საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100125011324204
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №340აპ-26 ქ. თბილისი
ე. ა. 340აპ-26 8 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ე–ს, – პირადი ნომერი: ..........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;
1.2. ა. ე–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2025 წლის 3 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ნ–ში, ჰ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი ა. ე–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) მეუღლეს – ა. ე–ს. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და დაწვავდა, რაზეც ა. ე–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 29 იანვრის განაჩენით ა. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ე–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ა. ე–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა. კასატორი ითხოვს ა. ე–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მოითხოვა ა. ე–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
9.1. შესაბამისად, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა ა. ე–მა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა, უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).
10.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში, ყოველგვარი არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, ზოგადად უთითებს, მტკიცებულებათა ჩამონათვალს (მათ შორის, შინაარსობრივი მხარის გარეშე), რის შემდეგაც ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ა. ე–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
11. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ჩამონათვალის შემდგომ, კასატორი ბრალდების მხარე უთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ, ვინაიდან ,,მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, არ ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას”.
11.1. სასამართლოსათვის გაუგებარია, კონკრეტულად რომელი ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციაზე მიუთითებს ბრალდების მხარე და რა თვალსაზრისით მიაჩნია იგი მცდარად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენით პირი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ, ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია შესაძლოა სადავო გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული განაჩენით პირი დამნაშავედ არის ცნობილი მაგრამ სასამართლომ პირის მიერ ჩადენილ ქმედებას განსხვავებული (პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული კვალიფიკაციისაგან განსხვავებულ) სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა. მოცემულ შემთხვევაში, პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დაუდასტურებლობისა და მისი გამართლების პირობებში, მის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხზე დავა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ე–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ე–ის გამართლება განაპირობა.
12.1. კასატორი ა. ე–ი გამართლების უკანონობის დასაბუთებისათვის უთითებს 2025 წლის 3 მარტის შეტყობინებაზე (მაშინ როცა, მართალია ინიციატორმა – ა. ე–მა სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112- ს“ შეატყობინა საცხოვრებელი მისამართი და ითხოვა პოლიცია (ასევე, ითხოვა, რომ არ დაკავშირებოდნენ), თუმცა შეტყობინება არ შეიცავს მითითებას არათუ მუქარის, არამედ – რაიმე სახის კონფლიქტის არსებობაზეც კი), საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებზე (ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე, რომელ საგამოძიებო მოქმედებას გულისხმობს კასატორი) და ,,მასში მონაწილე“ მოწმეების (ასევე კონკრეტიზაციის გარეშე) გამოკითხვის ოქმებზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები უთითებე/ მათში მონაწილე პირების მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებებია. არც ერთი აღნიშნული მოწმის ჩვენება არ არის პირდაპირი ხასიათის, ვინაიდან მოწმეები ინციდენტის – ა. ე–ის მიერ ა. ე–ის მიმართ მუქარის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);
12.2. ამასთან, დაზარალებულმა ა. ე–მა, ასევე მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა: გ. ე–მა, ვ. ე–მა და ე. ე–მა, ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილი მეუღლის/მამის) – ა. ე–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12.3. კასატორი არ უთითებს არცერთ პირდაპირ/გარემოებით მტკიცებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმს და მიუთითებდა იზოლირებულად ან სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ა. ე–ის მიერ სადავო დანაშაულის ჩადენაზე. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ა. ე–ის მიმართ სადავო მუქარის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
15.1. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).
15.2. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
15.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება ა. ე–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
16. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
17. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი, ა. ე–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე