საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100121004817513
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №247აპ-26 ქ. თბილისი
ე. ე., 247აპ-26 15 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ე-მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 21 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ს. ჩ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენა, მოწმე ე. ე-მა, სასამართლოს წინაშე მისცა ცრუ ჩვენება. მან უარყო 2020 წლის 19 ივნისს და 2020 წლის 22 აგვისტოს, გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და განმარტა, რომ ბრალდებულმა, ს. ჩ-მა მას, ი. ზ-ს გადაადგილების მარშრუტის გაგება დაავალა არა შურისძიების მოტივით, არამედ – იმიტომ, რომ მისი ეშინოდა. განმარტა, რომ 2020 წლის 14 ივნისს, ადალათ ჩობანოვის სახლში გაშლილ სუფრასთან, ს. ჩ-ს მკვლელობის თაობაზე არ უსაუბრია, მაშინ როდესაც გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულ სუფრასთან ყოფნის დროს, თავად ს. ჩ-სგან შეიტყო მის მიერ ი. ზ-ს მოკვლის შესახებ. ე. ე-მა ასევე უარყო, მკვლელობის დღეს, 2020 წლის 4 ივნისს მაღაზიიდან გამომავალი ი. ზ-ს ნახვის ფაქტი, რომელიც სოფელ ქვემო ბოლნისში მდებარე ე.წ. ჭალების მიმართულებით მიდიოდა, მაშინ როდესაც გამოკითხვის ოქმებსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მისი ნახვის ფაქტი დაადასტურა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით ე. ე., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ე. ე.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით გამოყენებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას გ. თ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ...
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე. ე-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ ძირითად გარემოებათა გამო: პროკურორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ე. ე.ს მიერ ძირითად საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენება; ე. ე.ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, დგინდება, რომ ძირითად საქმეზე მან უარყო და შეცვალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არა უმნიშვნელო დეტალები, რაც ცალსახად ადასტურებს მის ბრალეულობას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ ე. ე-ვმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
9. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე