საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2026
საქმის ნომერი
2კ-362აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №130100122006543915

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე 362აპ-26 ქ. თბილისი

ჩ–ი ზ., 362აპ-26 9 ოქტომბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 19 მარტის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჩ–ს, – პირადი ნომერი: ..........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით;

1.1.1. 2022 წლის 30 ოქტომბერს, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ჩ–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, თავისი მეუღლის, მ. რ–ის მიმართ, კერძოდ, ორივე ხელზე მოუჭირა ხელები, რაც გაგრძელდა გარკვეული დროის განმავლობაში. ჩდენილი ძალადობის შედეგად, მ. რ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზ. ჩ–ის მიერ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტს შეესწრო მ. რ–ის არასრულწლოვანი შვილი – თ. ჩ–ი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.2.1. 2022 წლის 30 ოქტომბერს, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ჩ–ი ნაჯახის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს მ. რ–ს, რომელსაც ხსენებულიდან გამომდინარე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით:

2.1. ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ზ. ჩ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა საქართელოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართელოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა– ქ. გ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 19 მარტის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ბაჩანა ქარქუზაშვილმა. კასატორი ითხოვს ზ. ჩ–ის საქართელოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ზ. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ქ. გ–მა. დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ზ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე, შესაგებლით, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. ჩ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. დაზარალებულმა მ. რ–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო/გამორიცხა ყოფილი მეუღლის – ზ. ჩ–ის – მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ან/და მუქარის ფაქტი/ები და, მათ შორის, განმარტა, რომ: 2022 წლის 30 ოქტომბერს მასა და მეუღლეს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ზ. ჩ–ს მისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. დაზარალებულის განმარტებით, მის გამოკითხვის ოქმში ჩანაწერი, რომ ზ–მა ორივე ხელი მოუჭირა და ეტკინა, არასწორია. ხელი მოუჭირა, მაგრამ არ სტკენია. არ არის სიმართლე, რომ ზ–მა ხელში ნაჯახი აიღო და გამოეკიდა ყვირილით – „მოგკლავთ“. მას ნაჯახი არ დაუნახავს. ზ–ი არ დამუქრებია და ისეთი არაფერი უთქვამს, გამოერიდნენ, რადგან იყო ნასვამი.

10.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შესაძლო დანაშაულის შემსწრე მოწმემ – მ. რ–ის არასრულწლოვანმა შვილმა – თ. ჩ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, მამის – ზ. ჩ–ის – წინააღმდეგ.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც, მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი).

12. ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, და უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს.

13. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ. რ–ის ჩვენების (სასამართლო სხდომაზე უარყო გამართლებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ან/და მუქარის ფაქტი), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლო დანაშაულის შემსწრე მოწმემ – თ. ჩ–მა – ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირების, კერძოდ: გ. ქ–ს, ა. ს–ს, თ. ქ–ს, გ. ა–ს, თ. ა–ს, გ. გ–ს, ნ. ზ–ს, რ. ჩ–ს, ასევე – გ. ჩ–ს (ზ. ჩ–ის ძმისშვილი. მონაწილეობა მიიღო ზ. ჩ–ის სახლის და გარე ტერიტორიის ჩხრეკაში) ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი) საკმარისია ზ. ჩ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

14.1. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებელების/ექსპერტების ჩვენებები, რომელზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი, არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – ზ. ჩ–ის მიერ მ. რ–ის მიმართ ძალადობის ან/და მუქარის – შემსწრე არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულის ან/და მოწმე თ. ჩ–ისაგან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს აღნიშნული გარემოებები. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

14.2. ამასთან, თ. ჩ–ის შეტყობინება გარდა იმისა, რომ უთითებს მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტზე (ინიციატორი თ. ჩ–ი ატყობინებს, რომ ოჯახში არის კონფლიქტი, აღელვებული ითხოვს საპატრულო პოლიციის დახმარებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ მალე არ მივა პოლიცია შესაძლოა სასწრაფო დახმარებაც დასჭირდეთ (ტ. N1; ს.ფ. 2)), აღნიშნული მტკიცებულების პირველწყარო არის მოწმე თ. ჩ–ი, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მამის – ზ. ჩ–ის – წინააღმდეგ. დაზარალებულის/მოწმის შეტყობინება კი ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის/მოწმის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2024 წლის 25 აპრილის N86აპ-24 და 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23).

14.3. იმავდროულად, 2022 წლის 30 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერსა და მისი ოქმთან (სადაც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ზ. ჩ–მა მეუღლის, მ. რ–ის, მიმართ, არასრულწლოვანი შვილი თ. ჩ–ის თანდასწრებით იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით) მიმართებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, შემაკავებელი ორდერი უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის დაზარალებული, რომლმაც დაკითხვისას არ დაადასტურა აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახული ინფორმაცია (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N661აპ-25 განჩინება);

14.4. სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 1 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ მ. რ–ს პირადი გასინჯვისას სხეულზე, ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა (ტ. N1; ს.ფ. 178-181).

14.5. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ გამართლებულის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების უარყოფის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დაზარალებულის მიერ ტკივილის ან/და შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.

15. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე ზ. ჩ–ის მსჯავრდებისათვის უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლის წყარო არის ის დაზარალებული და მოწმე, რომლებმა არ დაადასტურეს პირის ბრალდების დადგენილებაში/გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები; სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს ეჭვი შეეტანა დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. ჩ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის/ების ჩადენას.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

18. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

19. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 19 მარტის განაჩენზე, ზ. ჩ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე