დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802226012871055
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №411-26 ქ. თბილისი
დ. ფ., 411-26 23 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. (F.) დ-ს (D.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-სა და გ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. დ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2023 წლის 14 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს ... განაჩენით, ფ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან ერთობლივად 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
იმავე განაჩენით, ფ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N6136 კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
2024 წლის 29 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს მიერ გამოიცა დაკავების ბრძანებები, ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
2024 წლის 3 მაისიდან ფ. დ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2013 წლის 30 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ფ. დ-მ, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად, წინარე პირადი უთანხმოების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ფლობდა და ატარებდა უკანონოდ, ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა თ. ჯ.. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
3. ფ. დ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2026 წლის 19 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. დ..
2026 წლის 20 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ფ. დ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა, 3 თვის ვადით.
2026 წლის 8 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ფ. დ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
ამჟამად ფ. დ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2026 წლის 30 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
ფ. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის ... განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან ერთობლივად 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით;
დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფ. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის N განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N6136 კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის N... განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან ერთობლივად 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით;
დაუშვებლად იქნა ცნობილი ფ. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის N... განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ N6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით (არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ა. გ. და გ. რ. საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ მითითებით, რომ სასამართლომ სრულად გამოიკვლიოს დაცვის მხარის მტკიცებულებები, იმსჯელოს დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობაზე და გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა დამატებითი ინფორმაცია, ან ალტერნატივის სახით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ფ. დ-ს ექსტრადიცია დაუშვებლად ცნოს, შემდეგი საფუძვლებით: კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ განახორციელა ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხზე სრულყოფილი და დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლი; სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები საქმის განხილვის გადადებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მასალების თარგმნისათვის საჭირო დროის მიცემის შესახებ. ამასთან, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომლებიც უკანონოდ ცნო დაუშვებლად; შესაბამისად, სასამართლომ არ გადაამოწმა თურქეთის რესპუბლიკიდან წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე, სანდოობა და ურთიერთშესაბამისობა, არ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია განაჩენის საბოლოობის, მისი აღსრულებადობის, მსჯავრდებულის პროცესში მონაწილეობისა და საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობის შესახებ; აგრეთვე, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით დაცული უფლებების დარღვევის ინდივიდუალური რისკი და წარმოდგენილი გარანტიების ეფექტურობა.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-სა და გ. რ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, მეგი გურჩიანმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს დამატებითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. დ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2026 წლის 19 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობის შესახებ პრეტენზიას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6, მე-61 და მე-6² პუნქტების დანაწესზე, კერძოდ, დასახელებული კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზედაც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს“. ამავე მუხლის მე-61 პუნქტის მიხედვით: ,,საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ“, ხოლო მე-6² პუნქტის შესაბამისად: ,,მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება“.
5. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, 10-დღიანი ვადა წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად მიმართვის შესახებ დაცვის მხარის წინასწარი ინფორმირების გარანტიას, ხოლო ამავე მუხლის მე-6² პუნქტი ადგენს სპეციალურ და იმპერატიულ წესს, რომლის თანახმადაც, მხარეები ვალდებულნი არიან მე-6 პუნქტით დადგენილი შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში, გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენასაც აპირებენ სასამართლოში. მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება დაუშვებელია. ხსენებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რის გამოც, მხარის უმოქმედობით გამოწვეული საპროცესო ვადის დარღვევა, სათანადო ობიექტური სამართლებრივი წინაპირობის გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ და ვერ გამოიწვევს კანონით განსაზღვრული შედეგის გაუვრცელებლობას. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ საპატიო გარემოებას, რომელიც შესაბამისი მასალების დადგენილი წესითა და ფორმის დაცვით წარუდგენლობას გაამართლებდა, კერძოდ:
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამდენად, სასამართლოში გამოსაყენებლად განკუთვნილი უცხოენოვანი დოკუმენტის შინაარსობრივად შეფასება და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მასზე ეფექტიანი პოზიციის მომზადება, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დოკუმენტი წარმოდგენილია სახელმწიფო ენაზე ან მას ერთვის სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
7. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაცვის მხარემ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-6² პუნქტით დადგენილ 5 დღიან ვადაში, ბრალდების მხარეს გადასცა მხოლოდ თურქულენოვანი მასალები, ისე, რომ არ გადაუცია მასალების ქართულ ენაზე დადგენილი წესით ნათარგმნი ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა. კანონით დადგენილ მითითებულ ვადაში ბრალდების მხარეს არ მიეწოდა არც მასალების სრული და არც, თუნდაც იმ ინფორმაციის მცირე, მაგრამ უმთავრესი ნაწილის თარგმანი, რომელზეც დაცვის მხარე საკუთარ არგუმენტებს ამყარებდა. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით დგინდება, რომ ბრალდების მხარის შეტყობინება, დაცვის მხარეს გადაეცა – 2026 წლის 19 ივნისს. თავის მხრივ, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს თურქულენოვანი მასალები გადასცა 2026 წლის 24 ივნისს, ხოლო ადვოკატმა შესაბამის თარჯიმანთა ბიუროს მითითებული მასალების თარგმნის მიზნით, მიმართა იმავე წლის 29 ივნისს. ამავე დროს, დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვერ მიუთითა და საქმის მასალებითაც არ დასტურდება რაიმე ობიექტური, კასატორებისგან დამოუკიდებელი გარემოება, რომელიც კანონით განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელს გახდიდა მასალების თარგმანის თუნდაც მხოლოდ ყველაზე რელევანტური ნაწილის მომზადებას. საქმის მასალებით აგრეთვე დადასტურებულია, რომ ფ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. გ. საქმეში ჩაერთო და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესებს იცავს, საქართველოში მისი დაკავების დღიდან − 2026 წლის 19 მაისიდან. აგრეთვე არ დგინდება, რომ დაცვის მხარემ შესაბამისი მასალები მოიპოვა ან ხელმისაწვდომი გახდა, მხოლოდ კანონით დადგენილი ინფორმაციის გაცვლის ვადის გასვლის ბოლოს. ამდენად, უცხო ენაზე შედგენილი მასალების ბრალდების მხარისათვის მხოლოდ ფორმალურად გადაცემა, ვერ ჩაითვლება ამ ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით გაცვლად.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ დაცვის მხარის მასალები არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი სახით, დაცვის მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, არ დაუკონკრეტებია მასალების წარმომავლობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, კერძოდ, რა წყაროდან და როდის იქნა მოპოვებული, რომელი ორგანოს ან პირის მიერ იყო შედგენილი ან გამოცემული. დაცვის მხარემ მხოლოდ ზოგადად განმარტა, რომ აღნიშნული მასალები თურქეთის რესპუბლიკაში ფ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მეხსიერების ბარათის მეშვეობით მიაწოდეს.
9. აღნიშნულზე დაყრდნობით, უცხოენოვანი მასალების სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე სათანადო სახით არგაცვლის გამო, მათი სასამართლოში გამოყენების დაუშვებლად მიჩნევა, არ წარმოადგენს დაცვის უფლების შეზღუდვას. აგრეთვე უსაფუძვლოა კასატორთა მიერ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის დარღვევაზე მითითებაც, ვინაიდან აღნიშნული პრინციპები მხარეს აძლევს მტკიცებულებების მოპოვების, წარდგენისა და მათზე მსჯელობის შესაძლებლობას, თუმცა არ ათავისუფლებს კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადისა და ფორმის დაცვის ვალდებულებისგან.
10. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები არასრული და ურთიერთშეუსაბამოა, არ შეიცავს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად საჭირო საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ ინფორმაციას, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტები სათანადო კრიტიკული შეფასების გარეშე გაიზიარა და დამატებითი მასალების გამოთხოვის აუცილებლობაზე არ იმსჯელა.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის” მე-12 მუხლი მოითხოვს აღსასრულებელი განაჩენის ან შესაბამისი ორდერისა და დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი აღწერის შემცველი ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენას. განსახილველ საქმეში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებულია 2023 წლის 14 თებერვლის №... განაჩენი, მისი აღსრულების მიზნით გამოცემული დაკავების ბრძანება, პირის იდენტიფიკაციისა და ძებნის მონაცემები, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა და შესაბამისი სამართლებრივი ინფორმაცია. წარმოდგენილი მასალები, მათი ერთობლიობით, სრულად საკმარისია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
12. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა ექსტრადიციის სამართლებრივი წინაპირობების შემოწმებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ დასახელებული საკითხები ვერ ასაბუთებს, რომელი არსებითი გარემოება დარჩა გაურკვეველი და როგორ შეეძლო მას საქმის შედეგზე გავლენის მოხდენა. საკასაციო სასამართლო მითითებულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, ფ. დ-ს ექსტრადიცია მოთხოვნილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის N... განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით, და, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობა სწორედ აღნიშნული ოფიციალური მოთხოვნის ფარგლებში შეაფასა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ფ. დ-ს ექსტრადიცია დასაშვებად არის ცნობილი მხოლოდ იმ დანაშაულისათვის და იმ სამართლებრივ ფარგლებში, რომლებიც დასახელებულია საქართველოსთვის წარმოდგენილ ოფიციალურ მოთხოვნაში. თუ თურქეთის რესპუბლიკა სამომავლოდ, პირის ექსტრადიციას მოითხოვს სხვა სამართლებრივი მიზნითა და საფუძვლით, ან სხვა დანაშაულისთვის, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ამასთან, საექსტრადიციო მასალებში არსებული ცალკეული ტექნიკური ან სარედაქციო უზუსტობა, რომელიც არ ცვლის პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, დანაშაულის არსს, მსჯავრდების ფაქტს, სასჯელის სახესა და ექსტრადიციის მიზანს, ვერ გახდება ოფიციალური საექსტრადიციო მოთხოვნის უგულებელყოფის საფუძველი. შესაბამისად, კასატორების არგუმენტი, სასამართლოს არ აძლევს საფუძველს, რომ წარმოდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არასაკმარისად მიიჩნიოს და გამოითხოვოს დამატებითი მასალები.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
14. დაცვის მხარის განმარტებები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მის მიმართ არსებობს ხელისუფლების, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა სუბიექტის მხრიდან კონკრეტული, დასაბუთებული და რეალური საფრთხე. საექსტრადიციო მასალებით არ დასტურდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წარსულში წამების, მუქარის, დევნის ფაქტი ან სხვა ისეთი გარემოება, რომელიც რეალურ რისკს დაადასტურებდა და სახელმწიფოსათვის დამატებითი ეჭვების გაფანტვის ვალდებულებას წარმოშობდა; აგრეთვე არ არის წარმოდგენილი მონაცემები იმის თაობაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა წარსულში უარი თქვეს მის დაცვაზე, ან ობიექტურად ვერ შეძლებენ შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფას და, რომ ფ. დ-ს პატიმრობის პირობებში, მისი უსაფრთხოების ზომები ვერ იქნება სათანადოდ დაცული.
15. მითითებულიდან გამომდინარე, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ისეთი რეალური, კონკრეტული და სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთებული საფრთხე, რომელიც პირის ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის საფუძვლიან რისკს წარმოშობს. მხოლოდ წარსულში მომხდარ ინციდენტზე ზოგადი მითითება, დამატებითი კონკრეტული გარემოებებისა და მტკიცებულებების გარეშე, ამგვარი საფრთხის არსებობას არ ადასტურებს.
16. აგრეთვე, მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
17. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
18. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილია სარწმუნო და კონკრეტული გარანტიები, რომელთა მიხედვით, ფ. დ-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის, აგრეთვე, ექსტრადიციის შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ფ. დ-ს უფლებები სრულად იქნება დაცული. თავის მხრივ, ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). ამავდროულად, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გარანტიები უნდა იყოს სარწმუნო შესაბამისი გარემოებების მხედველობაში მიღებით (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188; Sultanov v. Russia, no. 15303/09, ECHR, 73). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მონაცემი, რომელიც ამ გარანტიის შესრულების შეუძლებლობაზე ან არასარწმუნოობაზე მიუთითებდა.
19. მოცემულ საქმეში თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების სარწმუნოობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცალკეულ საქმეებზე მსგავსი გარანტიების სარწმუნოობის სათანადო ინდიკატორებად იქნა მიჩნეული: გარანტიები საჯაროა და ხელმისაწვდომია, ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის (Ryabikin v. Russia, no. 8320/04, ECHR, 119, Muminov v. Russia, no. 42502/06, ECHR, 97); გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი და ბუნდოვანი (Klein v. Russia, no. 24268/08, ECHR, 55); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR); გარანტიები გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR); Gasayev v. Spain, App no. 48514/06, Decision, ECHR); ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR); ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07,ECHR, 63).
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ, მართალია, ფ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს, უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა აღნიშნული სასჯელი არ იქნება შეუქცევადი, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის N5275 კოდექსის 107-ე მუხლის და თურქული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, 30 წლის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია უვადო პატიმრობა, შეიცვალოს პირობითი მსჯავრით. გარდა აღნიშნულისა, პირობითი მსჯავრის ქვეშ პირის გათავისუფლების საკითხი იხილება მის მიერ სასჯელის მოხდის სხვადასხვა ეტაპზე და ასევე მსჯავრდებულს გააჩნია უფლებამოსილება მიმართოს შესაბამის სასამართლოს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით. უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის მითითებული სტანდარტი და ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი ამ დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, თავსებადია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან (Čalovskis v. Latvia, App no 22205/13, Judgment, ECHR).
21. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის ფ. დ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობას და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია, ხომ არ არსებობდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული უფლების აშკარა და ფუნდამენტური დარღვევის რისკი.
22. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის სამართალწარმოებაში კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების სტანდარტი არ გულისხმობს მომთხოვნ სახელმწიფოში ჩატარებული სისხლის სამართლის საქმის ხელახალ განხილვას, განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივ შემოწმებას ან მტკიცებულებების ხელახალ შეფასებას.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს, ან მისი არსის განადგურებას ახდენს.
25. განსახილველ შემთხვევაში, მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მისი აღსრულების მიზნით გამოცემული დაკავების ბრძანება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფ. დ. ინფორმირებული იყო მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების შესახებ და ექსტრადიციის ქვემდებარე ქმედებებთან დაკავშირებით მიცემული ჰქონდა თავდაცვითი ჩვენება. საქმის მასალები არ მიუთითებს, რომ სამართალწარმოება მისი ინფორმირების გარეშე, დაცვის განხორციელების შესაძლებლობის გამორიცხვით, ან სხვა აშკარა დარღვევით მიმდინარეობდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხე, შეაფასა სწორედ კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი „აშკარა დარღვევის“ სტანდარტის ფარგლებში და მართებულად დაადგინა, რომ მითითებული რისკი, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 1 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. (F.) დ-ს (D.) ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. გ-სა და გ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 1 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე