საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010100125011677596
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №369აპ-26 ქ. თბილისი
გ. მ., 369აპ-26 23 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ. გ–ეს, - პირადი ნომრით: .........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
მ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 23 მაისს, მ. გ–ე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, კერძოდ, იმის გამო, რომ ნ. მ–ეს არ სურდა მასთან ურთიერთობა, მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, ქ. ბ/ში, ......ის ქუჩის N..-ში მდებარე, „ო... ს–ს“ საცხოვრებელი კომპლექსის „ა“ ბლოკში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს - ნ. მ–ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 24 მაისს, ქ. ბ–ში, ..... ქუჩა N..-ს მიმდებარედ, მ. გ–ე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, კერძოდ, იმის გამო, რომ ნ. მ–ეს არ სურდა მასთან ურთიერთობა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ. მ–ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2025 წლის 25 მაისს, მ. გ–ე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, კერძოდ, იმის გამო, რომ ნ. მ–ეს არ სურდა მასთან ურთიერთობა, მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, ქ. ბ–ში, შ. ხ-ს ქუჩის N..-ში მდებარე, „ო... ს–ს“ საცხოვრებელი კომპლექსის „ა“ ბლოკში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს - ნ. მ–ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენით:
2.1. მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 23 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 24 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 25 მაისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ–ეს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელიდან, თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან, თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.4. მ. გ–ეს, სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2025 წლის 26 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა როყვა ითხოვდა ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) გათვალისწინებით მ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
3.2. მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ს–ემ მოითხოვა მ. გ–ისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული 1 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. კასატორი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) მხედველობაში მიღებით, მ. გ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8.1. კასატორი ითხოვს მ. გ–ისათვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას.
9. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი (სახე და ზომა) არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს, არ პასუხობს ინდივიდუალიზაციის პრინციპს. კასატორის შეფასებით, მ. გ–ემ დანაშაული ჩაიდინა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შეუწყნარებლობის მოტივით, თუმცა სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
10. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულებისადმი (აღიარა) და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, იმ გარემოებას, რომ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. გასაჩივრებული განაჩენით მ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. კასატორი არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე/ინფორმაციაზე, რაც არ იყო შეფასებული/გათვალისწინებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ზომის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან მის შეუსაბამობას.
12. კასატორი სასჯელის უკანონობას და დანიშნული სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას უკავშირებს მ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას. კერძოდ, კასატორის მტკიცებით, მ. გ–ის მიერ, მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, ჩადენილი იყო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლოს დანიშნული სასჯელის ზომა უნდა განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიულად დადგენილი წესის მიხედვით.
12.1. სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მ. გ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით განსაზღვრის შესახებ. სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შეუწყნარებლობის გამო ჩადენა.
12.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი არ უთითებს არც ერთ მტკიცებულებაზე/ფაქტობრივ გარემოებაზე რაც დაადასტურებდა მ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას. კასატორი ახდენს მხოლოდ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობის განმარტებას, უთითებს ტერმინებზე „გენდერული“ და „ქალთა მიმართ ძალადობას გენდერული ნიშნით“, თუმცა არც ერთი მტკიცებულებით არ ადასტურებს, მოცემულ შემთხვევაში, მ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების სწორედ აღნიშნული მოტივით ჩადენას. კასატორი უთითებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე, თუმცა კი არ აკონკრეტებს/არ ასაბუთებს რომ მოცემულ შემთხვევაში მ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები (სამი ეპიზოდი) ჩადენილი იყო სწორედ აღნიშნული მოტივით და არა დაზარალებულთან შერიგების სურვილით (როგორც ამაზე უთითებს დაცვის მხარე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 29 ივლისის სხდომის ოქმი 15:42:41-15:43:50));
12.3. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტუდება მ. გ–ის მიერ ნ. მ–ის მიმართ დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენის (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენით) აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას, თუმცა სასჯელის განსაზღვრისას აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას არ ითვალისწინებს. ამასთან, 2025 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომაზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად მ. გ–ის მიერ ფაქტობრივი გარემოებების უდავოდ მიჩნევისა და აღიარებისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. გ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, რის გამოც არ არსებობს ამ მოტივით მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამძიმების და მისთვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშვნის საფუძველი (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი 15:43:53-15:44:28). შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენის (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენით) აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილში მ. გ–ის მიერ დანაშაულის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე მითითება არასწორია (ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული არ დაუდგენია).
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას იმპერატიულად უკავშირებს კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილებას: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. გ–ეს დაკავებისას განემარტა ბრალდებულის უფლებები და მოვალეობები, გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, თუმცა დაკავების ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 15-22), ხოლო 2025 წლის 27 მაისის გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებოდა და მისი მხრიდან ნ. მ–ის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია (იხ.: ტ.1, ს.ფ. 51-54). მ. გ–ემ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები უდავოდ ცნო და აღიარა მის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის წინასასამართლო სხდომის ოქმი 12:13:45-12:13:46; 12:16:07-12:17:04), ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა აღიარა ასევე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი 12:30:52-15:31:26)
14.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა) გამოყენების სამართლებრივი საფუძველი (მ. გ–ეს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან) და აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი უკანონოა.
14.2. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, ხოლო ბრალდების მხარე არ ასაჩივრებს მ. გ–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი სასჯელის უკანონობას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის არასწორად გამოყენების გამო (და საკასაციო საჩივარში საერთოდ არ ეხება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრას), – საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს აღნიშნული შეცდომა და გააუარესოს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი).
14.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით ასევე არასწორადაა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი (რომც ყოფილიყო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი) ქვემდგომი სასამართლოების მიერ.
14.3.1. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 29 ივლისის განაჩენში მ. გ–ის მიმართ (რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესი გამოიყენა არა მ. გ–ისათვის ბრალადწარდგენილ თითოეულ დანაშაულში მსჯავრდებისას, სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას, არამედ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის განსაზღვრისას, რაც არასწორია. დანაშაულთა ერთობლიობის დროსაც ჯერ უნდა განისაზღვროს თითოეული დანაშაულისათვის კონკრეტული სახის და ზომის სასჯელი და მხოლოდ ამის შემდეგ – საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი. შესაბამისად, სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრაც უნდა მოხდეს თითოეული დანაშაულისათვის ცალ ცალკე და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვროს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის წესით.
14.3.2. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება არ წარმოადგენს ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლია არსებითად იმოქმედოს საქმის განხილვის შედეგზე (მათ შორის, განსაზღვრულ სასჯელზე).
15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენზე მ. გ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე