საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2026
საქმის ნომერი
2კ-275აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125011745227

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №275აპ-26 ქ. თბილისი

ლ-ძე ლ, 275აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ლ-ს, - დაბადებულს .. წლის .. მარტს, - ბრალად ედება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ასევე საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2025 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, თ-ში, ვ. მ-ის №..-ის მიმდებარედ, ლ. ლ-მ, ,,ტოიოტას‘’ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით: ..) დაშლის მუქარით, რ. ბ-ს მოსთხოვა მისთვის ავტომობილის შეჯახების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. უარის შემდეგ კი, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, დაეუფლა ავტომობილში განთავსებულ რ. ბ-ის კუთვნილ პირად ნივთებს იმ პირობით, რომ ზიანის ანაზღაურების შემდეგ, უკან დაუბრუნდება. ლ. ლ-ის მუქარა, ავტომობილის „დაშლილებში“ ჩაბარებასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, რის გამოც, იძულებული გახდა თავისივე მანქანით გაჰყოლოდა ლ. ლ-ს საცხოვრებელ მისამართზე - თ-ში, ო. კ-ის ქ. №..-ში, სადაც ლ. ლ-მ კვლავ მოსთხოვა ზიანის ანაზღაურება. უარის მიღების შემდეგ კი, ნების საწინააღმდეგოდ, დაეუფლა რ. ბ-ის კუთვნილ ავტომობილს, გასაღებთან ერთად იმ პირობით, რომ ზიანის ანაზღაურების შემდეგ, ნივთებთან ერთად, უკან დაუბრუნებდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ლ. ლ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. ლ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

2.3. გაუქმდა ლ. ლ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ლ-მ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიერ თვითნებობის ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ რ. ბ-ისა და მოწმეების - ვ. კ-სა და ი. მ-ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანების დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

8. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, კვლავ მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და ფაქტების სწორად დადგენა სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ბრალდების უცვლელობის პრინციპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდგომ შესაძლოა სასამართლომ სრულად ვერ დაადგინოს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ან ბრალადწარდგენილი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნები, რის საფუძველზეც, შესაძლოა შეიცვალოს კვალიფიკაცია, რაც არ წარმოადგენს ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია თვითნებობა - ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის N7აპ-15 განაჩენის თანახმად: ,,თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან“.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის N173აპ-21 განჩინების თანახმად: „თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როდესაც პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით და იმავდროულად, აცნობიერებს, რომ თავის/თავისად დაგულებულ უფლებას კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებს.“

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული თავად შეეცადა მიყენებული ზიანის თანხის ანაზღაურებას და თვითნებურად დაეუფლა დაზარალებულ რ. ბ-ის კუთვნილ პირად ნივთებს, კუთვნილ ავტომობილს, გასაღებთან ერთად, რაც დადგენილია, მსჯავრდებულის აღიარებითაც და საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით. ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს მსჯავრდებულის მოტივს, კერძოდ, დაზარალებულისათვის მანქანისა და პირად ნივთებზე საკუთრების უფლების შეზღუდვით და ქონების განადგურების მუქარით ლ. ლ-ს სურდა თავისად დაგულებული უფლების რეალიზება, კერძოდ, ზიანის ანაზღაურება, რაც სცილდება იძულების შემადგენლობას და მის ქმედებას აქცევს სწორედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სხვისი საკუთრების უფლების შელახვა და ამით მისი იძულება, აენაზღაურებინა ზიანი, გამოწვეულია ლ. ლ-ის მიერ უფლების არასწორი აღქმით, რამდენადაც მას აღნიშნული უფლება ჯერ არ ჰქონდა სათანადო ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული. რაც შეეხება, მნიშვნელოვან ზიანსა და მიზეზობრივ კავშირს, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილის გასაღების გამორთმევითა და ავტომანქანის საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაყვანით, ასევე, არაერთი პირადი ნივთის ამოღებითა და თავის ფაქტობრივ მფლობელობაში გადატანით, მსჯავრდებულმა დაზარალებულს შეუზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - იძულების - სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე