დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.09.2026
საქმის ნომერი
2კ-46-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226013031178

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№46I-26 ქ. თბილისი

ტ-ი ა, 46I-26 1 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი –

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ტ-ისა (A. T-v) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. წ-ის, თ. კ-ასა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ტ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით ა. ტ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს;

2025 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2025 წლის 16 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში;

2026 წლის 8 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. ტ-ის ექსტრადიციის თაობაზე და დანართი მასალა;

2026 წლის 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. ტ-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 2026 წლის 8 ივნისამდე;

2026 წლის 25 მარტს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები ა. ტ-ის ექსტრადიციის საქმეზე;

2026 წლის 17 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია ა. ტ-ის ექსტრადიციის საქმეზე;

2026 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები ა. ტ-ის ექსტრადიციის საქმეზე;

2026 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ა. ტ-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 2026 წლის 8 სექტემბრამდე;

2026 წლის 22 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია ა. ტ-ის ექსტრადიციის საქმეზე;

2. ა. ტ-ის მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

რუსეთის ფედერაცია ა. ტ-ის ექსტრადიციას ითხოვს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის: 209-ე მუხლის მე-2 ნაწილი (შეიარაღებულ დაჯგუფებაში (ბანდაში) მონაწილეობა); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები (ორი ან მეტი პირის მკვლელობა, ჩადენილი საყოველთაოდ საშიში ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები (მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 222-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).

2014 წლის 27 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სამმართველოს დადგენილებით ა. ტ-ი ბრალდებულად იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის: 209-ე მუხლის მე-2 ნაწილი (შეიარაღებულ დაჯგუფებაში (ბანდაში) მონაწილეობა); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები (ორი ან მეტი პირის მკვლელობა, ჩადენილი საყოველთაოდ საშიში ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები (მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 222-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).

2014 წლის 28 თებერვალს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ჩერკესკის საქალაქო სასამართლომ გასცა ა. ტ-ის დაპატიმრების დადგენილება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

3. ფაქტები:

რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატება შემდეგით:

2002 წლიდან 2013 წლის ოქტომბრამდე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე, ა. ტ-ი მოქმედებდა რა ა. ბ-ის მიერ შექმნილი და ხელმძღვანელობით არსებული მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში, განზრახ მონაწილეობდა აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობაში. ა. ტ-ი აცნობიერებდა ბანდის არსებობას, მის სტრუქტურას, შეიარაღებულ ხასიათსა და დანაშაულებრივ მიზნებს, მათ შორის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმების განხორციელებას, და ნებაყოფლობით შეუერთდა აღნიშნულ დაჯგუფებას. ბანდის საქმიანობის ფარგლებში, ა. ტ-მა, სხვა წევრებთან წინასწარი შეთანხმებითა და როლების განაწილებით, მონაწილეობა მიიღო არაერთ მძიმე დანაშაულში, მათ შორის 2003 წლის 25 აგვისტოს ა. ბ-ისა და რ. ა-ის მკვლელობაში, ასევე 2007 წლის 8 იანვარს ა. დ-ის მკვლელობაში, რომლებიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ასევე, ბანდის საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ა. ტ-ის თანამონაწილეობით მოქმედმა ბანდის სხვა წევრებმა, 2013 წლის 31 აგვისტოს, გაიტაცეს და მოკლეს ნ. ჩ-ი. ამდენად, ა. მ. ტ-მა, მოქმედებდა რა განზრახ და აცნობიერებდა რა მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) არსებობას, მის შეიარაღებულ ხასიათსა და დანაშაულებრივ მიზნებს, მონაწილეობა მიიღო აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობაში, რითაც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მყარ შეიარაღებულ დაჯგუფებაში (ბანდაში) მონაწილეობა.

ა. ტ-მა, მონაწილეობდა რა ა. ბ-ის მიერ შექმნილი და ხელმძღვანელობით მოქმედი მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში, სხვა წევრებთან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა ა. ბ-ისა და რ. ა-ის განზრახ მკვლელობა; კერძოდ, 2003 წლის 24 აგვისტოს, ა. ტ-მა და ა. ბ-მა დ. თ-ს შესთავაზეს ა. ბ-ის მკვლელობაში მონაწილეობა, რის შემდეგაც მათ ერთობლივად დაგეგმეს დანაშაულის ჩადენა. 2003 წლის 25 აგვისტოს, ა. ტ-ი, ა. ბ-ი და დ. თ-ი შეთანხმებულად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რა დროსაც მათ აღმოაჩინეს ა. ბ-ის კუთვნილი ავტომობილი და განახორციელეს მასზე შეიარაღებული თავდასხმა. ა. ტ-მა და ა. ბ-მა, წინასწარ მომზადებული გეგმის შესაბამისად, სახის დასაფარად გამოიყენეს ნიღბები. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. მათ ავტომატებიდან მრავალჯერ გაისროლეს ა. ბ-ის ავტომობილის მიმართულებით, რომელშიც იმყოფებოდნენ ა. ბ-ი, რ. ა-ი და სხვა პირები. სროლის შედეგად ა. ბ-მა და რ. ა-მა მიიღეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ცეცხლსასროლი დაზიანებები და გარდაიცვალნენ, ხოლო სხვა პირებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა. ტ-მა და მისმა თანამონაწილეებმა დაფარეს დანაშაულის კვალი, კერძოდ, გაანადგურეს გამოყენებული ავტომობილი და გადამალეს ცეცხლსასროლი იარაღი. ამდენად, ა. ტ-მა, მოქმედებდა რა წინასწარი განზრახვით, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საყოველთაოდ საშიში ხერხით, ორი პირის სიცოცხლის მოსპობის მიზნით, ჩაიდინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ვ”, „ზ”, „თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი საყოველთაოდ საშიში ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ბანდიტიზმთან კავშირში.

ასევე, ა. ტ-მა, მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ განზრახ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, შემდეგ გარემოებებში: 2003 წლის 25 აგვისტოს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ა. ტ-მა, ა. ბ-სა და დ. თ-ან წინასწარი შეთანხმებით, ა. ბ-ის მკვლელობის მიზნით, ჩაიდინა შეიარაღებული თავდასხმა ავტომობილების კოლონაზე. დანაშაულის ჩადენისას, ა. ტ-მა და ა. ბ-მა გამოიყენეს 7,62 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატები და დ. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან განზრახ არაერთხელ გასროლეს „მერსედეს-600“-ისა და „სუბარუს” მარკის ავტომობილების მიმართულებით, რომლებშიც იმყოფებოდნენ: ა. ბ-ი, რ. ა-ი, დ. ბ-ი, ა. შ-ი და ა. ა-ი. სროლის შედეგად დ. ბ-ს და ა. ა-ს მიადგათ სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. აღნიშნული ქმედებები ა. ტ-მა ჩაიდინა ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, საერთო დანაშაულებრივი განზრახვითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამრიგად, ა. ტ-მა ჩაიდინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ.

ასევე, ა. ტ-მა, მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩაიდინა ა. დ-ის განზრახ მკვლელობა, კერძოდ: 2007 წლის 8 იანვარს, ქ. ჩ-ში, ა. ტ-მა, ა. ბ-ან, ხ. ხ-სა და ბანდის სხვა წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივი დანაშაულებრივი განზრახვით დაგეგმა და აღასრულა ა. დ-ის მკვლელობა. ბანდის წევრებმა მოიპოვეს ინფორმაცია დაზარალებულის ადგილსამყოფელის შესახებ და დ. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ქ. ჩ-ში, სადაც ა. დ-ი იმყოფებოდა. დანაშაულის ჩადენისას, ა. ტ-ი და ა. ბ-ი, შეიარაღებულნი მაკაროვის ტიპის პისტოლეტებით, ხოლო ხ. ხ-ი 7,62 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატით, მივიდნენ ა. დ-ის ავტომობილთან და ორგანიზებულად, ჯგუფურად და შეთანხმებულად, დაახლოებით, 21-ჯერ გაისროლეს მისი მიმართულებით. მიყენებული მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად ა. დ-ი ადგილზე გარდაიცვალა. ამრიგად, ა. ტ-მა, მოქმედებდა რა წინასწარი განზრახვით, მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა პირის განზრახ მკვლელობა, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ”, „თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა ბანდიტიზმი.

ასევე, ა. ტ-მა მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და მათი შემადგენელი ნაწილების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, შემდეგ გარემოებებში; კერძოდ, 2002 წელს ა. ბ-მა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმების ერთობლივად ჩადენის მიზნით შექმნა და სათავეში ჩაუდგა მყარ შეიარაღებულ დაჯგუფებას (ბანდას), რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა პერიოდში შედიოდნენ, მათ შორის, ა. ტ-ი და სხვა პირები. აღნიშნული ბანდის წევრებს დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, მათი ძირითადი ნაწილები და აქსესუარები, რომელთა არსებობისა და გამოყენების შესახებ ცნობილი იყო დაჯგუფების წევრებისათვის. ა. ტ-მა, მოქმედებდა რა მყარი შეიარაღებული დაჯგუფების შემადგენლობაში და საერთო დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, „იარაღის შესახებ“ ფედერალური კანონისა და ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების საწინააღმდეგოდ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ადგილას უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და მათი შემადგენელი ნაწილები, რის შემდეგაც უკანონოდ ინახავდა მათ გამოძიებით დაუდგენელ ადგილას, გადაჰქონდა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და თან ატარებდა ბანდის დანაშაულებრივი საქმიანობის ჩადენისას; კერძოდ, ა. ტ-ისა და მის შემადგენლობაში მყოფი მყარი შეიარაღებული დაჯგუფების შეიარაღებაში უკანონოდ იმყოფებოდა:

7,62 მმ კალიბრიანი 1967 წლის გამოშვების, სერია „СУ”, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №942;

7,62 მმ კალიბრიანი 1973 წლის გამოშვების, სერია „КН”, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №9095;

7,62 მმ კალიბრიანი 1967 წლის გამოშვების, სერია „ЛУ”, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №2542;

7,62 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი №И32742, მასზე დამონტაჟებული საკეტით, მარკირებით „827064“;

1992 წლის გამოშვების რუმინული წარმოების 5,45 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, სერია GG №4699;

5,45 მმ კალიბრიანი 1984 წლის გამოშვების კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი АКС-74 №473450;

7,62 მმ კალიბრიანი დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა 1970 წლის გამოშვების №П-405;

7,62 მმ კალიბრიანი დიაგტერევის ხელის ტყვიამფრქვევი 1952 წლის გამოშვების №ЕФ133;

7,62х39 მმ კალიბრიანი სანადირო კუთხვილიანი კარაბინი ТОЗ-97 (არხარი) №АЮ5252;

1942 წლის გამოშვების 7,62 მმ კალიბრიანი კუთხვილიანი კარაბინი მარკირებით „ОСК-88-ХВ-660“, №ХВ-660;

მაკაროვის ტიპის 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტები და მათი ბუდეები;

სტეჩკინის პისტოლეტის 9 მმ კალიბრიანი ბუდე-კონდახი;

ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ორი მოწყობილობა უხმო სროლისათვის (მაყუჩი);

სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი სავაზნეები, მათ შორის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანის, მოსინის შაშხანისა და სხვა იარაღისათვის;

7,62 მმ და 5,45 მმ კალიბრიანი მრავალრიცხოვანი საბრძოლო ვაზნები, მათ შორის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი ვაზნები;

9 მმ კალიბრიანი ვაზნები მაკაროვის, სტეჩკინისა და სხვა პისტოლეტებისათვის;

კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილი კონდახები, ლულები, კომპენსატორები და სხვა შემადგენელი ნაწილები;

იარაღის დაშლის, აწყობის, გაწმენდისა და დაზეთვისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები;

ორი ამნთები მოწყობილობა მარკირებით „59-69-УЗРГМ-583” და „52-91-УЗРГМ-211“;

ორი ხელყუმბარა Ф-1 მარკირებით „107 6-85Т” და „386 10-59Т”.

აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და მათ შემადგენელ ნაწილებს ა. ტ-ი უკანონოდ იძენდა, ინახავდა, გადაზიდავდა და ატარებდა ბანდის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მომზადებისა და ჩადენისას, მათ შორის ა. ბ-ის, რ. ა-ის, დ. ბ-ის, ა. შ-ის, ა. ა-ისა და ა. დ-ის მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს; კერძოდ, 25.08.2003 წელს ა. ტ-მა, ა. ბ-სა და დ. თ-ან ერთად, ა. ბ-ზე თავდასხმისას გამოიყენა 7,62 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და მრავალჯერ გაისროლა ავტომობილების მიმართულებით, რის შედეგადაც ა. ბ-ი გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირებს მიადგათ სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება. ასევე, 08.01.2007 წელს ა. ტ-მა, ა. ბ-სა და ხ. ხ-ნ ერთად, ა. დ-ის მკვლელობისას გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, მაკაროვის ტიპის პისტოლეტი, რის შედეგადაც ა. დ-ს მიადგა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები და გარდაიცვალა. ამრიგად, თავისი განზრახი ქმედებებით ა. ტ-მა, მოქმედებდა რა მყარი შეიარაღებული დაჯგუფების (ბანდის) შემადგენლობაში, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და მათი ძირითადი ნაწილების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

4. 2026 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინებით:

დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სამმართველოს 2014 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში ა. ტ-ის ბრალდებულად ცნობის თაობაზე და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით (შეიარაღებულ დაჯგუფებაში (ბანდაში) მონაწილეობა); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის მკვლელობა, ჩადენილი საყოველთაოდ საშიში ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ა. ტ-ი (A. T-v) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – კ. წ-ი, თ. კ-ა და მ. პ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინების (დისტანციური წესით მოწმის დაკითხვის თაობაზე) გაუქმებასა და ამ მოწმეთა ჩვენებების სრულყოფილად გამოკვლევას.

6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ცალსახად არსებობს მის მიმართ წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის საფუძვლიანი ვარაუდი. მართალია, ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას ბრალდების მამხილებელი მტკიცებულებები არ ფასდება, თუმცა დაცვის მხარეს აღნიშნულის მიუხედავად, მიაჩნია, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტი საქმეში მაინც უნდა იკვეთებოდეს. ა. ტ-ის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია 2014 წლის 27 თებერვალს. მეორე დღეს, ესე იგი, 28 თებერვალს, აღნიშნული დოკუმენტი ჩაბარდა მის ადვოკატს. ადვოკატ კ-ს ორდერი ამოწურულია 28 თებერვალს. ამავე დღეს მან მონაწილეობა მიიღო ა. ტ-ის პატიმრობის შეფარდების სხდომაზე, რომელზეც პოზიცია მხოლოდ ერთი წინადადებით დააფიქსირა. ამ ადვოკატის მონაწილეობა დაცვის ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს. უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევაში, ა. ტ-ს გათავისუფლების პერსპექტივა (სასჯელის გადახედვის საფუძველზე) ექნება პატიმრობის 25 წლის შესრულებისას. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პროკურატურიდან მიღებულმა ინფორმაციამ მინიმალურადაც ვერ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნები. შედეგად, საქართველომ კვლავ მიმართა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს და განმეორებით მოითხოვა შესაბამისი გარანტიები. რუსეთის პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე მიუთითებს მის მიერ მოპოვებულ მასალაზე, რომელიც მათივე პოზიციით, ცვლის არსებულ სამართლებრივ სურათს და ავსებს იმ ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოუდგენელი პასუხებით დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე უარი, ვერ ჩაითვლება მხოლოდ ფორმალურ საპროცესო საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებად. იგი პირდაპირ შეეხო დაცვის მხარის შესაძლებლობას ეფექტურად შეემოწმებინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ უფლებათა დარღვევის რეალური რისკი. ა. ტ-ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. იგი 2012 წლის 5 მარტიდან 2014 წლის 12 მარტამდე იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთის სახალხო კრების (პარლამენტის) დეპუტატი. იგი საქართველოში კანონიერად 2014 წლიდან ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

7. ადვოკატების საკასაციო საჩივარზე, 2026 წლის 31 აგვისტოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ა. ტ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის მიხედვით, „პუგაჩევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, არ ეხება ა. ტ-ს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ შეუფასებია მის მიმართ წამების, იძულების ან არაადამიანური მოპყრობის რისკი. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებიდან ვერ გამომდინარეობს პრეზუმფცია, რომ ა. ტ-იც აუცილებლად დაექვემდებარება იმავე მოპყრობას. წარსულში სხვა პირების მიმართ დადგენილი დარღვევები ავტომატურად ვერ ადასტურებს, რომ იგივე მოპყრობის საფრთხე დღეს ა. ტ-ის მიმართაც არსებობს. რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს ა. ტ-ის მიმართ წარსულში არ ჩაუდენიათ წამება, ძალადობა ან სხვა არაადამიანური მოპყრობა. დაცვის მხარეს არც კონკრეტული მუქარა, არც კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიება და არც ა. ტ-ის მიმართ უკანონო ზეწოლის განხორციელების ინდივიდუალური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოცემულ საქმეში დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულება არის სხვა პირების მიმართ დადგენილი დარღვევები; თუმცა არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ა. ტ-ის მიმართ წარსულში გამოიყენეს წამება ან ძალადობა, რომ მის მიმართ არსებობდა კონკრეტული მუქარა ან რომ რუსეთის ორგანოები გეგმავენ მის მიმართ იგივე მეთოდების გამოყენებას. ასევე არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დასკვნის გაკეთება, რომ ა. ტ-ი რუსეთის ფედერაციაში გადაცემისთანავე აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომლებიც თავისთავად წარმოშობს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რეალურ რისკს.

7.2. რისკის შეფასებისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კონკრეტულ ფაქტებს. ა. ტ-ს ბრალდება წარედგინა 2014 წლის 27 თებერვალს. თავდაპირველად მის საქმეს აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სამმართველო. ა. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მერვე საგამოძიებო სამმართველო. ეს გარემოება აქარწყლებს დაცვის მხარის ვარაუდსა და მოსაზრებას, თითქოს ა. ტ-ის საქმე აუცილებლად გაგრძელდება იმავე პირების ან იმავე საგამოძიებო სტრუქტურის მიერ და იმავე მეთოდებით, რაც ა. ტ-ის თანაბრალდებულთა მიმართ იყო გამოყენებული.

7.3. დადგენილი არ არის, რომ რუსეთის ორგანოებმა ა. ტ-ის მიმართ წარსულში გამოიყენეს წამება ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობა. ასევე არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომ მისი ექსტრადიციის შემდეგ იგეგმება მის მიმართ უკანონო საგამოძიებო მოქმედება. ამრიგად, არსებული მასალები არ ადასტურებს ა. ტ-ის მიმართ ამჟამად არსებულ ინდივიდუალურ საფრთხეს.

7.4. პოზიციიის თანახმად, თუნდაც კონკრეტული მტკიცებულების წარმომავლობის საკითხი შემდგომში გახდეს რუსეთის სასამართლოში დავის საგანი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს მე-6 მუხლის დარღვევის რისკსაც. ანალოგიურად, სხვა პირების მიმართ წამების ფაქტის არსებობა შეიძლება იყოს მე-3 მუხლის შეფასებისას გასათვალისწინებელი გარემოება, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით ვერ დადგინდება ა. ტ-ის წამების ინდივიდუალური რისკი. 2026 წლის სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიმართ მოქმედ გარანტიად ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი ინდივიდუალური საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, თუმცა რუსეთის ფედერაცია კვლავ არის გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო და აღიარებს მისი 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალური კომუნიკაციების მექანიზმს. იგი ასევე კვლავ არის ,,ICCPR“-ის მონაწილე სახელმწიფო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ადვოკატების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ტ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2025 წლის 8 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა, ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ, განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:

1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით, იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება, განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც ისჯება როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.

5.2. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრებული – ,,in abstracto“ ორმაგი დასჯადობის პრინციპი, გულისხმობს იმას, რომ ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

5.3. დასჯადობა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით:

პროკურატურის შუამდგომლობის მე-17-21-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 209-ე მუხლის მე-2 ნაწილი (შეიარაღებულ დაჯგუფებაში (ბანდაში) მონაწილეობა); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები (ორი ან მეტი პირის მკვლელობა, ჩადენილი საყოველთაოდ საშიში ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ); 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები (მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ბანდიტიზმთან კავშირში); 222-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და თითოეული მათგანი ისჯება ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთით.

5.4. დასჯადობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით:

ა. ტ-ის მიერ, შუამდგომლობის მე-17-21-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სულ მცირე შემდეგი მუხლებით:

შუამდგომლობის მე-17 პარაგრაფში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბანდიტიზმი, მყარი შეიარაღებულ ჯგუფში მონაწილეობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;

შუამდგომლობის მე-18 პარაგრაფში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, ორი პირის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას;

შუამდგომლობის მე-19 პარაგრაფში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა, სულ მცირე, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;

შუამდგომლობის მე-20 პარაგრაფში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას;

შუამდგომლობის 21-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედების კვალიფიკაცია მოხდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა ჯგუფურად, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;

5.5. ამდენად, ქმედებები, რომელთა ჩადენისთვის ა. ტ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, დასჯადია როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია სულ მცირე ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ტ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ; იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოითხოვა კონკრეტული გარანტიები, ხოლო რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, შემდეგი:

ა. ტ-ის მიმართ მიმდინარე პროცესი, განაჩენი ან შემდგომი პატიმრობა არ დაეფუძნება იძულებით მიღებულ ჩვენებებს ან სხვა მტკიცებულებებს;

ა. ტ-ის ბრალდება ეფუძნება მრავალ დამოუკიდებელ მტკიცებულებას, მათ შორის მოწმეების ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნებს, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებსა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას;

წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ ა. ტ-სა და მის დამცველს სრულად გაეცნობათ სისხლის სამართლის საქმის მასალა;

ა. ტ-ს და მის დამცველს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოითხოვონ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა;

თანამონაწილეთა მიმართ გამოტანილი განაჩენებს არ ექნება წინასწარ დადგენილი ძალა ა. ტ-ის სისხლის სამართლის საქმეზე;

2014 წლის 27 თებერვალს, როდესაც ა. ტ-ს ბრალდება წარედგინა, საქმეს აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სამმართველო, ხოლო ამჟამად ა. ტ-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მერვე საგამოძიებო სამმართველო;

ა. ტ-ის საქმე განიხილება დამოუკიდებელი და კანონით განსაზღვრული სასამართლოს მიერ, ხოლო კონკრეტული მოსამართლის განსაზღვრა მოხდება კანონით დადგენილი წესით, ბრალდების მხარის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, დაცვის მხარეს გააჩნია მოსამართლის აცილების მოთხოვნის უფლება.

ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. პროკურატურის შუამდგომლობის მე-17-21-ე პუნქტებში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებებიდან, რომელთათვისაც მოითხოვება ა. ტ-ის ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, თითოეული მათგანი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ქმედებები ჩადენილი უნდა იყოს 2002-2013 წლებში, ხოლო ა. ტ-ის დაპატიმრების დადგენილება გაცემულია 2014 წელს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გასული არ არის.

8.3. რუსეთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული არცერთი დანაშაული არ ითვლება ხანდაზმულად და ბრალდებულის მიმალვის გამო ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერებულია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვითაც გასული არ არის.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა. ტ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე და იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად.

9.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი – ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. ა. ტ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.

11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი.

11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

11.5. ა. ტ-ი და მისი ადვოკატები არ ეთანხმებიან ექსტრადიციას რუსეთის ფედერაციაში. დაცვის მხარე დავობს, რომ ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის გამოყენების საფუძვლიანი საფრთხე. აღნიშნული არგუმენტის დასადასტურებლად, იგი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „პუგაჩევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომლის მიხედვით, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალდებული პირების მიმართ დადგინდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. დაცვის მხარის მოსაზრებით, ვინაიდან, აღნიშნულ საქმეში მონაწილე პირები და ა. ტ-ი დაკავშირებული არიან ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმესთან, არსებობს ვარაუდი, რომ მის მიმართაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასათანადო მოპყრობა.

11.6. ზემოაღნიშნული არგუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დადგენილ მნიშვნელოვან გარემოებებს, ვერ ქმნის უშუალოდ ა. ტ-ის მიმართ ექსტრადიციის დამაბრკოლებელ ინდივიდუალურ საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილება საქმეზე „პუგაჩევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” არ ეხება უშუალოდ ა. ტ-ს და სასამართლოს არ შეუფასებია უშუალოდ მის მიმართ არსებული კონკრეტული სახის რისკი. გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები შეეხებოდა სხვა პირების ინდივიდუალურ მდგომარეობას და კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც განხორციელდა 2013-2014 წლებში. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). სხვა პირების მიმართ წარსულში დადგენილი დარღვევები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგივე საფრთხე არსებობს ა. ტ-ს მიმართაც.

11.7. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული და ინდივიდუალიზებული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ა. ტ-ის მიმართ ამჟამად არსებობს წამების, არასათანადო მოპყრობის კონკრეტული საფრთხე; კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი მონაცემები ა. ტ-ის მიმართ ჩადენილი ან დაგეგმილი იძულებითი საგამოძიებო ღონისძიებების, მის მიმართ არსებული კონკრეტული მუქარის, ინდივიდუალური დევნის, უკანონო ზემოქმედების ან სხვა გარემოების შესახებ, რაც მიუთითებდა, რომ სწორედ მისი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება ისეთ მოპყრობას, რომელიც ეწინააღმდეგება წამების აკრძალვის აბსოლუტურ სტანდარტს.

11.8. ამასთანავე, დაცვის მხარეს არ მიუთითებია რაიმე კონკრეტული მიზეზი ან მიზანი, თუ რატომ შეიძლება რუსეთის ფედერაციის ორგანოებს ჰქონდეთ ინტერესი, ა. ტ-ის მიმართ გამოიყენონ უკანონო მეთოდები, მათ შორის წამება ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობა. მითითება იმ გარემოებაზე, რომ წარსულში სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებობდა დარღვევები, თავისთავად არ ადგენს, რომ იგივე მიდგომა გამოყენებული იქნება ა. ტ-ის მიმართ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მის მიმართ არსებობს რაიმე ისეთი კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მოლოდინი, რომელიც შესაძლოა უკანონო ზეწოლის გამოყენებას უკავშირდებოდეს. ამასთან, მოცემული საქმის გარემოებებით დგინდება, რომ ა. ტ-ის მიმართ რუსეთის ფედერაციის ორგანოებს არასდროს ჩაუდენიათ ძალადობა ან იძულება, მუქარას, არაადამიანური მოპყრობა. ასევე არ იკვეთება მის მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელების კონკრეტული მიზანი და განზრახვა.

11.9. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურმა ორგანოებმა საქართველოს წარმოუდგინეს კონკრეტული გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე. გარანტიები გაცემულია შემდეგზე: არ იქნება გამოყენებული წამება, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; ნებისმიერი განცხადება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე დაექვემდებარება დაუყოვნებლივ და სრულყოფილ შემოწმებას; არცერთი გადაწყვეტილება არ დაეფუძნება იძულებით მოპოვებულ ჩვენებებს ან უკანონოდ მიღებულ მტკიცებულებებს; უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატთან შეუზღუდავი და კონფიდენციალური ურთიერთობა; მას ექნება საქმის მასალებზე წვდომისა და დაცვის საპროცესო უფლებების სრულად განხორციელების შესაძლებლობა; ა. ტ-ის მიმართ არ იქნება გამოყენებული სიკვდილით დასჯა. ამდენად, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ წარსულში, სხვა პირებთან მიმართებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ადამიანის უფლებათა დარღვას, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ა. ტ-ის მიმართ არსებობს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული რეალური, კონკრეტული და ინდივიდუალიზებული საფრთხე. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური გარანტიები კი დამატებით უზრუნველყოფს, რომ მისი უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. რუსეთის მხარემ დამატებით დაადასტურა, რომ ა. ტ-სა და მის ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ საერთაშორისო დაცვის არსებული მექანიზმები, მათ შორის, მიმართონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებს, თუ მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დარღვეულია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ა. ტ-ს უფლება ექნება, დაუყოვნებლივ განაცხადოს ნებისმიერი სახის არასათანადო მოპყრობის, ძალადობის ან უკანონო ზემოქმედების შესახებ. ასეთი განცხადებები ექვემდებარება კანონით დადგენილი წესით შემოწმებას, ხოლო პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

11.10. კერძოდ, ა. ტ-ს ექნება შესაძლებლობა: მიმართოს განცხადებით საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციას და მოითხოვოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; შეიტანოს საჩივარი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოებში შესაძლო ძალადობის ან წამების ფაქტების თაობაზე; მიმართოს სასამართლოს უკანონო მოქმედებების, უმოქმედობის ან გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით; მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება და სამედიცინო დოკუმენტაციით შესაძლო დაზიანებების დაფიქსირება; მიიღოს სამედიცინო დახმარება და გამოიყენოს სამედიცინო შეფასების შედეგები საკუთარი უფლებების დასაცავად; დაუკავშირდეს ადვოკატს და განახორციელოს კონფიდენციალური კომუნიკაცია დაცვის უზრუნველსაყოფად; მიმართოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებს.

11.11. რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული გარანტიების მიხედვით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მოინახულონ ა. ტ-ი პატიმრობის ადგილას, მიიღონ ინფორმაცია მისი მდგომარეობისა და პატიმრობის პირობების შესახებ, რაც წარმოადგენს დამატებით კონტროლის მექანიზმს მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ა. ტ-ი, უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში არ დარჩება დაცვის ეფექტიანი საშუალებების გარეშე. მას ექნება როგორც შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების, ისე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედების შესაძლებლობა.

12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში იქცეს.

12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29).

12.3.მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ა. ტ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ორგანიზებული, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია. მოცემულ პირობებში ა. ტ-ის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.

13. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ იგი არ იხილავს ა. ტ-ის ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით. საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის მომთხოვნი სახელმწიფოს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ დამატებით მიღებულ ინფორმაციასა და გარანტიებს, რომლის თანახმადაც, ა. ტ-ის არცერთი მსჯავრდება, განაჩენი თუ პატიმრობა არ დაეფუძნება ჩვენებას, აღიარებას ან სხვა მტკიცებულებას, რომლებიც იძულებით მოპოვებულია.

14. რაც შეეხება 2026 წლის 6 აგვისტოს მიღებულ საოქმო განჩინებას, რომელსაც დაცვის მხარე აგრეთვე ასაჩივრებს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სასამართლოს მოტივაციას, რომ სასამართლოში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, მტკიცებულებათა უშუალოდ/ზეპირად გამოკვლევა, კერძოდ კი მოწმეთა დაკითხვა, სასამართლო სხდომის დარბაზში არ ხდება, რაც თავისთავად არ ართმევს მხარეს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს კონკრეტული მასალა, რომელსაც იგი თავისი პოზიციის დამადასტურებლად მიიჩნევს. შესაბამისად, ხსენებული საოქმო განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ტ-ისა (A. T-v) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. წ-ის, თ. კ-ასა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი