საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2026
საქმის ნომერი
2კ-244აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100125011861692

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №244აპ-26 ქ. თბილისი

ა-ი ო, 244აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო. ა-ს, - დაბადებულს ... წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2025 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, მ. ლ-ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ა-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, დ. ხ-ოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელები და ფეხები რამდენჯერმე ჩასცხო სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ო. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2025 წლის 28 აგვისტოდან იმავე წლის 30 აგვისტომდე) გათვალისწინებით - შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.3. ო. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, მ. კ-ს (პ/ნ ....) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ა-მა ჩაიდინა ცემა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ამას არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2025 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, მ. ლ-ის ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ა-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, დ. ხ-ოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელები და ფეხები რამდენჯერმე ჩასცხო სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ო. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. მსჯავრდებულ ო. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ბრალადწარდგენილ ქმედებაში ო. ა-ის დამნაშავედ ცნობას და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივაციასა და არგუმენტებს.

8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის სადავო. ო. ა-ი ნაწილობრივ დაეთანხმა ბრალდებას და განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო დაზარალებულის ასაკი.

9. მსჯავრდებულ ო. ა-ის მიერ დ. ხ-ოს მიმართ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დასტურდება საქმეში არსებული, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ დ. ხ-ოს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - პ. უ-ის, მ. ბ-ის, ო. გ-ის, ი. უ-ის, ე. პ-ას გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ N... შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საცხოვრებელი კორპუსის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ა-ის მიერ ფიზიკური ძალადობის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენა, არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ო. ა-ის ცნობილი იყო დაზარალებულ დ. ხ-ოს ასაკი და წინასწარ აცნობიერებდა, რომ იგი 18 წლამდე ასაკის პირს უსწორდებოდა ფიზიკურად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ქ. ბ-ში, ლ-ის ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაზარალებული დ. ხ-ო საკმაოდ მაღალი ტანისაა, ერთი შეხედვით, რთულია განსაზღვრო მისი ასაკი და დარწმუნდე, რომ ის 18 წელს მიუღწეველი პირია. ასევე, შემთხვევის მომენტში დ. ხ-ოს ასაკთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერება არ დასტურდება როგორც თავად დაზარალებულის, ისე მასთან ერთად მყოფი სხვა პირის მიერ.

12. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი ქმედების, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის გათვალისწინებით, ო. ა-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. პროკურორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი გამხდარიყო.

13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე