საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100124009106069
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №271აპ-26 ქ. თბილისი
ქ-ი ს, 271აპ-26 17 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ქ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართვეოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 3 მარტს, ქ. ბ-ში, ხ-ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ გაჩერებულ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში, ს. ქ-მა ხელის გადაგრეხვითა და თითის მოტეხვით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. ლ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
· 2023 წლის 5 იანვარს, ქ. ბ-ში, რ-ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბ-ის“ მიმდებარედ, ს. ქ-მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების, კერძოდ, იმის გამო, რომ დ. ლ-ა მისი ნებართვის გარეშე წავიდა რესტორანში, იძალადა ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. ლ-ზე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განაჩენით:
2.1. ს. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა ს. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 15000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ. მ-ს (პ/ნ ...) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. გამართლებულ ს. ქ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ს. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ს. ქ-ის ბრალეულობა, კერძოდ, სასამართლო განხილვისას დაზარალებულმა დ. ლ-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე; ს. ქ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ე. ქ-ის გამოკითხვის ოქმი, რომელზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად ს. ქ-ის მსჯავრდებას, ისევე როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის, მათი რაოდენობის, სიმძიმისა და არის, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი ხანდაზმულობით, დაზიანება შეესაბამება თუ არა ბრალადწარდგენილი ქმედების თარიღს.
7. სახელმწიფო ბრალმდებელმა ანა როყვამ საკასაციო საჩივარში ს. ქ-ის მიმართ ბრალადშერაცხილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად ასევე მოიშველია საქმეში არსებული შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში დაზარალებული არ დაკითხულა და სასამართლოსთვის არ დაუდასტურებია შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია, ცხადია, სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ მტკიცებულებათა სარწმუნოობაზე და ისინი ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. აქვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი არაა მიმართული დანაშაულებრივი ფაქტის დადგენისაკენ. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერი ვერ ჩაითვლება ისეთ დამოუკიდებელ მტკიცებულებად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ს. ქ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა ს. ქ-ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილ დანაშაულთა დასადასტურებლად, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების რაიმე წინაპირობა.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე