საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.07.2026
საქმის ნომერი
2კ-199აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124010351991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №199აპ-26 ქ. თბილისი

გ. ი., 199აპ-26 20 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. გ-სა და დ. ტ-ს ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

ი. გ-სა და დ. ტ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

შპს „....“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელებმა − დ. ტ-მ და ი. გ-მ განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ არაბული კომპანია „....“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რომელსაც სურდა შპს „...“ შეეძინა სხვადასხვა დასახელების 95 ავტომანქანა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დ. ტ-მ და ი. გ-მ, შპს „...“ მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს და 2014 წლის 15 ოქტომბერს გამოწერილი ინვოისების საფუძველზე, კომპანია „...“ შპს „...“ საბანკო ანგარიშზე წინასწარ, მოტყუებით გადმოარიცხვინეს 4 019 500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, არაბულ კომპანიას გაუგზავნეს მხოლოდ 2 022 000 აშშ დოლარის ღირებულების 30 ავტომობილი, ხოლო დარჩენილი ავტომობილები გაასხვისეს სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებზე, რის შედეგადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ „...“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას − 1 997 500 აშშ დოლარს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის განაჩენით:

2.1. ი. გ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. დ. ტ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულებს − ი. გ.-სა და დ. ტ-ს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა, ლევან კოპალიანმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ლევან კოპალიანმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. პროკურორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებდა, რომ ი. გ-მ და დ. ტ-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ლევან კოპალიანის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ი. გ-სა და დ. ტ-ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე