საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №167აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი
მ-ე ლ., №167აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის და მსჯავრდებულ ლ. მ-ის ადვოკატის, ზ. მ-ის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. მ-ეს ბრალად ედებოდა:
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო გასაღების მომზადება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. ლ. მ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
ლ. მ-ემ გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, 9,31 გრამი, რომლიდანაც 4 ცალად დაფასოებული 5,2 გრამი მარიხუანა 2025 წლის 2 მარტს, 17:50 საათიდან 18:20 საათამდე პერიოდში, თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ამოიღეს ლ. მ-ის პირადი ჩხრეკისას, მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან, ხოლო ოთხ ცალად დაფასოებული 4,11 გრამი მარიხუანა, რომელიც გასაღების მიზნით განთავსებული იყო ოთხ ადგილას (გის „-“ მიკრორაიონის--ე კორპუსის მე- სადარბაზოს მე-2 სართულზე; გ-ის მე--მიკრორაიონის - კორპუსის მე--სადარბაზოს მე-2 სართულზე; გ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის პ-ი სადარბაზოს მე-2 სართულზე; გ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის პ- სადარბაზოს მე-3-4 სართულებზე), ამოღებულ იქნა 2025 წლის 2 მარტს, 21:48 საათიდან 23:10 საათამდე პერიოდში, ლ. მ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას.
ლ. მ-ე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის გასაღებისთვის მოემზადა, კერძოდ, სხვადასხვა ადგილას განთავსებისა და შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ოთხ ცალად დაფასოებული, 5,2 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელიც 2025 წლის 2 მარტს, 17:50 საათიდან 18:20 საათამდე პერიოდში, თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ამოიღეს ლ. მ-ის პირადი ჩხრეკისას, მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან.
ლ. მ-ემ 2025 წლის მარტში, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ერთ პაკეტად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 0,767 გრამი ალფა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც გასაღების მიზნით განათავსა თ-ში, გ-ის „-“ მიკრორაიონის --ე კორპუსის მე-- სადარბაზოს მე-5 სართულზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს 2025 წლის 2 მარტს 22:08 საათიდან 22:15 საათამდე პერიოდში, ლ. მ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას.
ლ. მ-ემ 2025 წლის მარტში, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ერთ პაკეტად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 0,767 გრამი ალფა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც გასაღების მიზნით განათავსა თ-ში, გ-ის „-“ მიკრორაიონის --ე კორპუსის მე-- სადარბაზოს მე-5 სართულზე, სადარბაზოს კედელზე, ჩარჩოში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლ. მ-ემ ყველა პირობა შექმნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის, 2025 წლის 2 მარტს, 22:08 საათიდან 22:15 საათამდე პერიოდში, ლ. მ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოიღეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც, ვერ შეძლო მისი გასაღება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
ლ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2025 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ლ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2025 წლის 2 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. მ-ეს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც აეთვალა 2025 წლის 2 მარტიდან.
ლ. მ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:
ლ. მ-ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით: ლ. მ-ემ გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა – 9,31 გრამი. აქედან, 4 ცალად დაფასოებული, 5,2 გრამი მარიხუანა 2025 წლის 2 მარტს, 17:50 საათიდან 18:20 საათამდე, თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ლ. მ-ის პირადი ჩხრეკისას, მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან იქნა ამოღებული, ხოლო ოთხ ცალად დაფასოებული 4,11 გრამი მარიხუანა, რომელიც გასაღების მიზნით განთავსებული იყო ოთხ ადგილას (გის „-“ მიკრორაიონის--ე კორპუსის მე- სადარბაზოს მე-2 სართულზე; გ-ის მე--მიკრორაიონის - კორპუსის მე--სადარბაზოს მე-2 სართულზე; გ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის პ-ი სადარბაზოს მე-2 სართულზე; გ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კორპუსის პ- სადარბაზოს მე-3-4 სართულებზე), ამოღებულ იქნა 2025 წლის 2 მარტს, 21:48 საათიდან 23:10 საათამდე, ლ. მ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას.
ლ. მ-ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო გასაღების მომზადება, რაც გამოიხატა შემდეგით: ლ. მ-ე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის გასაღებისთვის მოემზადა, კერძოდ, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებისა და შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ოთხ ცალად დაფასოებული, 5,2 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელიც 2025 წლის 2 მარტს, 17:50 საათიდან 18:20 საათამდე, თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, ლ. მ-ის პირადი ჩხრეკისას, მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან, ამოიღეს.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ლ. მ-ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ-ს უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტები.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა, ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, მათ შორის, მსჯავრდების ნაწილშიც. მსჯავრდებულის ადვოკატებმა კი, სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა მოითხოვა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ლ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის და მსჯავრდებულ ლ. მ-ის ადვოკატების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ნაზი მირიანაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში გაუქმებას და ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია). აგრეთვე – მის მიმართ უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, მათ შორის, უკვე დანიშნული სასჯელის გამკაცრების გზით. კასატორის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, რადგან ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ აღმოაჩინეს თავად მსჯავრდებულის მითითებით. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას მას არ განუცხადებია რაიმე გარემოების შესახებ, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა ან აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების ფლობასთან კავშირს გამორიცხავდა. კასატორის განმარტებით, წარმოუდგენელია, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ადგილას, ორ სხვადასხვა პირს დამოუკიდებლად განეთავსებინა ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამალავი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, საკმაოდ მაღლა იყო განთავსებული. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ, ნარკოტიკული საშუალების ამოღებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების პროცესში მონაწილე პირებმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცეს. კასატორის განმარტებით, ლ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს, ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
მსჯავრდებულ ლ. მ-ის ადვოკატი – ზ. მ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლას და ლ. მ-ისთვის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის განსაზღვრას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და შემამსუბუქებელი გარემოებანი – ნასამართლობის არქონა, დანაშაულის აღიარება, მონანიება და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა (იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი).
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარემ, თუმცა მათგან არცერთი დავობს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 18,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით ლ. მ-ის მსჯავრდების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, ერთი მხრივ, მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში ლ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობა.
4.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ლ. მ-ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (ალფა-პვპ-ს) უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტებს, რომლებიც, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობას ადასტურებს. პროკურორის განმარტებით, ის გარემოება, რომ ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ამოიღეს სწორედ ლ. მ-ის მიერ მითითებული ადგილიდან, უტყუარად ადასტურებს მის შემხებლობას აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებასთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რადგან მხოლოდ ნივთის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის ფლობა და მისი მითითება, თავისთავად, ვერ ადასტურებს პირის მიერ ამ ნივთის უკანონოდ შეძენის, შენახვის ან გასაღების მცდელობის ფაქტს, თუ აღნიშნული გარემოება არ არის გამყარებული სხვა ობიექტური და სარწმუნო მტკიცებულებებით. განსახილველ საქმეზე დაკითხული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე მოწმეთა ჩვენებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ლ. მ-ემ მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელი, თუმცა არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ მონაცემებს, რომლებიც მისი მხრიდან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის ან გასაღების მცდელობის ფაქტს დაადასტურებდა. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე ლ. მ-ის ბიოლოგიური მასალის არსებობას დაადასტურებდა. შესაბამისად, ადგილსამყოფელის მითითების ფაქტი, სხვა დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ლ. მ-ემ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და სცადა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების (ალფა-პვპ-ს) გასაღება.
4.4. საპირისპიროდ ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. მ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება, რომლის თანახმადაც, მისი საქმიანობა და მოხმარება მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებას – მარიხუანას – უკავშირდებოდა და არა ალფა-პვპ-ს, საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც დასტურდება. კერძოდ, ლ. მ-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ აპლიკაცია „ტელეგრამის“ ჯგუფებში მისი კომუნიკაცია მხოლოდ მარიხუანის შეძენას, შენახვასა და გასაღებას ეხებოდა, ხოლო ალფა-პვპ-სთან დაკავშირებული მიმოწერა ან სხვა სახის ინფორმაცია საქმის მასალებით არ იკვეთება. აღნიშნული გარემოება აძლიერებს ლ. მ-ის განმარტების სარწმუნოობას და, იმავდროულად, ასუსტებს ბრალდების მხარის ვერსიას, რომლის თანახმადაც, ლ. მ-ე ალფა-პვპ-ს უკანონო შეძენას, შენახვასა და გასაღების მცდელობაში მონაწილეობდა.
4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების მონაწილე გამომძიებლების, დეტექტივების, ექსპერტებისა და სხვა პირების ჩვენებები, რასაც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას აღწერს და ვერც ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს წარმომავლობას და ვერც ლ. მ-ის მიერ მის შეძენა-შენახვას და გასაღების მცდელობას ადასტურებს. ამასთან, დაუსაბუთებელია კასატორი ბრალდების მხარის მითითება, თითქოს აღნიშნულ პირთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია, რადგან სააპელაციო სასამართლომ განაჩენში სწორედ ამ ჩვენებებში არსებულ ბუნდოვანებაზე მიუთითა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.6. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ლ. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ამოღებისას შეფუთვასთან დაკავშირებით შენიშვნის ან პრეტენზიის განუცხადებლობა მისი ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად უნდა შეფასდეს. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ისარგებლოს დუმილის უფლებით, ხოლო ამ უფლების გამოყენების მისი ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად შეფასება დაუშვებელია. ამავე პრინციპს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც, ბრალდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, ვინაიდან ბრალდების მტკიცების ტვირთი სრულად ეკისრება ბრალდების მხარეს. შესაბამისად, ბრალდებულის პასიურობა, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას შენიშვნის ან პრეტენზიის განუცხადებლობა, თავისთავად ვერ იქნება გამოყენებული ბრალდების სასარგებლოდ და ვერ ჩაანაცვლებს ბრალდების მხარის ვალდებულებას, წარმოადგინოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებს პირის ბრალეულობას (საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი). მეტიც, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ აღმოიფხვრება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, ლ. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეფუთვასთან დაკავშირებით პრეტენზიის განუცხადებლობას ვერ მიენიჭება მისთვის საზიანო მტკიცებულებითი მნიშვნელობა და ვერ გახდება ბრალდების მხარის მიერ მისი ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურების შემცვლელი გარემოება.
4.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, წარმოუდგენელია, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ადგილას, ორ სხვადასხვა პირს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განეთავსებინა ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამალავი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა, მაღალ ადგილზე მდებარეობდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტი ეფუძნება არა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტურ ანალიზს, არამედ კასატორის სუბიექტურ ვარაუდს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. როგორც უკვე აღინიშნა, ვარაუდი, რომელიც არ არის გამყარებული ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, ვერ გახდება ბრალდების ვერსიის დამადასტურებელი საფუძველი.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დამოუკიდებელი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ლ. მ-ის კავშირს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-სთან. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულოდ ცნობა კანონიერი და დასაბუთებულია.
4.9. რაც შეეხება ლ. მ-ისთვის დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის ინდივიდუალიზაციის ზოგადსავალდებულო კრიტერიუმები და სათანადოდ შეაფასა საქმის ყველა არსებითი გარემოება. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ლ. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ბრალის აღიარება, მონანიება და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა (იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი შეესაბამება, როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ისე – სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი არც გამკაცრება არის მიზანშეწონილი და არც –შემსუბუქება.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის და მსჯავრდებულ ლ. მ-ის ადვოკატის, ზ. მ-ის, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე