დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.09.2026
საქმის ნომერი
2კ-50-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226013242494

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№50I-26 ქ. თბილისი

კ. ს., 50I-26 21 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. კ–ის (S. K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. კ–ის (S. K./Q., დაბადებული ..........) მიმართ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2025 წლის 15 აგვისტოს ტაჯიკეთის რესპუბლიკის ქ. დუშანბეს შოხმანსურის რაიონის პირველი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ, ს. კ–ის (S. K.) მიერ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით;

1.2. 2025 წლის 13 სექტემბერს დუშანბეს შოხმანსურის რაიონის პირველი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება ს. კ–ის (S. K.) ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ს. კ–ის (S. K.) მიერ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია – ორი დასრულებული ეპიზოდი) და 247-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით;

1.3. 2025 წლის 13 სექტემბერს ქ. დუშანბეს შოხმანსურის რაიონის პირველი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება ს. კ–ს (S. K.) მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ;

1.4. 2025 წლის 17 სექტემბერს ქ. დუშანბეს შოხმანსურის რაიონის სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ს. კ–ს (S. K.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;

1.5. 2026 წლის 23 თებერვლიდან ს. კ–ი (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ს. კ–ის (S. K.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2026 წლის 29 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. კ–ი (S. K.);

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის განჩინებით ს. კ–ს (S. K.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.3. 2026 წლის 16 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ს. კ–ის (S. K.) ექსტრადიციის თაობაზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 25 ივნისს განჩინებით ს. კ–ის (S. K.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 29 სექტემბრამდე;

2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით ს. კ–ის (S. K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 25 ივნისის განჩინებაზე, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. კ–ის (S. K.) მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.6. ს. კ–ი (S. K.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № .. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2022 წლის ნოემბერში, ქალაქ დუშანბეს შოხმანსურის რაიონში, ს. კ–მა (S. K.) მოიპოვა დაზარალებულის ნდობა და თანხის გადახდის პირობით, მოტყუებით მიიღო 5000 სომონის ოდენობის გამაგრილებელი სასმელები და მიიმალა. აღნიშნულის შედეგად, ს. კ–მა (S. K.) თავისი დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულს მიყანება 5000 ტაჯიკური სომონის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი;

3.2. 2025 წლის 3 ივლისს, ს. კ–მა (S. K.) ქ. დ–ში, რესტორან „უ–ში“, მოიპოვა მიმტანის ნდობა, მიირთვა 890 ტ–ი .... ღირებულის კერძები, ისე რომ მომსახურებისა და საკვების ღირებულება არ გადაუხდია, რითიც აღნიშნულ რესტორანს მიაყენა 890 ..... ოდენობის, მნიშვნელოვანი ზიანი;

3.3. 2025 წლის 1 ივლისს, ს. კ–მა (S. K.) ქ. დ–ში, მოტყუების გზით, დაზარალებულისაგან მიიღო 13 000 სომონის ოდენობის ფულადი თანხა, იმ პირობით, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა “BMW” მარკის ავტომობილს, თუმცა, ს. კ–მა თანხა მიისაკუთრა და მიიმალა, რითიც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობის – 13 000 ..... – ზიანი.

4. 2026 წლის 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია ტაჯიკეთის რესპუბლიკის 2025 წლის 13 სექტემბრის ქ. დუშანბეს შოხმანსურის რაიონის პირველი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის დადგენილებაში ს. კ–ის (S. K.) ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია (ორი დასრულებული ეპიზოდი)) და 247-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია ტაჯიკეთის რესპუბლიკის 2025 წლის 13 სექტემბრის ქ. დუშანბეს შოხმანსურის რაიონის პირველი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის დადგენილებაში ს. კ–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია (2 დასრულებული ეპიზოდი)) და 247-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს. კ–ის (S. K.) ინტერესების დამცველი ადვოკატი – დ. თ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ს. კ–ის (S. K.) ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმებას. ადვოკატი უთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-2 მუხლზე, ასევე – „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე. კასატორის მტკიცებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, იგი იყო მაიორი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ იდევნება, აღნიშნული ბრალდებაც სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც საექსტრადიციო მასალებში მოიპოვება მტკიცებულება ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2026 წლის 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია ტაჯიკეთის რესპუბლიკის 2025 წლის 13 სექტემბრის ქ. დუშანბეს შოხმანსურის რაიონის პირველი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის დადგენილებაში ს. კ–ის (S. K.) ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია (ორი დასრულებული ეპიზოდი)) და 247-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით).

4. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. ზემოაღნიშნული ქმედება დასჯადია ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შესაბამისად, რვიდან ხუთ წლამდე და ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

5.2. მითითებული ქმედებები საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

6. ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება შეუძლებელია ან განაჩენის გამოტანა არ შეიძლება ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. ტაჯიკეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული ტაჯიკეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით;

6.2. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომლის ჩადენაც ბრალად ედება ს. კ–ს (S. K.) განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე და 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

6.3. ს. კ–ის (S. K.) მიერ, ბრალად შერაცხული ქმედებები განხორციელდა 2022 და 2025 წელს. ამასთან, 2025 წელს, ს. კ–ის (S. K.) მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი იძებნება ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.

7. ს. კ–ის (S. K.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის გადაცემა არ მოხდება, თუ პირი, რომლის ექსტრადიცია მოითხოვება, არის თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ს. კ–ი (S. K.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე (ტ. N1; ს.ფ.69).

8.2. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 6 აპრილს ს. კ–მა (S. K.) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 2026 წლის პირველ მაისს, მას უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის სტატუსის, ისე დამატებითი დაცვის მინიჭებაზე. ამჟამად, ს. კ–ი (S. K.) არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში.

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.

9.1. კასატრორის მტკიცებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი იყო მაიორი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ იდევნება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი არ უთითებს აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ არც კონკრეტულ არგუმენტაციას და არც რაიმე სახის რელევანტურ ინფორმაციას/მტკიცებულებას; საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის, საფრთხე. შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ს. კ–ის (S. K.) სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე.

9.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005). ამასთან, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადება არ არის საკმარისი მტკიცების შესაბამისი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, თუ არ არის წარმოდგენილი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (Chentiev and Ibragimov v. Slovenia, no 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010).

9.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ს. კ–ის (S. K.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

10. გარდა ამისა, კასატორი არ უთითებს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებზე დაყრდნობით, რომ ს. კ–ის (S. K.) საქმეში არის რაიმე აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

10.1. არ არის წარმოდგენილი არც რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება, რაც ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განსახილველი სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

10.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა დეტალური გარანტიები ს. კ–ის (S. K.) უფლებების სათანადო დაცვასთან დაკავშირებით (ტ. N2; ს.ფ. 164-170). კერძოდ, აღნიშნული გარანტიების, თანახმად, ს. კ–ის (S. K.) მიმართ არ განხორციელდება დევნა ან/და დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით და იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. ამასთან, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, იგი უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატის მომსახურებით. ტაჯიკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, დანაშაულები, რომლისთვისაც მოითხოვება ს. კ–ის (S. K.) ექსტრადიცია არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ან უვადო თავისუფლების აღკვეთს. ს. კ–ის (S. K.) ექსტრადიცია არ ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს. გარდა ამისა, ს. კ–ის (S. K.) ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი მოთავსებულ იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება ყველა საერთაშორისო მოთხოვნა/პირობა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ს. კ–ის (S. K.) ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში.

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ უთითებს და წარმოდგენილი მასალებითაც არ იკვეთება, რომ ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეუსაბამოა „ადამიანის უფლებათა და ძირთად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

13. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par. 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. კ–ის (S. K.) ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს. კ–ის (S. K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. თ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე