საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.09.2026
საქმის ნომერი
2კ-410აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010100125011983667

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №410აპ-26 ქ. თბილისი

ბ. მ. 410აპ-26 9 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–ს, – პირადი ნომერი: ............, – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი).

1.2. მ. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. 2025 წლის 20 სექტემბერს, ღამის საათებში, ბ–ში, .... ქუჩა №.., ბინა N..-ში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მ. ბ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ბ–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.2. 2025 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ–ში, .... ქუჩა №.., ბინა N..-ში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მ. ბ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ბ–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.3. 2025 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბ–ში, .... ქუჩა №.., ბინა N..-ში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მ. ბ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ბ–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.4. 2025 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბ–ში, ..... ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მ. ბ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ბ–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.5. 2025 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 16:15 საათზე, ბ–ში, .... ქუჩა N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მ. ბ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. მ. ბ–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით მ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით ( 5 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

2.1. მ. ბ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მ. ბ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა მ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მუხლის სანქციით განსაზღვრული მაქსიმალური ზომის სასჯელის დანიშვნა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ თორნიკე გოგეშვილმა. კასატორი ითხოვს მ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მოითხოვა მ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნა.

10.1. შესაბამისად, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა მ. ბ–იმ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული/ები.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. ბ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ბ–ის გამართლება განაპირობა.

12. კასატორი მ. ბ–ის გამართლების უკანონობის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმე გ. ა–ის (დეტექტივი) გამოკითხვის ოქმზე, რომელიც ირიბი მტკიცებულებაა, შემაკავებელ ორდერზე, სადაც ასახულია დაზარალებულის (რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კასატორი არ უთითებს არცერთ პირდაპირ/გარემოებით მტკიცებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმს და მიუთითებდა იზოლირებულად ან სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მ. ბ–ის მიერ სადავო დანაშაულების ჩადენაზე. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, 2025 წლის 7 ნოემბრის შეტყობინება და შემაკავებელი ორდერი) საკმარისია მ. ბ–ის მიმართ სადავო მუქარის ეპიზოდში/ებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან, ერთი მხრივ, დაზარალებულმა მ. ბ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის) – მ. ბ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის/ების ჩადენა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი (პირდაპირი ან/და გარემოებითი) მტკიცებულებით, კერძოდ:

13.1. მოწმე გ. ა–ის (დეტექტივი) უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმი, რომლებზეც კასატორი უთითებს საკასაციო საჩივარში, არის ირიბი, რადგან იგი ინციდენტის/ებს – მ. ბ–ის მიერ მ. ბ–ის მიმართ მუქარის/ების – შემსწრე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია გადმოცემით იცის დაზარალებულისგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

13.2. იმავდროულად, შემაკავებელ ორდერსა და მისი ოქმთან (სადაც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2025 წლის 20 სექტემბერს, 5 ნოემბერს და 7 ნოემბერს მ. ბ–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) მიმართებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია, შემაკავებელი ორდერი უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის დაზარალებული, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N661აპ-25 განჩინება), რის გამოც დაცვის მხარეს არ მიეცა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის, აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს (დაზარალებულის) დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში.

14. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).

14.1. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

14.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მ. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის/ების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

15. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი, მ. ბ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე