საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №253აპ-26 თბილისი
მ-ი ი., 253აპ-26 30 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვალს განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით დევიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ-ს ბრალი დაედო საქართველოს 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ი. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო რაოდენობით – 2,2174 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ (α-pvp)“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა 2025 წლის 28 იანვარს, თ-ში, სოფელი ა-ის ტყის მასივის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
· 2025 წლის 28 იანვარს თ-ში, სოფელი ა-ის ტყის მასივის დასაწყისში, ი. მ-მა გასაღების მიზნით რამდენიმე ადგილზე (ობიექტი №-, ობიექტი №-, ობიექტი №-, ობიექტი №-) განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ (α -pvp)“, საერთო რაოდენობით – 2,2174 გრამი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ი. მ-ი - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 28 იანვრიდან. მსჯავრდებულ ი. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
· ი. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო რაოდენობით – 2,2174 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ (α-pvp)“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა 2025 წლის 28 იანვარს თ-ში, სოფელი ა-ის ტყის მასივის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ პროკურორი დავით დევიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც და ქმედების შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ასევე – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ., იხ. სუსგ: №1012აპ-25, №55აპ-26), არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა და ყველა საკითხი, რომელიც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ძირითად ასპექტებზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები და მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ი. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. საკასაციო პალატა სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ ი. მ-მა დაადასტურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა უარყო და განმარტა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია და არც
მისი გავრცელების მიზანი ჰქონია.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების განთავსება და, განთავსების მიზნით, პირადად ფლობა ავტომატურად არ ნიშნავს მისი უკანონო გასაღების მცდელობის შემადგენლობას. „განთავსება“ არ უნდა იქნეს გაგებული ვიწროდ, მისი პირდაპირი მნიშვნელობით და ის არ უნდა გაიგივდეს ავტომატურად ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან, რადგან დაუშვებელია ერთი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულ ადგილზე განთავსება ან თუნდაც განთავსების მიზნით პირადად ფლობა, მიუხედავად ნარკოტიკული საშუალების ოდენობისა და შეფუთვის მდგომარეობისა (იქნება ეს მცირე, დიდი თუ განსაკუთრებით დიდი ოდენობა), ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაითვალოს გასაღების მცდელობად ან მომზადებად ამ განთავსების მიზეზის, მიზნისა და სხვა ფაქტობრივ გარემოებებათა გათვალისწინების გარეშე.
10. ქმედების სამართლებრივი შეფასების დროს არსებითად მნიშვნელოვანია, დადგინდეს, კონკრეტულ ადგილებზე ნარკოტიკულ საშუალებათა განთავსების დროს ბრალდებულს ამოძრავებდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის თუ, მაგალითად, მხოლოდ შენახვის მიზანი, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავს ბრალდებულის ქმედებაში გასაღების მიზანს. სასამართლომ დეტალურად უნდა შეისწავლოს ყველა ის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ნარკოტიკულ საშუალებათა განთავსებამდე ნარკოტიკული საშუალების განმთავსებელსა და პოტენციურ შემძენს შორის არსებული შეთანხმება, ნარკოტიკულ საშუალებათა განთავსების დროს და განთავსების შემდეგ ნარკოტიკულ საშუალებათა განმთავსებელის მოქმედებები, კერძოდ, კონკრეტული ადგილების მონიშვნა, მათი ამსახველი ფოტოსურათების გადაღება, მისამართებისა და კოორდინატების დეტალური აღწერა, ყოველივე ამის შემდეგ კი – პოტენციური შემძენისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და გასასაღებელი ნარკოტიკული საშუალებების შეძენის დეტალების განხილვა, როგორიცაა: მისი ოდენობა, თრობის ხარისხი, ფასი და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ მიანიშნებდა კონკრეტული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანსა და ნარკოტიკულ საშუალებათა გასაღების მცდელობაზე.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ საქმეში არ წარმოდგენილა და გამოკვლეულა რომელიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ი. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა, უფრო მეტიც, ბრალდებულის ქმედებებმა ვერ მიაღწია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების სტადიასაც კი, მით უმეტეს, მისი ქმედებებით არ განხორციელებულა უმართლობის უფრო მაღალი კომპონენტი დანაშაულის მცდელობის სახით.
12. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ი. მ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ან თუნდაც რაიმე სახის სხვა პირდაპირი მტკიცებულება ფოტოსურათების და მიმოწერის სახით, რომლითაც დადასტურდებოდა ი. მ-სა და ნარკოტიკული საშუალების პოტენციურ შემძენს შორის კომუნიკაციის არსებობა, მსგავსი სახის კომუნიკაციის ამსახველი არცერთი ფოტოსურათი ან თუნდაც მიმოწერა, ე. წ. „სქრინშოთის“ სახით, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ი. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების განთავსების კონკრეტული მისამართები, კონკრეტული ადგილის კოორდინატები და ა.შ.. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ი. მ-ს ნარკოტიკულ საშუალებათა შეძენით დაინტერესებულ პოტენციურ პირთან ესაუბროს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნარკოტიკულ საშუალებებათა შეძენის მიზნით (ი. მ-ის მხრიდან – გასაღების მიზნით), მისთვის შეეთავაზებინოს ნარკოტიკულ საშუალებათა კონკრეტულ ადგილზე განთავსება. სისხლის სამართლის საქმეში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება ი. მ-ის შემოსავლებისა და საბანკო ტრანზაქციების შესახებ, რაც მიანიშნებდა გარკვეულ პერიოდში შეუსაბამოდ მაღალი შემოსავლის მიღებას, მის ზოგად შემოსავლებთან შედარებით, და რაც პოტენციურად იქნებოდა იმის მტკიცების საფუძველი, რომ ბრალდებულმა აღნიშნული შემოსავალი მიიღო უკანონო საქმიანობის შედეგად და, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, შექმნიდა ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა ი. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა. ამასთან, ჩატარებული ექსპერტიზით არ დადგენილა ი. მ-ის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი სურათების წარმომავლობა, ვის მიერ და რომელი მოწყობილობითაა გადაღებული ისინი, გადაღებულია თუ არა ი. მ-ის მობილური ტელეფონით თუ მიღებული იყო სხვა მობილური ტელეფონიდან.
13. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებდა ი. მ-ის მიერ კონკრეტულ მოქმედებათა განხორციელებაზე ნარკოტიკულ საშუალებათა გასაღების მიზნის სისრულეში მოსაყვანად, მიუხედავად ბრალდებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობის, სახეობის, შეფუთვის მდგომარეობისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. მ-ის ქმედებამ ვერ მიაღწია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადების სტადიასაც კი. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დეტალურად გაანალიზების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზანი.
14. რაც შეეხება მოწმეებს: თ. ბ-ს, ა. გ-ეს, ლ. ბ-სა და ლ. ჭ-ეს – ეს პოლიციელები მონაწილეობდნენ ბრალდებულ ი. მ-ის მიმართ და მისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. ამ პირებმა საქმის არსებითი განხილვის დროს დაადასტურეს მათ მიერ ან მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების სისწორე. ი. მ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით კონკრეტულ ადგილებზე განთავსების კუთხით მითითებულ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია (რომლებიც ეფუძნება სხვა პირების (ბრალდებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). შესაბამისად, უშუალოდ ი. მ-ის მიერ გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებათა კონკრეტულ ადგილებზე განთავსების დადგენის თვალსაზრისით, მათი ჩვენებები არ იძლევა ამ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.
15. საკასაციო სასამართლო ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);
16. რამდენადაც ერთადერთი პირი, რომელიც ი. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა ადგილზე გასაღების მიზნით განთავსებაზე უთითებდა, ბრალდებულია, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღების მცდელობაში, მოწმე პოლიციელების სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, ი. მ-ის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა გასაღების მიზნით განთავსებასთან დაკავშირებით, არის ირიბი და ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №- გადაწყვეტილების თანახმად კი, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ გახდება ი. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ამ ირიბი ჩვენებების ინფორმაციის წყარო არის თავად ბრალდებული, რომელმაც საქმის არსებითი განხილვისას არ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ განიხილება იმის უპირობო მტკიცებულებებად, რომ ი. მ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება კონკრეტულ ადგილებზე განათავსა გასაღების მიზნით.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ი. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის კუთხით კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. ამასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. მ-ს, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი გამკაცრების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
19. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, მისი ფუნქცია არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულება, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ის მიიჩნევს, რომ პროცედურული ან მატერიალური კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა და ისინი უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან კონკრეტულ საქმეზე მოწმეთა სანდოობისა და მტკიცებულებათა რელევანტურობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
21. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული თითოული ფაქტობრივი გარემოება თუ მტკიცებულება სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით დევიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე