საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100125011613403
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №265აპ-26 ქ. თბილისი
ბ. ა. 265აპ-26 7 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ბ–ისა და რ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ–ს, – პირადი ნომერი: ............., – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.1.1. ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1.1.1. ა. ბ–მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება 5F-MDMB-PINACA-ს (5F-ADB) შემცველი მცენარეული მასა საერთო წონით – 571,52 გრამი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) საერთო წონით – 73,173344 გრამი, საიდანაც 15,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება 5FMDMB-PINACA-ს (5F-ADB) შემცველი მცენარეული მასა უკანონო რეალიზაციის მიზნით დააფასოვა და განათავსა ქ. თ–ში, ო–ს დასახლებაში, სადისტრიბუციო კომპანია ,,დ.... ჯ.....ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამანქანო გზიდან მარცხენა მხარეს, რაც ამოიღეს 2025 წლის 8 მაისს ა. ბ–ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებისას, ხოლო 352,1 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 5F-MDMB-PINACA-ს (5FADB) შემცველ მცენარეულ მასას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე) საერთო წონით – 73,173344 გრამს ინახავდა ქ. თ–ში, უ–ს ქუჩა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რაც ამოიღეს 2025 წლის 8 მაისს აღნიშნულ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. ასევე, 204,21 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 5F-MDMB-PINACA-ს (5F-ADB) შემცველ მცენარეულ მასას ა. ბ–ი 2025 წლის 8 მაისს უკანონოდ ინახავდა ქ. თ–ში, ს–ს რაიონი, ...... ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის სარგებლობაში არსებულ ,,Audi-ის“ ფირმის ავტომანქანაში სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ....... აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ზემოხსენებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით;
1.2.1. ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.2.1.1. ა. ბ–მა უკანონოდ შეიძინა 15,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება 5FMDMB-PINACA-ს (5F-ADB) შემცველი მცენარეული მასა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. მან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შემდგომი რეალიზაციის მიზნით დააფასოვა და განათავსა ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, სადისტრიბუციო კომპანია ,,დ.... ჯ.....ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამანქანო გზიდან მარცხენა მხარეს. დანაშაულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნის მიუხედავად, მის მიერ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ვინაიდან, ზემოხსენებული 15,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება 5FMDMB-PINACA-ს (5F-ADB) შემცველი მცენარეული მასა ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა. ბ–ის მონაწილეობით 2025 წლის 8 მაისს, ქ. თ–ში, ო–ს დასახლება, სადისტრიბუციო კომპანია ,,დ.... ჯ.....ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამანქანო გზიდან მარცხენა მხარეს ჩატარებული ამოღების შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენით ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 18,2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
2.4. ა. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2025 წლის 8 მაისიდან.
2.5. ა. ბ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ. ბ–ემ და რ. მ–ემ. აპელანტებმა მოითხოვეს, ა. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით – ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ. ბ–ემ და რ. მ–ემ. კასატორები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა ა. ბ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
8.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია/ა. ბ–ის მსჯავრდება. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულისთვის კანონმდებელი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის მე-4 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
11. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 18,2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით), სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
12. კასატორის მოთხოვნასთან – მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება – დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
12.1. კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
13. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ა. ბ–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას/ჩადენისთანავე, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და ითვალისწინებს, რომ:
13.1. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. დეტექტივ ა. ბ-ს პატაკით დგინდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ა. ბ–ი პირადად, ავტომობილში და საცხოვრებელ სახლში ინახავს უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას (ტ. N1-2);
13.2. პირადი ჩხრეკის 2025 წლის 8 მაისის ოქმის თანახმად, ა. ბ–ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს ფული და მობილური ტელეფონი (ტ. N1; ს.ფ. 11-13);
13.3. ავტომობილის ჩხრეკის 2025 წლის 8 მაისი ოქმის თანახმად, ,,Audi-ის“ ფირმის ავტომობილიდან ამოიღეს, მათ შორის, მცირე წონაკებად დაფასოებული მცენარეული ნივთიერება (ტ. N1; ს.ფ. 30-32);
13.4. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2025 წლის 8 მაისი ოქმის თანახმად, ა. ბ–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს დაფასოებული მცენარეული ნივთიერება და მოთეთრო კრისტალური და ფხვიერი ნივთიერებები, ასევე – ელექტრო სასწორი, საიზოლაციო ლენტი და სხვა (ტ. N1; ს.ფ. 65-68);
13.5. ბრალდებულის დაკავების 2025 წლის 8 მაისის ოქმის თანახმად, ა. ბ–ი დააკავეს სასამართლო განჩინების გარეშე, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას/ჩადენისთანავე (ტ. N1; ს.ფ. 39-43);
13.6. ბრალდებულის გამოკითხვის 2025 წლის 8 მაისის ოქმის თანახმად, ვიდრე პოლიციის თანამშრომლები შეაჩერებდნენ, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ,,ბიო“, რომლის მითითებაც შეუძლა (ტ. N1; ს.ფ.46-48);
13.6.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2025 წლის 8 მაისის ოქმის თანახმად, ა. ბ–მა მიუთითა კონკრეტული ადგილი, სადაც განათავსა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ტ. N1; ს.ფ. 49-53)
13.7. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში, ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენისას/ჩადენისთანავე წასწრებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 18,2603-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ საგამოძიებო ორგანოებისთვის ცნობილი გახდა თავად ა. ბ–ისაგან (გამოკითხვის 2025 წლის 8 მასისი ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 46-48), საგამოძიებო ექსპერიმენტის 2025 წლის 8 მასისი ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 49-53)). შესაბამისად, ამ ეპიზოდთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია პირის დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრების ფაქტს.
13.7.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. ბ–მა 2025 წლის 1 ივლისს წინასასამართლო სხდომაზე (13:44:50), ასევე – პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მოსამართლის შეკითხვაზე წარდგენილ ბრალდებაში ცნობს თუ არა დამნაშავედ განმარტა, რომ იყენებს დუმილის უფლებას (2025 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმი:14:00:42; ტ. N2; ს.ფ. 69-74). შესაბამისად, ა. ბ–ის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის აღიარებად და გამოძიებასთან თანამშრომლობად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
13.8. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის №878აპ-22 განჩინება; 2023 წლის 30 ივნისი №444აპ-23 განაჩენი).
14. ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორების მოთხოვნა ა. ბ–ის მიმართ სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
15. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
16. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ბ–ისა და რ. მ–ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე