საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010100125011890408
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №393აპ-26 ქ. თბილისი
კ. ა., 393აპ-26 21 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ–ეს, – პირადი ნომერი: .............., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
1.2. ა. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.2.1. 2025 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ–ში, …….ის ქუჩა N..-ში მდებარე რ. ა–ის საცხოვრებელ სახლში, ა. კ–ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – რ. ა–ს. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. რ. ა–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2.2. 2025 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. ბ–ში, …….ის ქუჩა N..-ში მდებარე რ. ა–ის საცხოვრებელ სახლში, ა. კ–ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – რ. ა–ს. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. რ. ა–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ბრალდებული ა. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი);
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. კ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ა. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა. კასატორი ითხოვს ა. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ა. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. რ-მ. დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მოითხოვა ა. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
10.1. შესაბამისად, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა ა. კ–ემ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული/ები.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. კ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. კ–ის გამართლება განაპირობა.
12. კასატორი ა. კ–ის გამართლების უკანონობის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმე პოლიციელების გამოკითხვის ოქმზე, რომლებიც ირიბი მტკიცებულებაა, შემაკავებელ ორდერზე, სადაც ასახულია დაზარალებულის (რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კასატორი არ უთითებს არცერთ პირდაპირ/გარემოებით მტკიცებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმს და მიუთითებდა იზოლირებულად ან სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ა. კ–ის მიერ სადავო დანაშაულების ჩადენაზე.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმე პოლიციელთა გამოკითხვის ოქმები, 2025 წლის 13 სექტემბრის განცხადება და შემაკავებელი ორდერი) საკმარისია ა. კ–ის მიმართ სადავო მუქარის ეპიზოდში/ებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან, ერთი მხრივ, დაზარალებულმა რ. ა–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – ა. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ა. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის/ების ჩადენა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი (პირდაპირი ან/და გარემოებითი) მტკიცებულებით, კერძოდ:
13.1. პოლიციელების (მათ შორის, ლ. ა–ე (დეტექტივი), გ. ც–ე (დეტექტივი)) უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმი, რომლებზეც კასატორი უთითებს საკასაციო საჩივარში, არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ებს – ა. კ–ის მიერ რ. ა–ის მიმართ მუქარის/ების – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია გადმოცემით იციან დაზარალებულისგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);
13.2. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
14. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).
14.3. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება ა. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის/ების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
15. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
16. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი, ა. კ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე