საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.10.2026
საქმის ნომერი
2კ-274აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100123006781148

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №274აპ-26 თბილისი

გ-ი რ, 274აპ-26 6 ოქტომბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების – რ. გ-ისა და რ. ვ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს-მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

1.1. რ. გ-ს ბრალად დაედო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ მ-ში, შ. ო-ის ფერმის ეზოში, რ. გ-მა რ. ვ-ნ ერთად, იმის გამო, რომ ტელეფონზე არ უპასუხა რ. გ-ს, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა სახეში შ. ო-ს, რა დროსაც შ. ო-მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები ტუჩისა და პირის ღრუს არეში.

რ. გ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნა. 2022 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით, 18:30 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე შ. ო-ის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, რ. გ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისთვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნას.

1.2. რ. ვ-ს ბრალად დაედო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით, 18:30 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ მ-ში, შ. ო-ის ფერმის ეზოში, რ. ვ-მა, რ. გ-ან ერთად, იმის გამო, რომ ტელეფონზე არ უპასუხა რ. გ-ს, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა სახეში შ. ო-ს, რა დროსაც შ. ო-მა პირზე აფარებული მარცხენა ხელის არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

რ. ვ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნა. 2022 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე შ. ო-ის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, რ. ვ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისთვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ვაზნას.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:

2.1. რ. გ-ი, დაბადებული ... წლის .... ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის ს 19.109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და:

საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 17 წლით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 17 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 21 დეკემბრიდან.

2.2. რ. ვ-ი, დაბადებული .. წლის ... მაისს, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და:

საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 17 წლით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 17 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 21 დეკემბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განაჩენით:

მსჯავრდებულების რ. გ-სა და რ. ვ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. კ-ს-მ-ისა და თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი რ. გ-ისა და რ. ვ-ის მიმართ, დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებულების რ. გ-ისა და რ. ვ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ-ს-მ-ი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და რ. ვ-ისა და რ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას; ხოლო, ალტერნატივის სახით, ითხოვს მათი ქმედების გადაკვალიფიცირებას ჯანმრთელობის დაზიანების შესაბამის მუხლზე;

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის მიერ მოგონილი ისტორიის შესაბამისად მოქმედებდა. დანაშაულის შემსწრე მოწმეები არ არსებობენ. აგრეთვე არ არის წარმოდგენილი დანაშაულის იარაღი და არ იკვეთება, თუ რა ძალის ზემოქმედებით დაზიანდა დაზარალებული. არც დაზარალებულსა და არც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ საგანზე არ აღმოჩენილა კვალი, რომელიც მსჯავრდებულებზე მიუთითებდა. იქვე მყოფმა მეზობლებმა ვერ გაიგეს ვერც ძაღლისა და ვერც გასროლის ხმა. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებათაგან ყველაზე მძიმე – ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა, დაცვის მხარისათვის გაუგებარია და უსამართლო, თუ რატომ არ შეცვალა სააპელაციო სასამართლომ დანაშაულის კვალიფიციკაცია. მსჯავრდებულები არიან ახალგაზრდები და ისინი წარსულში ნასამართლევნი არ ყოფილან. ისინი უსამართლოდ გაიწირნენ მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთისათვის.

5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, პროკურორმა – ალექსანდრე ანდღულაძემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა, რომ დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განაჩენი.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა ადვოკატის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ დაცვის მხარე.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო რ. ვ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

10. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა შ. ო-მა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას, მხარეთა უშუალო მონაწილეობით, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად დეტალურად/ქრონოლოგიურად გადმოსცა შემთხვევამდე და შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. მანვე სრული სიზუსტით მიუთითა ამ დანაშაულში მონაწილე პირთა თაობაზე; კერძოდ, მომხდარ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, რ. გ-მა ფული სთხოვა ავტომანქანის შესაკეთებლად, რომელიც მას ასესხა. დაზარალებულმა საქონელი გაყიდა, რის შემდეგაც რ-მა კვლავ სთხოვა 1500 ლარი. 2022 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, რ-მა აპლიკაცია „ვოტსაპიდან“ დაურეკა, ჰკითხა, სად იყო და მარტო იყო თუ – არა. მას შემდეგ, რაც რ-ს უთხრა, რომ ფერმაში მარტო იყო, რ-მა ტელეფონი გაუთიშა. ტელეფონი დასამუხტად დატოვა, ხოლო თავად ფერმაში სამეურნეო საქმიანობას შეუდგა. შებინდებისას, რ-ის ხმა გაიგო, ეძახდა, კარი გაეღო და დაინახა, რომ გარე განათების ქვეშ რ-ი და რ-ნი იდგნენ. რ-მა უსაყვედურა, დილიდან გირეკავ და რატომ არ მპასუხობო. ისინი ფერმაში არსებულ ოთახში შეიპატიჟა. რ-მა უარი უთხრა ძაღლების მეშინიაო. თავად ონკანთან ხელის დასაბანად მივიდა, რა დროსაც რ-ი და რ-ნი მიუახლოვდნენ. დაახლოებით, ხუთი მეტრი დარჩა მათ შორის, რა დროსაც დაინახა, რომ რ-ს იარაღი ეკავა ხელში, მიუშვირა მას, შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა, „ტელეფონზე რატომ არ მპასუხობო“ – და იარაღიდან ესროლა. დაზარალებულის განმარტებით, იგრძნო, როგორ მოხვდა ტყვია პირში. სამი კბილი რკინის ჰქონდა, რკინამ ტყვია შეაკავა, თავი დახარა. პირიდან სისხლი წამოუვიდა, თავი ასწია, რა დროსაც დაინახა, რომ პისტოლეტი რ-ს ეკავა, მანაც შეურაცმხყოფელი სიტყვა უთხრა, ასევე მიაძახა: „ესეც შენი დასასრულიო“ – და ესროლა. ხელის აფარება მოასწრო და მეორე ნასროლი მხარში მოხვდა. დაზარალებულის განმარტებით, იარაღი, რომელიც რ-სა და რ-ს ეკავათ, შესაძლებელია სხვა, ან/და ერთი და იგივე ყოფილიყო. მანვე არ გამორიცხა, რომ პირველი სროლის შემდეგ, როდესაც დაიხარა, იარაღი რ-ს მაშინ გადაეცა რ-სთვის. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ თავიდან რ-ნი ვერ დაინახა, რადგან რ-ის უკან იდგა. მეორე გასროლის შემდეგ რ-ის სახე ნათლად დაინახა და დაიმახსოვრა, მას ხელში იარაღი ეჭირა. დაზარალებულის განმარტებით, რკინის კბილები რომ არ ჰქონოდა, ტყვია პირის ღრუში შეაღწევდა. ხელი რომ არ აეფარებინა, გულში მოხვდებოდა და სიკვდილი ელოდა. მისთვის გაურკვეველია, რა მიზეზით ესროლეს რ-მა და რ-მა.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული და მასში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მასალებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, იგი შეეცადა გაქცევის გზით თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევას, თუმცა ფეხზე ეცვა ჩუსტები და დაეცა. იმავდროულად, ძაღლებმა დაიწყეს ყეფა, ერთ-ერთმა კი ჯაჭვი გაწყვიტა, რის გამოც, რ. გ-ი და რ. ვ-ი გაიქცნენ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შ. ო-ის საქონლის ფერმა, რა დროსაც მათ შორის ამოღებულია: მარჯვენა და მარცხენა „ფლოსტი“, კბილის ხიდის პროთეზი და ორი მასრა. ამავე დათვალიერების ოქმშია აღნიშნული, რომ ოთახში გენერატორზე მობილური ტელეფონი იტენება.

12. ამასთან, 2022 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, შ. ო-მა ამოიცნო მარცხნიდან მესამე ადგილზე განთავსებულ ფოტოზე აღბეჭდილი პირი (რ. ვ-ი). ხსენებულ ამოცნობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული შ. ო-ი თავდაპირველად გამოიკითხა შემთხვევიდან მეორე დღეს, 2022 წლის 15 დეკემბერს კლინიკაში, რა დროსაც დაზარალებულმა სხვა გარემოებებთან ერთად, აღნიშნა, რომ შეუძლია რ. გ-ან ერთად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის ამოცნობა, რომელმაც მას მკლავის არეში მიაყენა ჭრილობა. იმავდროულად, შ. ო-მა მიუთითა მის გარეგნულ ნიშან-თვისებებზეც. სწორედ შ. ო-ის აღნიშნული განმარტებები გახდა საფუძველი ჩატარებულიყო ფოტოსურათით ამოცნობა. განსახილველ შემთხვევაში, შ. ო-ან ამოცნობა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და დაზარალებულმა კონკრეტული ნიშნებით (რაც დეტალურად არის მითითებული ამოცნობის ოქმში), ამოიცნო რ. ვ-ი. საგულისხმოა, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა დაადასტურა, რომ პირველი გამოკითხვისას რ. ვ-ან დაკავშირებით არაფერი უთქვამს და რომ რ. ვ-ი ამოცნობისას ამოიცნო. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციას ამოცნობის კანონის დარღვევით ჩატარების თაობაზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

13. ფაქტს, რომ რ. გ-ს დაზარალებულის ვალი ჰქონდა და მისი არსებობის პირობებში, კვლავ სთხოვა, ესესხებინა ფული, ადასტურებს მოწმე ფ. ბ-ი.

14. მომხდარი ფაქტისა და დამნაშავეთა გაქცევის შემდგომ დაზარალებული დახმარების სათხოვნელად წავიდა ე. გ-ან, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა ა. ს-ი. ორივე მათგანი დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას. მათი ჩვენებებით დგინდება, რომ უშუალოდ ნახეს დაჭრილი შ. ო-ი, რომელსაც პირიდან სისხლი სდიოდა. მოწმე ე. გ-ის ჩვენებით, შ-მა მას უთხრა, რომ ესროლეს, დაჭრეს, კვდებოდა და სთხოვა საავადმყოფოში წაეყვანა. გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება სკოლის ტერიტორიაზე არ მივიდა, რის გამოც მან თავად წაიყვანა შ-ი საავდმყოფოში, სადაც მათ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა დასმულ კითხვაზეც შ-მა უპასუხა, რომ მას ესროლეს. ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შ. ო-ი მართლაც თვითდინებით მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში დასტურდება მოწმე ხ. ე-ის ჩვენებით. შპს „ა-ის“ ქირურგმა, მოწმის სახით დაკითხულმა დ. ჩ-მა, განმარტა, რომ პაციენტს ჰქონდა მეტყველების პრობლემა ენისა და კბილების ღრმა დაზიანების გამო. პაციენტის რენტგენოლოგიური კვლევისას გამოიკვეთა მეტალის ფრაგმენტები იდაყვის სახსარსა და პირის ღრუში, ენის ქსოვილში.

15. შ. ო-ის მიყენებული დაზიანებები ასახულია სამედიცინო დოკუმენტაციაში; ასევე დადგენილია სამედიცინო საექსპერტო კვლევის შედეგებით, რომლის თანახმადაც, შ. ო-ს 2022 წლის 14 დეკემბერს აღენიშნებოდა ჭრილობები მარცხენა ზედა ტუჩის მიდამოში, შემავალი პირის ღრუში; ასევე ჭრილობა, მარცხენა წინამხრის მიდამოში. ოპერაციულად დაუდგინდა ენის მიდამოს ცეცხლნასროლი უცხო სხეულები პირის ღრუში, ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა. მარცხენა წინამხრის ცეცხლნასროლი ჭრილობა, იდაყვის ნერვის, იდაყვის არტერიისა და მაჯის იდაყვისკენ მომხრელი კუნთის დაზიანებით, უცხო სხეული ჭრილობაში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის/ჭურვების მოქმედებითა და ერთობლივად განეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო ბარათში მითითებულ თარიღს.

16. დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომელშიც მიუთითებს, რომ მას რ-მა და რ-მა იარაღიდან ესროლეს, გარდა სამედიცინო ექსპერტიზისა, აგრეთვე დადასტურებულია ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებითაც. ტრასოლოგიური საექსპერტო კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ შ. ო-ის ჟაკეტზე არსებული N1 დაზიანება ცეცხლნასროლია. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. შ-მა დაადასტურა, რომ ბალისტიკურ დასკვნაში მითითებული ორი მასრა და ერთი ტყვია არის ერთი ვაზნის შემადგენელი ნაწილი. გასროლამდე ვაზნის შემადგენელი ნაწილი იყო და საბრძოლო მასალას განეკუთვნებოდა და გასროლილია ქარხნული წესით დამზადებული შესაბამისი კალიბრის იარაღიდან. რაც შეეხება ადვოკატის მიერ გამამართლებელი განაჩენის მოთხოვნას, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოღებულა, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის მხედველობაში მიღებით (დაზარალებულის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნები) არ ეთანხმება ადვოკატის პოზიციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №2კ-254აპ.-08 და №355აპ-20 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

17. მოწმე უ. ნ-ის ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მსჯავრდებულები რ. გ-ი და რ. ვ-ი დანაშაულის ჩადენის შემდგომ ერთად გადაადგილდებიან და ისინი უ. ნ-ან მიდიან (ლ-ის რაიონის სოფელ გ-აში).

18. რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მითითებას ქმედების დამდგარი შედეგით დაკვალიფიცირების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ქმედების სუბიექტური შემადგენლობის, განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 გადაწყვეტილება). ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა აფასებს, ,,რა იარაღით არის ჩადენილი დანაშაული; როგორია მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე, ლოკალიზაცია, მათი სიმძიმის ხარისხი; ქმედების შეწყვეტის მიზეზები.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №882აპ-21 გადაწყვეტილება).

19. რ. გ-ისა და რ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მათ მიერ დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა და ადგილმდებარეობა სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში (სახის არე) ადასტურებს იმას, რომ მათი ქმედებიდან გამომდინარე, ისინი დაზარალებულის სიკვდილს უცილობლად ითვალისწინებდნენ, რაც მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო არ დამდგარა და დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი ახლო მანძილიდან, დამიზნებით. დაზარალებულმა მიუთითა რ. ვ-ის მიერ მისთვის ნათქვამი სიტყვები: – „ესეც შენი დასასრული“. ყურადსაღებია, დანაშაულის ჩადენის შემდგომ დამნაშავეთა ქცევაც, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული დატოვება ტყის პირას. როგორც დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რ. გ-ის ნასროლი ტყვია მას პირში მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ სამი კბილი რკინის ჰქონდა, რკინამ ტყვია შეაკავა. რაც შეეხება რ. ვ-ის ნასროლს, დაზარალებულის განმარტებით, მან ხელის აფარება მოასწრო და მისი ნასროლი მხარში მოხვდა. საგულისხმოა, რომ, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, საგამოძიებო მოქმედების შედეგად სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა კბილის ხიდის პროთეზიც. ამასთანავე, ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ნ. ე-ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული კბილის პროთეზის ნატეხზე არსებული სისხლის ნიმუში დაემთხვა შ. ო-ის სისხლს ნიმუშს.

20. მაშასადამე, საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიიჩნევს, რომ რ. ვ-მა და რ. გ-მა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად. აგრეთვე რ. გ-ა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, ხოლო რ. ვ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით დეტალურად არის მიმოხილული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (რაც საკასაციო პალატამ ამავე მოცულობით აღარ გაიმეორა) და მათი ერთობლივი ანალიზით დასაბუთებულია რ. ვ-ისა და რ. გ-ის, როგორც დამნაშავედ ცნობა, ისე – მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთათვის დანიშნული სასჯელი (რომელიც სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვართან არის მიახლოებული). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების რ. გ-ისა და რ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს-მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე