საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125011587261
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№380აპ-26 ქ. თბილისი
დ. ჟ, 380აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ჟ დ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ჟ დ., დაბადებული, – ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 15 აპრილისეპიზოდი) – ჯარიმა 2500 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა 2500 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 1 მაისის ეპიზოდი) – ჯარიმა 2500 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და ჟ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟ. დ-მა ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა (3 ეპიზოდი); მარიხუანის უკანონო გასაღება (2 ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2025 წლის 15 აპრილს, ... მიმდებარედ, ჟ. დ-მა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 8,71 გრამი, ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი მარიხუანის – შემცველი, 2 ცალად დაფასოებული, მომწვანო, სპეციფიკური სუნის, გამომშრალი მცენარეული მასა – 400 ლარად, უკანონოდ მიასაღა ე. მ-ს, რაც, იმავე დღეს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.2. 2025 წლის 24 აპრილს, ... მიმდებარედ, ჟ. დ-მ მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 9,98 გრამი ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი მარიხუანის – შემცველი, 2 ცალად დაფასოებული, მომწვანო, სპეციფიკური სუნის, გამომშრალი მცენარეული მასა – 400 ლარად, უკანონოდ მიასაღა ე. მ-ს, რაც, იმავე დღეს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. 2025 წლის 1 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ... ჩატარებული, ჟ. დ- ს ... საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 21,99 გრამი ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი მარიხუანის – შემცველი, სპეციფიკური სუნის, მომწვანო მცენარეული მასა.
2.4. 2025 წლის 1 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ... ჩატარებული, ჟ. დ-ს ... საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,43 გრამი, ნარკოტიკული საშუალების –ტეტრაჰიდროკანაბინოლის – შემცველი სპეციფიკური სუნის, მომწვანო და მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჟ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ვ-მ, რომელიც ითხოვდა ჟ დ.ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 13 ნოემბრის დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჟ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ვ-მა, რომელიც ითხოვს ჟ. დ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილთან მიმართებით – სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, ჟ. დ-ს ქმედებებში გამოკვეთილია არა ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ – შეძენაში დახმარების შემადგენლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებით – სასჯელი არის უსამართლო. სასამართლომ, მტკიცებულებების შეფასებისას, არ გამიჯნა დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ეპიზოდები და, როგორც 2025 წლის 15, ასევე – 24 აპრილის შემთხვევასთან მიმართებით, მიმოიხილა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბოლო შეხვედრისას არის გადაღებული. 2025 წლის 15 აპრილს ჩაწერა არ მიმდინარეობდა და ამ ეპიზოდთან მიმართებით, საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება – ე. მ-ს ჩვენება, რომელიც პოლიციელია და დაინტერესებულია საქმის შედეგით. ე. მ-ს განმარტებით, პირველი შეხვედრისას, არ იყო აღჭურვილი, რადგან შეეშინდა, მსჯავრდებულს არ გადაემოწმებინა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეორე შეხვედრაზე ისეთი ავტომანქანით მივიდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობა. ყურადსაღებია, რომ ორივე შეხვედრისას, შორიახლოს იდგნენ პოლიციელები, რომლებიც ვიზუალურად აკვირდებიან ე. მ-სა და ჟ. დ-ს, მაგრამ ამ შეხვედრის დამადასტურებელი არაფერი გადაუღიათ. ე. მ-ს მტკიცებით, ჟ. დ-ს „WhatsApp-ის“ მეშვეობით უკავშირდებოდა, მაგრამ არც ამის მტკიცებულება ყოფილა წარმოდგნილი. სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება აქვს გამახვილებული ვიდეოჩანაწერის იმ ეპიზოდზე, როდესაც ჟ. დ-მ მეორე შეფუთვაც გადასცა ე. მ-ს, რაზეც მსჯავრდებულმა განმარტა, რომ კ. დ-ს თხოვნით შეიძინა მისთვის ერთი შეფუთვა მარიხუანა, ხოლო 2 – თავისთვის, საიდანაც ერთი ამ უკანასკნელს დაუთმო. იმავდროულად, ე. მ. საერთოდ უარყოფს კ. დ-ს არსებობასა და ჟ. დ-თან ურთიერთობაში მის მონაწილეობას, რომლის საპირისპიროდ, ვიდეოჩანაწერი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის შეკითხვაზე, თავად სად იყო, ე. მ. პასუხობს, რომ რაღაც საქმეზე და – მივიდოდა. იმავე ჩანაწერის მიხედვით, ჟ დ. ამბობს, მეორეზე არაფერი უთქვამსო, რაც ადასტურებს მათ ურთიერთობაში მესამე პირის – კ. დ-ს არსებობას, რომელთანაც ჰქონდა შეთანხმება ჟ. დ-ს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან მიმართებით, კასატორი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია 3-წლიანი სასჯელი, როდესაც ეს დანაშაული ისჯება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო მსჯავრდებულმა ფაქტობრივად აღიარა მის სახლში მარიხუანის შენახვა, მხოლოდ გაუგებარი იყო ტეტრაჰიდროკანაბინოლის არსებობა, რამეთუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი – მარიხუანის შემადგენელი ქიმიური ელემენტია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ – ჟ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:
9. 2025 წლის 15 აპრილის ეპიზოდთან მიმართებით, მოწმე ე. მ-ს ჩვენება – რომ 2025 წლის 15 აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მეგობრის სახელით დაუკავშირდა ჟ. დ-ს, უთხრა, რომ მარიხუანის შეძენა სურდა, შეხვდა ... მიმდებარედ და 400 ლარად შეიძინა მისგან 2 შეფუთვა მარიხუანა, რომელიც, თავის მხრივ, წარუდგინა გამომძიებელს – თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი სამხილით, მათ შორის, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ა. გ-ს ჩვენებით, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში უთვალთვალებდა ე. მ-ს და ჟ. დ-ს ზემოაღნიშნულ შეხვედრას და, დაახლოებით, 30 მეტრის მანძილიდან, დაინახა, როგორ გადაუხადა ე. მ-მ ჟ. დ-ს თანხა, რომელმაც იგი გადათვალა და სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება. იმავდროულად, ამ მოწმემ დაადასტურა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ე. მ. მისი თვალთახედვის არედან არ გასულა; საკონტროლო შესყიდვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ ე. მ-ს და ა. გ-ს გადმოცემით, 2025 წლის 15 აპრილს, ე. მ-მა, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გამომძიებლისაგან მიღებული – 400 ლარი, 2025 წლის 15 აპრილს, ... გადაუხადა ჟ. დ-ს, რომელმაც გადასცა მას ორ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მარიხუანა და ისინი დაშორდნენ. ე. მ.ი კი, ... მიმდებარედ, შეხვდა გამომძიებელ ი. გ-ს, რომელმაც ამოუღო მას ორ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2025 წლის 15 აპრილს, 17:40 – 17:55 საათის შუალედში, გამომძიებელმა – ი. გ-მ, ა. გ-ს მონაწილეობით, ... მიმდებარედ, ე. მ-გან ამოიღო ჟ. დ-სგან – 400 ლარად, შეძენილი, ორი პოლიეთილენის, ზიპშესაკრავიანი, გამჭირვალე, მცირე პაკეტი, მასში მოთავსებული მომწვანო, სპეციფიკური სუნის მცენარეული მასით. ოქმზე გაკეთებულია ე. მ-ს შენიშვნა: „ჩემგან ამოღებული ნივთიერება არის მარიხუანა, რომელიც – 400 ლარად, ვიყიდე ჟ. დ-სგან“; ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – ა. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ორ ცალად დაფასოებული უფერო, გამჭირვალე, პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მომწვანო, გამომშრალი მცენარეული მასა – ნარკოტიკულ საშუალება – გამომშრალი მარიხუანაა, საერთო წონით – 8,71 გრამი. დაცვის მხარის მტკიცების კვალდაკვალ, რომ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა 2025 წლის 15 აპრილის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც სანდოობას უკარგავს ყველა სხვა ზემოაღნიშნულ სამხილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაითვალისწინეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა სპეციფიკა, რომელთა წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სწორედ დამნაშავეებში გარკვეული ნდობის მოპოვბაზე და ასევე მოწმე ე. მ-ს ჩვენება, რომ ჟ. დ-თან პირველი შეხვედრისას – 2025 წლის 15 აპრილს, ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი არ ყოფილა, რადგან შეეშინდა, მსჯავრდებულს ეჭვი არ გასჩენოდა და არ გადაემნოწმებინა, თუმცა, იმავდროულად, ამ შეხვედრას უწყვეტად უთვალთვალებდა ოპერატიული თანამშრომელი, რომელმაც ზედმიწევნით დაადასტურა ე. მ-ს მონათხრობი.
10. 2025 წლის 24 აპრილის ეპიზოდთან მიმართებით კი, მოწმე ე. მ-ს ჩვენება – რომ ამჯერად უკვე ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომანქანით შეხვდა ჟ. დ-ს ... მიმდებარედ და გადაუხადა – 400 ლარი, მან კი ერთი პაკეტი მარიხუანის გადაცემის შემდეგ, ჰკითხა, მეორეც ხომ არ უნდოდა და ავტომანქანიდან მიუტანა კიდევ ერთი პაკეტი, რომლებიც, თავის მხრივ, მან კვლავ წარუდგინა გამომძიებელს – ასევე თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი სამხილით, მათ შორის, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ბ. წ-ს ჩვენებით, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში უთვალთვალებდა ე. მ-სა და ჟ. დ-ს ზემოაღნიშნულ შეხვედრას და, დაახლოებით, 20-30 მეტრის მანძილიდან, დაინახა, როგორ გადაუხადა ე. მ-მა ჟ. დ-ს თანხა, მან კი სანაცვლოდ გადასცა ხელთნაქონი ნივთი. იმავდროულად, მოწმემ დაადასტურა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ე. მ.ი მისი თვალთახედვის არედან არ გასულა; საკონტროლო შესყიდვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ ე. მ-სა და ბ. წ-ს გადმოცემით, 2025 წლის 24 აპრილს, მას შემდეგ, რაც ე. მ-ს, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გამომძიებელმა გადასცა – 400 ლარი, იგი ავტომაქანით წავიდა ..., შეხვდა ჟ. დ-ს, რომელმაც გადასცა მას ერთ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მარიხუანა, ე. მ-მ კი სანაცვლოდ – 400 ლარი, რის შემდეგ, ჟ. დ.-მ იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან ამოიღო ერთ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მარიხუანა და მიუტანა ე. მ-ს და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ე. მ. კი, ... მიმდებარედ, შეხვდა გამომძიებელ გ. ქ-ს, რომელმაც ამოუღო მას ორ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მცენარეული მასა; ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2025 წლის 24 აპრილს, 13:35 – 13:50 საათამდე შუალედში, გამომძიებელმა გ. ქა-მ, ბ. წ-ს მონაწილეობით, ... მიმდებარედ, ე. მ-სგან ამოიღო ორ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მცენარეული მასა, რომელიც მან, თავის მხრივ, ... მიმდებარედ – 400 ლარად შეიძინა ჟ. დ-სგან. ოქმზე გაკეთებულია ე. მ-ს შენიშვნა: „ჩემგან ამოღებული ორი პაკეტი მარიხუანა ვიყიდე ჟ. დ-სგან“; ქიმიური ექსპერტიზის № დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ორ ცალად დაფასოებული, პოლიმერული მასალის, გამჭვირვალე, ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული სპეციფიკური სუნის, მომწვანო, გამომშრალი მცენარეული მასა, საერთო წონით – 9,98 გრამი – ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანაა; და ბოლოს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ჟ. დ. ყიდის, ხოლო ე. მ. ყიდულობს მისგან მარიხუანას, მეტიც, ცალსახად იკვეთება ამ პროცესში მსჯავრდებულის აქტიურობა, როდესაც შეხვედრისას, მისალმებისთანავე, გადასცემს ე. მ-ს ნარკოტიკულ საშუალებას, ხოლო თანხის გამორთმევისას, თანხის ოდენობიდან გამომდინარე, უსიტყვოდ ხვდება, რა რაოდენობის მარიხუანის შეძენა სურს ე. მ-ს და სიტყვებით: „ – აა, ორი გინდა?“, სთავაზობს მას დამატებით მეორე შეფუთვას, დაუყოვნებლივ მიდის თავის ავტომანქანასთან და მოაქვს სარეალიზაციოდ გამზადებული კიდევ ერთი შეფუთვით მარიხუანა. შესაბამისად, ე. მ-სა და ჟ. დ-ს ამ კომუნიკაციის შინაარსის სხვაგვარად ინტერპრეტირება, თითქოსდა, მსჯავრდებული მის ნაცნობს – კ. დ-ას, ეხმარება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, მეტად არასარწმუნო და არადამაჯერებელია, ისევე, როგორც მსჯავრდებულის ვერსია, რომ 2025 წლის 15 ივლისსაც არა ე. მ-ს, არამედ იმავე კ. დ-ს შეხვდა და გადასცა მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალების შეძენაში მისთვის დახმარების მიზნით.
11. დაცვის მხარის მტკცების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვებინათ და წარმოედგინათ მტკიცებულებები, გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონოდათ პოზიციები როგორც თავისი, ისე – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებთან მიმართებით. დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, ჩაეტარებინა სასურველი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, დაეკითხა სასურველი მოწმეები, რაც მისი მტკიცებით, ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხა დაცვის მხარის არაერთი მოწმე, სასამართლოსთვის შეთავაზებული ვერსიის კვალდაკვალ, წარმოდგენილი საქმის მასალებს მიხედვით, დაცვის მხარეს არ ჰქონია მცდელობა, მოწმის სახით გამოეკითხა კ. დ., ასეთი პიროვნების არსებობის შემთხვევაში, სულ მცირე, სასამართლოსათვის იმ რწმენის შესაქმნელად, რომ ამ მოწმის იდენტიფიცირება, რეალურად არსებობისა და განსახილველ საქმესთან მისი კავშირის შემოწმება იყო შესაძლებელი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის №920აპ-21 განჩინება, პუნქტი 13). ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერის იმ მონაკვეთთან მიმართებით კი, როდესაც ჟ. დ. ე. მ-ს ეკითხება, სხვა, მესამე პირზე, თავად სად არისო, ხოლო ე. მ. პასუხობს, რომ ალბათ საქმეზე, სავსებით სარწმუნოა მოწმის სახით დაკთხული ე. მ-ს განმარტება, რომ საუბრის ეს სადავო მონაკვეთი, სავარაუდოდ, შეეხებოდა იმ პირს, რომლის სახელითაც დაუკავშირდა იგი მსჯავრდებულს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ დ.ს ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, მისი მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს ამ კუთხით განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
13. სადავო სასჯლთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჟ. დ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის ზომის შემცირება, ჟ დ.ს ქმედებაში გამოკვეთილ, დანაშაულთა სიმრავლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არ არის მიზანშეწონილი.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჟ დ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე