საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.09.2026
საქმის ნომერი
2კ-239აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100124009619031

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №239აპ-26 ქ. თბილისი

მ. ლ., 239აპ-26 29 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ია მეფარიშვილის და მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. მ–ს, – პირადი ნომერი: ............, – ბრალად ედებოდა:

1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;

1.2. 2024 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ო–ში მდებარე სკვერ „გამწვანების“ ტერიტორიაზე ლ. მ–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, გ. თ–ს თანნაქონი დანით თავდაპირველად ლავიწის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, შემდეგ კი გულმკერდის უკანა ზედაპირზე ოჯერ დაარტყა დანა და მიაყენა შემავალი ჭრილობები, თუმცა საკუთარი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან დროული და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა გ. თ–ის სიცოცხლის გადარჩენა.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განაჩენით ლ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.1. ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის – სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა – 5 წლით;

2.2. ლ. მ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2024 წლის 26 აპრილიდან 2024 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ: 2024 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ო–ში მდებარე სკვერ „გ–ს“ ტერიტორიაზე ლ. მ–მა შურისძიების მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, მის ხელთ არსებული მჭრელი თვისების მქონე საგნის გამოყენებით გ. თ–ს გულმკერდის წინა (ერთი ზედაპირული) და უკანა ზედაპირზე (ორი შემავალი) მიაყენა ჭრილობები, რამაც გ. თ–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება და აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,ლ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2024 წლის 26 აპრილიდან 2024 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან”.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა მოითხოვა ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5.2. მსჯავრდებულ ლ. მ–ის ადვოკატმა – გ. გ–მა მოითხოვა ლ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო მისი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება დამდგარი შედეგის მიხედვით – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

7.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ია მეფარიშვილი ითხოვს ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;

7.2. მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. გ–ი ითხოვს ლ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო მისი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილი ქმედების დამდგარი შედეგის მიხედვით – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

8.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37,41, ECtHR, 20/03/2009).

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

11. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. კერძოდ, ბრალდების მხარე ითხოვს ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – მის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას.

12.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია ლ. მ–მა მიაყენა თუ არა ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსა და წინა ზედაპირზე გ. თ–ს, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, იგი მოქმედებდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების თუ მკვლელობის განზრახვით.

13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის – ლ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობა – დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს (მოწმის ჩვენება არის – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ), ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის დანაწესს (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა), ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენება არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, მაგალითად, აუდიოჩანაწერს.

13.1.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,თავისუფალ გარემოში ფორმირებული ამ ტიპის მტკიცებულებები, როდესაც ჩანაწერების ფიგურანტები მოქმედებენ თავისუფალი ნებით, ყოველგვარი ზემოქმედებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის საფრთხის გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას, უპირობოდ მნიშვნელოვანია” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 27 მაისის №14აპ-26, 2025 წლის 10 მარტის №965აპ-24, 2024 წლის 10 ივნისის №109აპ-24, 2024 წლის 22 იანვრის №893აპ-23 განჩინებები).

14. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, იმ გარემოებას, რომ:

14.1. ფარული საგამოძიებო მოქმედების – ფარული აუდიოჩაწერა/ვიდეოჩაწერა – შედეგად (რომელიც განხორციელდა ქ. კ–ში, ს–ს ქ. N...-ში მდებარე სამედიცინო ცენტრ ,,მ–ს“ N...-ე პალატაში, სადაც მოთავსებული იყო გ. თ–ი) მოპოვებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების მონაწილე დაზარალებული სხვა პირებთან ერთად საუბრობს 2024 წლის 20 აპრილს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მოსაუბრეები ცდილობენ იპოვონ გამოსავალი, როგორ აარიდონ პასუხისმგებლობა მსჯავრდებულს (თანამოსაუბრე: ,,ბიჭო არაფერ არ უთხრა, შენ უთხარი მე არ ვიციო კაცო, სახეზე ვიცნობო გაიგე, სახელი და გვარი მე არ ვიციო“, რასაც ეთანხმება დაზარალებული. საუბარი გრძელდება მოწმე ი. შ–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მან განმარტა, რომ დამნაშავემ რამდენჯერმე დაარტყა და დაზარალებულმა დაიყვირა, რომ დაჭრა, რა დროსაც დაჭრილთან მივიდა შ–ე. აღნიშნულთან დაკავშირებით თანამოსაუბრე დაზარალებულს ეუბნება: ,,- შენ არ თქვა რა“ და კვლავ აძლევს რჩევას, თქვას, რომ არ იცის სახელი და გვარი, ფოტოსურათზე შეუძლია ამოცნობა, ხოლო როცა წარუდგენენ შესაძლო ამოსაცნობად ფოტოებს, განმარტოს, რომ ფოტოზე გამოსახული პირი არ არის შესაძლო დამნაშავე“ (ტ. N2; ს.ფ.42-45). პალატიდან სატელეფონო კომუნიკაციისას დაზარალებული თანამოსაუბრეს უყვება, რომ უკნიდან ორ ადგილზე აქვს დარტყმული, იმავდროულად, ეუბნება, რომ გ. თ–ი უნდა სცემოს, ვინაიდან შემთხვევის დროს ,,დაჭრილი რომ ვიყავი, სისხლი გამდიოდა კიდევ მირტყამდა“. აღნიშნულზე თანამოსაუბრე ეკითხება, გაქცეულია თუ არა, რაზეც პასუხობს: ,,დაიჭირესო, წეღან მითხრეს, ისაო, ლ–ო და გ–ა უეჭველი სადმე იქნება“ (ტ. N2; ს.ფ. 53-54); დაზარალებული თანამოსაუბრესთან ასევე საუბრობს იმ საკითხზე თუ რას იტყვის გამოკითხვისას, კერძოდ, ამბობს, რომ იმას ეტყვის, რასაც მოიფიქრებს, მაგალითად: ,,არ მახსოვს რა. მთვრალი ვიყავი და მოვტრიალდი, მომხვდა და ვისი მომხვდა და საიდან მომხვდა არ ვიცი, არ დამინახია რა. მანახეთ ფოტო და გეტყვით. რავი თუ ეგაა, მარა რომც ვნახო მაინც არ ვიყავიმეთქი, შეტრიალებული ვიყავიმეთქი“. გარდა ამისა დაზარალებული მოსაუბრის კითხვაზე რას იტყვის გამოკითხვისას ვისთან მოუვიდა ჩხუბი, პასუხობს: ,,ყველაფერ ამოღებული აქვთ ძმა, რომ მივდივართ, ის ვიდეო მანახეს, ,,მ–თან“ (მაღაზია) ვართ. ,,მ–თან“ რომ გამოიარა, წამო ავიდეთო, ხომ მითხრა“, ასევე ამოღებულია სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია, – მოკლედ ,,ყველაფერი მაინც მანდეთ მიდის რა“. თანამოსაუბრე: ,,ხო ჩხუბი კი მაგასთან მომივიდა, მარა დანა ვინ დამარტყა არ ვიცი“, რაზეც დაზარალებული განმარტავს: ,,ჰო, რავი, ეხლა არ ვიცი, ხელს არ დავადებ“ (ტ. N2; ს.ფ. 55-56)).

14.1.1. ამდენად, აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ დაზარალებულმა ზუსტად იცოდა თუ ვინ მიაყენა სადავო დაზიანებები და სხვა პირებთან წინასწარ ისაუბრა/დაგეგმა თუ რა შინაარსის ჩვენება უნდა მიეცა სასამართლოში, რათა მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობა აერიდებინა – ,,ხელს არ დავადებ“. შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული აუდიოჩანაწერების შინაარსის გათვალისწინებით, არადამაჯერებელია დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს, დაზარალებულისათვის უცნობია თუ ვინ მიაყენა სადავო დაზიანება.

14.2. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2024 წლის 18 მაისის ოქმის თანახმად, დათვალიერდა კ–ს რაიონის სოფელ ო–ი მდებარე სუპერმარკეტ ,,მ–იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, 22:37:40 საათზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით ფეხით მარტო მიემართება გ. თ–ი. მას ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი და საუბრობს. 22:38:30 საათზე კადრში ჩნდება აღმოსავლეთიდან დასავლეთით ფეხით მიმავალი ლ. მ–ი. 22:38:48 საათზე ოთხ ბიჭს უკან მიყვება ორი ახალგაზრდა ბიჭი, მათ შორის, ი. შ–ე. 22:42:07 საათზე, მარკეტის კარების წინ გამავალ გზაზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიემართება გ. თ–ი, რომელსაც ხელში უკავია მობილური ტელეფონი, უყურებს ეკრანს, პასუხობს და იწყებს საუბარს (ტ. N3; ს.ფ.26-32).

14.3. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2024 წლის 22 მაისის ოქმის თანახმად, გ. თ–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2024 წლის 20 აპრილს ფიქსირდება ,,მ–ში” განხორციელებული შემავალი, გამავალი და უპასუხო ზარები ......მომხმარებელთან, რომელიც რეგისტრირებულია ლათინური შრიფტით, როგორც ,,L–o L–o”, კერძოდ, ფიქსირდება 8 უპასუხო შემომავალი ზარი, შემომავალი ზარი განხორციელებული 22:42 საათზე, შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება – ,,მიპასუხე რო გირეკავ”, 5 გამავალი ზარი (ტ. N3; ს.ფ. 99-125).

14.3.1. გამოთხოვილი ინტერნეტტრაფიკის მონაცემებით, 2024 წლის საღამოს საათებში, როგორც გ. თ–ი, აგრეთვე ლ. მ–ი ფიქსირდება, ანძებზე: ო–ი, ა–ი, ი–ი, ფერმა (ტ. N3; ს.ფ 169-228).

14.4. დაზარალებულმა გ. თ–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ პალატაში მარტო იწვა (15:57:10).

14.5. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჩანაწერში მოსაუბრე პირი არა მხოლოდ ზოგადად განიხილავს მომხდარ ფაქტს, არამედ საუბრობს უშუალოდ იმ შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც იგი დაზიანდა, და თანამოსაუბრეებისგან ისმენს და თავადაც აცნობს იმ კონკრეტულ ვერსიას, რომელიც შემდგომში სასამართლოში მის მიერ მიცემულ ჩვენებაში იქნა გადმოცემული (ფარულ ჩანაწერში მოსაუბრე წინასწარ საუბრობს სწორედ იმგვარი ვერსიის სასამართლოში წარმოდგენაზე, რომელიც შემდგომში დაზარალებულ გ. თ–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში იქნა ასახული). ამასთან, საუბარი მოიცავს ისეთ ფაქტობრივ დეტალებს, რომლებიც უშუალოდ ამ შემთხვევასთან და დაზარალებულის მიერ აღქმულ გარემოებებთან არის დაკავშირებული (ჭრილობების რაოდენობა, მიყენების კონკრეტული დრო, გარემოება, თანმიმდევრობა და სხვა). აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გამორიცხავს გონივრულ საფუძველს, რომ ჩანაწერში საუბრის მონაწილე შეიძლება ყოფილიყო სხვა პირი, რომელსაც მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა მომხდარი ფაქტის შესახებ.

14.6. ამდენად, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არგაზიარების შემთხვევაშიც, ჩანაწერის მოპოვების ადგილის, საუბრის შინაარსის (განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებული დეტალები), ჩანაწერში ასახული საუბრის დაზარალებულის შემდგომ ჩვენებასთან შინაარსობრივი თანხვედრისა და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ჩანაწერზე არ არსებობს ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზა (დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩანაწერში ასახული დიქტორის ხმა არ ეკუთვნის გ. თ–ს ან/და ჩანაწერს აღენიშნებოდა მონტაჟის ან/და ა.შ. კვალი, რაც სადავოდ ხდის მასში ასახული საუბრის სარწმუნოობას) სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს დაცვის მხარის ვერსია.

15. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს: დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულს დაზიანება მსჯავრდებულმა არ მიაყენა, ასევე – დაზარალებულის ჩვენებას (2024 წლის 20 აპრილს სიგარეტის გამო შელაპარაკება ჰქონდა პირთან, რომელიც სახეზე ახსოვს (მანამდეც ჰყავდა ნანახი), თუმცა ვინაობა არ იცის (15:36:28; 15:41:20). აღნიშნული პირი ლ. მ–ი არ იყო (ვინაიდან ამ უკანასკნელს იცნობს კარგად (15:36:59)), იგი 20 აპრილს საერთოდ არ უნახავს და არც ტელეფონზე დაურეკავს (15:41:57). შემთხვევის დროს იყო ნასვამი და ვერ გაიგო რა დროს დაიჭრა, მხოლოდ სისხლის დანახვაზე მიხვდა, რომ დაჭრილი იყო (15:42:46)), ისევე როგორც დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ ადასტურებს ლ. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება).

16.1. მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო, არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი სახის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება).

16.2. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

17. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას მოწმე ი. შ–ის საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელმეორედ დაკითხვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სსსკ-ი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას (მათ შორის, 239-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში), მოწმის სასამართლოში განმეორებით დაკითხვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს (პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეებმა მეორედ დაკითხვისას მტკიცების საგანთან მიმართებით თავდაპირველი ჩვენებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოწმის განმეორებითი დაკითხვა განხორციელდეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით – დაცვის მხარის მონაწილეობით და დაცვის მხარეს მიეცეს მოწმისთვის შეკითხვების დასმის/დაკითხვის შესაძლებლობა (იხ.: Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 164, ECtHR, 14/05/2020; შედარებისთვის იხ.: Cabral v. the Netherlands, no. 37617/10, paras. 10,13,34-37, ECtHR, 28/08/2018; Bondar v. Ukraine, no. 18895/08, paras. 75-82, ECtHR, 16/04/2019). ... მსგავს შემთხვევაში, თუ რომელი ჩვენება აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის სტანდარტს და რომელი მათგანი შეიძლება დაედოს საფუძვლად განაჩენს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს №572აპ-22 განჩინება).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება, რომ ლ. მ–მა გ. თ–ს მიაყენა სადავო დაზიანებები.

19. საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის დამატებით მტკიცებულებად დაშვებასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოძიების ეტაპზე სადავო ჩანაწერი არ დათვალიერებულა; შესაბამისი ექსპერტიზის არ ჩატარების/არ დანიშვნის მიზეზს; მოცემულ შემთხვევაში, გამოძიების ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზის დანიშვნის/ჩატარების შეუძლებლობას ან/და რაიმე ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობას, საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის არსს და მიზანს, – და კვლავ მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიების ორგანოსთვის დაკისრებულ ვალდებულებაზე, სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება.

20. ლ. მ–ის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – კვალიფიკაციით მსჯავრდების შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

20.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება გ. თ–ისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 14 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით დადგენილი დაზიანების – ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის უკანა ხაზზე, მე-7-8 ნეკნების დონეზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მე-7 ნეკნის, დიაფრაგმის გუმბათის, ელენთის, ბადექონის და კუჭის დაზიანებით, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი; ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი; ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწის საპროექციო არეში, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანებით – მიყენებისას მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა ან/და რეალურად არ ჰქონდა მისთვის დამატებითი დაზიანებების მიყენების შესაძლებლობა. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, ვერ დასტურდება, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს დამატებითი დაზიანების მიყენების შესაძლებლობა (მით უფრო, თვითმხილველმა მოწმემ – ი. შ–ემ – ჩვენებაში განმარტა, რომ ლ. მ–ს არავინ უშლიდა ხელს კვლავ დაერტყა დაზარალებულისათვის, ვინაიდან იქ არავინ იყო. გ–მ 30-40 მეტრი თავისი ფეხით გაიარა და ჩაჯდა ავტომანქანაში), – ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის პირობებში თავად შემოიფარგლა მიყენებული დაზიანებით თუ სიცოცხლის მოსპობის განზრახვის პირობებში, ობიექტურად არ მიეცა აღნიშნულის შესაძლებლობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს რამდენჯერმე დაარტყა, აღნიშნული თავისთავად ვერ ადასტურებს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას და, ამავე დროს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის განზრახვა მიმართული იყო მხოლოდ დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებისკენ.

20.2. იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება ლ. მ–ის მიერ გ. თ–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

20.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილსა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილს.

21. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 3 აპრილის №185აპ-26, 2026 წლის 4 მარტის №1036აპ-25 განჩინებები).

22. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

23. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

24. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, მე-6 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ლ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე