საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100124010706006
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №437აპ-26 14 სექტემბერი, 2026 წელი გასანოვი ა–ა, №437აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. გ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თავის სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა, რომ ორსულად მისი შვილისგან არ იყო, ა. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით შვილის ორსულ მეუღლეს – ე. ქ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ თავს ღორივით მოაჭრიდა. ა. გ–ის აღნიშნული მუქარა ე. ქ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა ა. გ–ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, ა. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა და მოითხოვა ა. გ–ის წარდგენილი ბარლდებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 აპრილის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 20 მაისს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 აპრილის განაჩენის გაუქმება და ა. გ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ა. გ–ს მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას, კერძოდ აღნიშნული დასტურდება: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების – ე. ქ–ის და ნ. ხ–ას გამოკითხვის ოქმებით. ბრალდების მხარემ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქიტიკაზე და განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც ასახულია დაზარალებულის მიერ ვითარების აღდგენა, არის პირდაპირი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს საფუძვლად უნდა დაედო ა. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენისათვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. გ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და მიუთითებს, რომ ვინაიდან, დაზარალებულ ე. ქ–ის დაკითხვა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა, რადგან იგი არ იმყოფებოდა ს–ში და გამოქვეყნებული იქნა 2024 წლის 22 ნოემბრისა და 2024 წლის 23 ნოემბრის ე. ქ–ის გამოკითხვის ოქმები, რომელთა თანახმად, 2024 წლის 20 ნოემბერს იმყოფებოდა გ–ს რაიონის სოფელ მ–ში, მამამთილის სახლში, რა დროსაც დაახლოებით 16:00 საათზე, მამამთილმა – ა. გ–მა უთხრა, რომ ბავშვი ემილის არ იყო და ამის გამო თავს ღორივით მოაჭრიდა, უკეთესი იქნებოდა სახლიდან წასულიყო. მამამთილის მხრიდან განხორციელებული მუქარა მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე დღეს, როდესაც ექიმთან წავიდა, მამამთილის სახლში აღარ მისულა, რადგან შეეშინდა, რომ იგი მართლა მოკლავდა და თავს მოაჭრიდა. მან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ „ვ–ს“ საშუალებით უამბო დედას – ე. ა–ას, რომელიც იმყოფებოდა პ–ში. პოლიციაში მისვლამდე, ასევე, უამბო დედამისის დედას – ნ. ხ–ას.
5.3. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლიც მიუთითებდა ა. გ–ის მიერ ე. ქ–ის მიმართ დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5.4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ს–ში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ე. ქ–ის გამოკითხვის ოქმის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება მოხდა კანონის სრული დაცვით, რადგან იგი ს–ში არ იმყოფებოდა, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც დაასტურებდა ა. გ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა. საქმეში წარმოდგენილი მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველები და ისინი დაზარალებულისგან ფლობენ ინფორმაციას.
5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. საკასაციო პალატა ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ა. გ–ის ბრალდების დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მეტ-ნაკლებად შეიცავენ იმ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოების აღწერას, რაც ბრალად აქვს წარდგენილი გამართლებულს, თუმცა ისინი არასრულყოფილად აღწერენ მუქარის შინაარსს, ამასთან, არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით და არასაკმარისია პირის მსჯავრდებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე ვერ მოხერხდა უშუალოდ დაზარალებულის დაკითხვა, რომლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულება.
5.8. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის განმეორებას – მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ვინაიდან, ამგვარ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
5.9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე