საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2026
საქმის ნომერი
2კ-443აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100122005964791

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №443აპ-26 ქ. თბილისი

ს. ა., 443აპ-26 9 ოქტომბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. ს–ს, - პირადი ნომრით: ............, - ბრალად ედებოდა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ა. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის N......... ბრძანებით დაინიშნა შპს „კ–ის“ საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2018-დან 01.05.2021 მდე. შპს „კ–ს“ (ს/ნ .........) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თ–დან ბავშვისა და მოზარდის ტანსაცმლის იმპორტი და ს–ში რეალიზაცია. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. შპს „კ–ის“ დირექტორია ა. ს–ი. საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა 258 664 ლარი,მათ შორის, ძირითადი 155 422 ლარი, ჯარიმა 77 085 ლარი. 2022 წლის 21 აპრილს გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო პირადად. მოთხოვნა არც დავების დეპარტამენტსა და არც სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენით:

2.1. ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულებიდან – 2025 წლის 30 მაისის 10:32 საათიდან და იგი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურტუამ მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და ა. ს–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3.2. მსჯავრდებულ ა. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ბ–ემ მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ა. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

4.2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

4.4. ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.5. ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან - 2025 წლის 30 მაისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. კასატორი ითხოვს ა. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ ა. ს–ისათვის განსაზღვრული სასჯელების გამკაცრებას.

9. კასატორი მოთხოვნის დასაბუთების და გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უსამართლობის მტკიცებისთვის უთითებს იმ გარემოებაზე რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი (155 422 ლარი) არ არის ანაზღაურებული.

10. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

11. გასაჩივრებული განაჩენით ა. ს–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, მინიმალური ხანგრძლივობით – 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ ა. ს–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა, რითიც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე ის გარემოება, რომ ა. ს–ი ნასამართლობის არმქონეა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

13. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

14. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც უთითებს კასატორი საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22; 2024 წლის 10 ივლისის №36აპ-24, 2024 წლის 17 ივლისის №500აპ-22).

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

16. ა. ს–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). ბრალდების მხარეს კი სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის განაჩენზე განაჩენზე ა. ს–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე