საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.09.2026
საქმის ნომერი
2კ-53-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802226012991543

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№53I-26 28 სექტემბერი, 2026 წელი

დ. ე., №53I-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (Y.) დ.ის (D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. დ–ის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული არის შემდეგი:

1.1.1. 2026 წლის 20 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმაატის სპეციალიზებული რაიონთაშორისო საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა დადგენილება ე. დ–ის (Y. D.) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად სანქცირების შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ე.დ.ი ეჭვმიტანილია ყაზახეთის რესპუბლიკის სსკ-ის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

1.1.2. 2026 წლის 13 თებერვლიდან ე. დ–ი (Y. D.) ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

1.2. ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:

ე. დ–ს ბრალი ედება მასში, რომ 2020 წელს გაუჩნდა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, თაღლითურად დაუფლების განზრახვა. კერძოდ, ე. დ–ისთვის ცნობილი იყო, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტენდერებში უპირატესობა ენიჭებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში დამზადებულ პროდუქციას. ე. დ–მა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის სისრულეში მოყვანის მიზნითაც, თანამზრახველებთან ერთად ახორციელებდა უცხოელი მწარმოებლებისგან ცალკეული სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქციის შეძენას, წარმოშობის მონაცემების გაყალბებას და იმგვარად წარმოჩენას, რომ აღნიშნული პროდუქცია წარმოებული იყო ე. დ–ის მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის მიერ, რომელიც რეგისტრირებული იყო და ოპერირებას ახორციელებდა ყაზახეთის რესპუბლიკაში. ამასთან, ე. დ–ი და მისი თანამზრახველები უზრუნველყოფდნენ ყალბი დოკუმენტაციის და მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას, ასევე, საწარმოო ადგილას ექსპერტთა მისვლის გარეშე შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და შედეგად, საექსპერტო დასკვნები არ ასახავდა პროდუქციის რეალურ მდგომარეობასა და ღირებულებას. საბოლოოდ, ე. დ–ის მართვის ქვეშ მყოფმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მიუთითა, რომ თითქოს მისი პროდუქცია ნაწარმოები იყო ყ–ს რესპუბლიკაში, რაც იძლეოდა ტენდერებში ავტომატურად გამარჯვებულად გამოცხადების უფლებას. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის წარდგენით და სახელმწიფო ორგანოს მოტყუების გზით, კომპანიამ მიიღო უპირატესობა და გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რის შედეგადაც მასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2022–2025 წლებში ე. დ–ი და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში, 4 553 636 423 ტენგეს (დაახლოებით, 24 811 800 ლარი) ოდენობის ფულად თანხას, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს 2 465 359 400 ტენგეს (დაახლოებით 13 433 200 ლარი) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი.

2. ე. დ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2026 წლის 11 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. დ–ი.

2.2. 2026 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. დ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2026 წლის 19 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. დ–ის ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2.4. 2026 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. დ–ის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 11 სექტემბრამდე.

2.5. 2026 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, ე. დ–ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით – 2026 წლის 11 დეკემბრამდე.

2.6. ამჟამად, ე. დ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.7. 2026 წლის 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა და ითხოვა: დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. დ–ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორის, თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ე. დ–ის (Y. D.) ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ე. დ–ის (Y. D.) ექსტრადიციის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სსკ-ის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

2.9. 2026 წლის 4 აგვისტოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ე. დ–ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ე. დ–მა ჩაიდინა დანაშაული. ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას, რადგან ყაზახეთის რესპუბლიკა არ არის უსაფრთხო სახელმწიფო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხე. ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის ციხეებში არსებულ არასათანადო სამედიცინო პირობებში, შესაძლოა ავადმყოფ ე. დ–ის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ე. დ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ე. დ–ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ე. დ–ი 2026 წლის 11 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. დ–ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.

8. ამდენად, მოცემულ საქმეში ე. დ–ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

9. გარდა ამისა, დაცულია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

11. დანაშაულებრივი ქმედება, რომელის ჩადენისთვისაც მოითხოვება ე. დ–ის ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

13. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული სავარაუდოდ განხორციელდა 2022–2025 წლებში. ე. დ–ი 2026 წლის 13 თებერვლიდან იმყოფება ძებნაში.

14. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

15. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

16. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

17. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს ე. დ–ის უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მისი უფლებების დარღვევის ეჭვს წარმოშობდა.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

20. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

21. ე. დ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და არც თავშესაფარი აქვს მიცემული. გარდა ამისა, მისი ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არის უსაფრთხო სახელმწიფო. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

22. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

23. დაცვის მხარის განმარტებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი ე. დ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადგენად - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.

24. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ე. დ–ის მიმართ საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

25. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ე. დ–ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცით სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (Y.) დ–ის (D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე