საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125010822668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №318აპ-26 ქ. თბილისი
ა. თ., 318აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ა-ს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
თ. ა-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 4,41548 გრამი ნარკოტიკული საშუალება − ,,მდმა (3,4 − მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)“, რასაც 2024 წლის 7 დეკემბერს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, ... მიმდებარედ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თ. ა-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აგვისტოს განაჩენით თ. ა., − დაბადებული .. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თ. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თ. ა-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო პოლიციელთა ურთიერთშესაბამისი ჩვენებები, ამოღების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა; სასამართლომ ვიდეოჩანაწერის ან ნეიტრალური მოწმის არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა, რაც პოლიციელთა ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ავტომატურად არ უკარგავს მტკიცებულებით მნიშვნელობას.
6. გამართლებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი თ. ა-ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დადასტურდა თ. ა-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე