერად არ დაუკონკრეტებია მკვლელობის განზრახვა, თუმცა სწორედ მ. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს მსჯავრდებულის ქმედებაში დაზარალებულთა მკვლელობის განზრახვის არსებობას.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი “.
13. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ მ. ჯ-სა და, მეორე მხრივ, გ. ძ-ს, გ. ბ-ს, დ. მ-ს, გ. ბ-სა და დ. დ-ს შორის, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მ. ჯ-ი სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე სცემეს, რის შემდეგაც იგი შეიყვანეს კორპუსის სადარბაზოში, უთხრეს, დამშვიდებულიყო და სახლში ასულიყო. ამის შემდეგ, მ. ჯ-ი, მოქმედებდა რა შურისძიების მოტივით, წავიდა, სამალავიდან აიღო თავის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა – „РГД-5“ ტიპის, ქარხნული წესით დამზადებული ხელის მსხვრევადი ყუმბარა, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, ხელყუმბარა მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, ჩადო მინის ქილაში და გადააგდო საცხოვრებელი კორპუსის მე-2-მე-3 სართულების ბაქნიდან კორპუსის სადარბაზოს შემოსასვლელთან, სადაც იმყოფებოდნენ გ. ძ-ი, დ. მ-ი, გ. ბ-ი და დ. დ-ი. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი ჭრილობები მიიღეს გ. ძ-მა, გ. ბ-მა და დ. დ-მა, რომლებიც გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
14. სასამართლოს შეფასებით, აღწერილ ვითარებაში არაფერი მიუთითებს დაცვის მხარის ვერსიის ნამდვილობაზე, რომ მ. ჯ-ი ცდილობდა დაზარალებულებისაგან თავის დაღწევას. არაერთი მტკიცებულებით და თვით მსჯავრდებულის ჩვენებითაც დადგენილი და დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედების (ხელყუმბარის ჩამოგდების) ჩადენისას მ. ჯ-ის გვერდით ან მის სიახლოვეს ის პირები, ვინც ცოტა ხნის წინ მასზე იძალადეს, არ ყოფილან. მ. ჯ-მა თავისუფლად შეძლო შემთხვევის ადგილიდან წასვლა, სამალავიდან ხელყუმბარის აღება, დაბრუნება, ხელყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და მიზანმიმართულად მაღლიდან გადმოგდება სადარბაზოს შესასვლელთან მყოფი ზემოხსენებული პირების სიახლოვეს ისე, რომ არაფერი მიანიშნებდა ამ უკანასკნელთა მხრიდან მ. ჯ-ზე ძალადობის გაგრძელებასა ან რაიმე აგრესიაზე. პირიქით, მათ თვითონვე, ნებაყოფლობით შეწყვიტეს მ. ჯ-ზე ფიზიკური ზემოქმედება, ურჩიეს, დამშვიდებულიყო და წასულიყო სახლში. ამდენად, არ არსებობს თანხვდენილ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში დაზარალებულთა მხრიდან, ობიექტურად, არსებობდა თავდასხმა/თავდასხმის საფრთხე და, სუბიექტურად, მ. ჯ-ს ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით. შესაბამისად, არ არსებობს დასაბუთებული საფუძველი დასკვნისათვის, რომ, კონკრეტულ ვითარებაში, მსჯავრდებული მ. ჯ-ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
15. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ. ჯ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, მ. ჯ-ის მიერ ხელყუმბარის მაღლიდან ჩამოგდება და აფეთქება, რასაც არც თვითონ მსჯავრდებული უარყოფს, და რის შედეგადაც გ. ძ-მა, გ. ბ-მა და დ. დ-მა მიიღეს მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში.
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც მათ სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული, ურთიერთთავსებადია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. შესაბამისად, არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა სწორედ ისეთი ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ მ. ჯ-ის ბრალდების საქმე განიხილა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენაში.
18. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დასდო მსჯავრი მ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 236-ე მუხლის მე-3 (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდები) და მე-4 ნაწილებით (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდები,) რისთვისაც განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
19. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო აგრეთვე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა. არ ვლინდება ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
22. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე