საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100123008113583
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №243აპ-26 ქ. თბილისი
ბ-ე მ, 243აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 15 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ. ბ-ში, ა-ის ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ბ-ძე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ოჯახის წევრს, მამას - მ. ბ-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 21 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, ა-ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ. ბ-მ ხელის კვრითა და წაქცევით, ასევე მუცლის არეში მუშტისა და სახის არეში თავის დარტყმით, სხეულის დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს, მამას - მ. ბ-ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის არაერთი დაზიანება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. მ. ბ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა მ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ა. დ-ს (პ/ნ:...) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. გამართლებულ მ. ბ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენის გაუქმება, მ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. ბ-ის მიერ მამის - მ. ბ-ის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. დაზარალებულმა მ. ბ-მ უარი განაცხადა სასამართლოსათვის ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - პ. მ-ის, ვ. დ-ისა და რ. ფ-ის ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე და მიუთითებს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, ისინი ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად მ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
13. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
16. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მათში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედებების კონკრეტულ აღწერილობას, შეუძლებელია, საკმარისად იქნეს მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
17. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მ. ბ-ის ბრალეულობას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (რომლის მიხედვითაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება). მისი არსებობის პირობებშიც, შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
18. ბრალდების მხარის მიერ სააკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
19. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი