საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100125011640239
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №145აპ-26 15 ივლისი, 2026 წელი
ხაჩიშვილი გიორგი, №145აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გიორგი ხაჩიშვილის ადვოკატის, ირმა ინასარიძის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გიორგი ხაჩიშვილს (დაბადებულს 1991 წლის 17 ივნისს) ბრალად ედებოდა:
1.1.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
1.2. გიორგი ხაჩიშვილის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2025 წლის 21 მაისს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თბილისში, ნასაგურის დასახლებაში, ასლანიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ვაგონში, გიორგი ხაჩიშვილმა სცემა უშანგი მირესაშვილი, კერძოდ, მოქაჩა მაისურზე და ორჯერ ძლიერად დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც უშანგი მირესაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2. 2025 წლის 21 მაისს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თბილისში, ნასაგურის დასახლებაში, ასლანიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ვაგონში, გიორგი ხაჩიშვილმა სცემა უშანგი მირესაშვილი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანით მოაჭრიდა თავს. უშანგი მირესაშვილმა შეძლო თავის დაღწევა, თუმცა გიორგი ხაჩიშვილი გამოვიდა ვაგონიდან და დანის დემონსტრირებით კვლავ მოკვლით დაემუქრა. ზემოაღნიშნული მუქარის შედეგად, უშანგი მირესაშვილს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2025 წლის 22 მაისს, დაახლოებით, 08:30 საათზე, თბილისში, ნასაგურის დასახლებაში, ასლანიშვილის ქუჩის მიმდებარედ, გიორგი ხაჩიშვილი დაემუქრა უშანგი მირესაშვილს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, იქვე მიმალულ უშანგი მირესაშვილს უყვიროდა, რომ მოკლავდა. ზემოაღნიშნული მუქარის შედეგად, უშანგი მირესაშვილს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენით, გიორგი ხაჩიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 21 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 22 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, გიორგი ხაჩიშვილს 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გიორგი ხაჩიშვილს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გიორგი ხაჩიშვილის ადვოკატმა – ირმა ინასარიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
2.3. ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – დავით ხიზანაიძემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ გიორგი ხაჩიშვილის ადვოკატის, ირმა ინასარიძის, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გიორგი ხაჩიშვილის ადვოკატმა – ირმა ინასარიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის აღიარება, ჩადენილი ქმედების მონანიება და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევა, ქვედა ინსტანციის სასამართლომ გიორგი ხაჩიშვილს დაუნიშნა ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციული სასჯელი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება მხოლოდ საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით. ამდენად, რამდენადაც მხარეთა შორის სადავო არ არის გიორგი ხაჩიშვილის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ გიორგი ხაჩიშვილისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობის საკითხზე.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის გიორგი ხაჩიშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.5. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ გიორგი ხაჩიშვილისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, მათ შორის, შემამსუბუქებელი გარემოებები. ამასთან, სასამართლომ სათანადოდ შეაფასა ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, დანაშაულის შედეგად დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დაზარალებულის მკაფიო, თანმიმდევრული და კატეგორიული პოზიცია, რომელიც გიორგი ხაჩიშვილის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებდა. დაზარალებულის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის შედეგად, იგი კვლავ განიცდის მსჯავრდებულის მხრიდან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის რეალურ შიშს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ დანაშაულის შედეგები არ ამოიწურა მხოლოდ მისი ჩადენის მომენტით, არამედ კვლავაც ახდენს არსებით გავლენას დაზარალებულის უსაფრთხოების განცდასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამდენად, დაზარალებულის პოზიცია, სხვა რელევანტურ გარემოებებთან ერთად, წარმოადგენს იმ ფაქტორთა ერთობლიობის ნაწილს, რომელიც სასჯელის ინდივიდუალიზაციის პროცესში სათანადო შეფასებას საჭიროებს. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეფასება ადასტურებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მაღალ ხარისხს და განაპირობებს დასკვნას, რომ დანიშნული სასჯელი შეესაბამება, როგორც ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ისე – სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გიორგი ხაჩიშვილისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
4.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.7. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გიორგი ხაჩიშვილის ადვოკატის, ირმა ინასარიძის, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე