საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2026
საქმის ნომერი
2კ-334აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125011889299

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №334აპ-26 3 ივლისი, 2026 წელი

ქ. ვ., 334აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ქ-ს, –დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, დისკრიმინაციის ნიშნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2025 წლის 13 სექტემბერს, .. მდებარე სახოვრებელ ბინაში, ვ. ქ-მ ფიზიკურად იძალადა ა. კ-ზე, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, დისკრიმინაციის ნიშნით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირებისათვის, დაარტყა ხელი სახის არეში.

1.2. 2025 წლის 17 სექტემბერს, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. ქ-მ ფიზიკურად იძალადა ა. კ-ზე, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო საქმიანობას, კერძოდ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, დისკრიმინაციის ნიშნით, დაარტყა ხელი სახის არეში, მუშტი – მუცელში და უჭერდა ხელებს ყელის არეში.

1.3. 2025 წლის 17 სექტემბერს, ... მდებარე სახოვრებელ ბინაში, ვ. ქ-მ ფიზიკურად იძალადა ა. კ-ზე, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ფიზიკური ძალადობის პარალელურად, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, დისკრიმინაციის ნიშნით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირებისათვის, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით – ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2025 წლის 17 სექტემბერს, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. ქ-მ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დისკრიმინაციის ნიშნით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირებისათვის, ა. კ-ზე, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფიზიკური ძალადობისა და მუქარის პარალელურად, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა შეძლო მისგან თავის დაღწევა და დასახმარებლად შემოსულ მეზობელს სთხოვა, დაერეკა სამართალდამცავ ორგანოში, ხელიდან გამოჰგლიჯა მობილური ტელეფონი, რათა არ შეეტყობინებინათ სამართალდამცავებისათვის, იმავდროულად, ა. კ-ს უთხრა, რომ ვერსად დარეკავდა და დატოვა შემთხვევის ადგილი, დაზარალებულის მობილური ტელეფონი კი თან წაიღო.

2. ვ. ქ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2025 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2025 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ქ-მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, თუმცა მსჯავრდებულის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დისკრიმინაციის ნიშნით დანასაულების ჩადენა ვერ დადგინდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო მიქავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ვ. ქ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნინო მიქავამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ვ. ქ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლოა, რამეთუ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნება და ვ. ქ-ს არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელი შეუფარდა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს. მხედველობაშია მისაღები, რომ ვ. ქ-ს ა. კ-ს მიმართ ჩადენილი აქვს, როგორც ძალადობრივი დანაშაულები, ასევე – იძულება და მუქარა, რომელიც განმეორებითი ხასიათისაა და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. დანაშაულების ჩადენის დროს ვ. ქ. იყო პირობით მსჯავრდებული, რაც მის მიერ დანაშაულის განმეორების რისკს ზრდის. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2018 წელსაც იყო გასამართლებული ოჯახური დანაშაულისათვის და, ამდენად, წარსულში მის მიმართ გაოყენებულმა შეღავათბმა ვერ უზრუნველყო სასჯელის პრევენციული მიზანი. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ვ. ქ. ა. კ-ს არ აღიქვამდა თანასწორად, რაც დანაშაულების ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენაზე მიუთითებს და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

11. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რომელთა ჩადენისთვისაც დაედო მსჯავრი; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (დანაშაულის რეციდივი; იძულების ოჯახის წევრის მიმართ ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე და 58-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის წესიდან გამომდინარე, ვ. ქ-ს ჩადენილი დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელები განუსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა, კასატორის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, არ არის დასაბუთებული. პროკურორის მტკიცების კვალდაკვალ, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქმედებებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა და, შესაბამისად, დანაშაულების დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენა, სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით, არ დადგინდა და, ამდენად, შეფარდებული სასჯელების ამ ნიშნით დამძიმებას, არ აქვს კანონიერი გამართლება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე