საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2026
საქმის ნომერი
2კ-394აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100122006413879

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№394აპ-26 ქ. თბილისი

ხ. რ., 394აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ხ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2022 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ...., რ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, თმაზე მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. კ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

1.2. 2022 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით, 09:50 საათზე, ..., რ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში, რ. ხ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იყო რა მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მისი ქცევის კონტროლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მ. კ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. რ. ხ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით რ. ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. კ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მომხდარ ფაქტს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა უდავო, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს რ. ხ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა რ. ხ-ს მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა – მ. კ-მ, სასამართლოს არ მისცა ჩვენება რ. ხ-ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილია: 2022 წლის 30 სექტემბრის შეტყობინების მიხედვით, თამრიკო ჩხიკვაძემ შეატყობინა სამართალდამცავებს, რომ ოჯახური კონფლიქტის შედეგად, მ. კ., რომელიც ორსულადაა, ცუდად გახდა და აქვს ნევროზული შეტევა; მოწმეების – თ. ჩ-ს, მ. კ-ს, გ. ჩ-სა და თ. გ-ს გამოკითხვის ოქმები, რ. ხ-სათვის ბრალადწარდგენილ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია, რამეთუ ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს და მისი ბრალეულობის უტყუარად მტკიცების საფუძვლად ვერ გამოდგება, ხოლო მოწმეების – ს. ხ-ს, გ. ქ-სა და ს. ხ-ს გამოკითხვის ოქმები – არაფრისმთქმელი, რამეთუ არცერთი მათგანი არ შესწრებია და არც სმენიათ რ. ხ-ს მიერ ოჯახური ძალადობის თაობაზე; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. კ-ს 2022 წლის 6 ოქტომბერს, სამედიცინო შემოწმებისას, გარეგნულად, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ არეებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია რ. ხ-სათვის წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრის დასადებად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე