საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100125011761476
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №403აპ-26 ქ. თბილისი
მ. გ., 403აპ-26 7 ოქტომბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 მარტის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. მ–ს, – პირადი ნომრით: ........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივლისს, „.........ს“ გზატკეცილის მე-2 კმ-ზე (ამჟამად ქ. ....ე, ჯ...ს ქუჩა), „Toyota-ს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ....) მძღოლმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გ. მ–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა გზის გვერდულზე არსებულ ბეტონის ბოძს, შემდეგ ამავე გვერდულზე გაჩერებულ „Mitsubishi-ის“ მარკის ავტომანქანასა (..... ფედერაციის სახელმწიფო ნომრით ........) და „Honda Fit-ის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ......). შეჯახების შედეგად გ. მ–ის მგზავრმა თ. დ–ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო, ხოლო „Mitsubishi-ის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა ს. ა–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
1.2. ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივლისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ. მ–ი, „Toyota-ს“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით ......) გადაადგილდებოდა „........ის“ გზატკეცილის მე-.. კმ-ზე (ამჟამად ქ. ა–ე, ჯ–ს ქუჩა), რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა, შეეჯახა გზის გვერდულზე არსებულ ბეტონის ბოძსა და ავტომანქანებს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი მისმა მგზავრმა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორის მიერ ალკოტესტით შემოწმების შედეგად გ. მ–ს დაუდგინდა 1,994 პრომილის ალკოჰოლური თრობა. გ. მ–მა, მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და თავისი ალკოჰოლური თრობის დამალვის მიზნით, მისი მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომძიებელს, ზ. მ–ეს წარუდგინა სხვა, მდედრობითი სქესის მქონე პირის სისხლი, რომელიც შემდგომი ქიმიური კვლევისთვის გადაგზავნილი იქნა სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თითქოსდა “გ. მ–ის სისხლში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი”.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
2.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა გ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი, სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა. კასატორი ითხოვს გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი, სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ.
8.2. კასატორი ითხოვს გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პიველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის კანონიერი, სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილში არ არის მითითებული მსჯავრდებულ გ. მ–ის სახელი და გვარი, იმავდროულად, არ არის მითითებული გ. მ–ის რომელი მუხლებით მსჯავრდებას ითხოვს კასატორი. საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილის დასკვნით ნაწილში მართალია, მითითებულია კასატორის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პიველი ნაწილით პირის მსჯავრდების შესახებ, თუმცა ნაცვლად გ. მ–ისა მითითებულია ბ. ხ.
9. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ 2019 წლის 13 ივლისს, „........ის“ გზატკეცილის მე-2 კმ-ზე (ამჟამად ქ. ა–ე, ჯ–ს ქუჩა), „Toyota-ს“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით .....) მძღოლმა, გ. მ–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა გზის გვერდულზე არსებულ ბეტონის ბოძს, შემდეგ ამავე გვერდულზე გაჩერებულ „Mitsubishi-ის“ მარკის ავტომანქანასა (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ნომრით .........) და „Honda Fit-ის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით .........). შეჯახების შედეგად გ. მ–ის მგზავრმა თ. დ–ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო, ხოლო „Mitsubishi-ის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა ს. ა–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
9.1. მხარეთა შორის დავის საგანია 2019 წლის 13 ივლისს მომხდარი ავტოავარიის დროს გ. მ–ი იმყოფებოდა თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ასევე გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება განსახილველი ავტოსაგზაო შემთხვევისას გ. მ–ის ყოფნა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კასატორი მოთხოვნის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმეთა: ა. ბ–ის, ე. ლ–ის, გამომძიებელ ზ. ზ–ის ჩვენებებზე, გ. მ–ის მიმართ ჩატარებულ ალკოტესტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილების წერილზე.
10.1. 2019 წლის 13 ივლისის ალკოტესტით (ალკომეტრი ......., N...... (ალკოტესტის ქვითრის ამოღების ოქმში ალკოტესტის ნომრად მითითებულია N.......) შემოწმების ქვითრით დასტურდება, რომ 13.07.2019 წელს, 18:12:05 საათზე, ა. ბ–ის მიერ ალკოტესტით შემოწმებული იქნა გ. მ–ი, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 1,994 პრომილე.
10.1.1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ, 2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული ინფორმაციით, 2019 წლის 13 ივლისს ექსპლუატაციაში არსებულ ალკოტესტებს გავლილი ჰქონდა სავალდებულო პერიოდული დამოწმება საქართველოს კანონის - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად. ა. ბ–მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ალკოტესტი, რომლითაც შეამოწმა გ. მ–ი იყო გამართული. ე. ლ–ემ ჩვენებაში მიუთითა, რომ ალკოტესტის პასუხი არის ზუსტი, რადგან ის ყოველთვის გადის გარკვეულ შემოწმებას, კალიბრაციას. იმავდროულად, გ. მ–ის ალკოტესტით შემოწმების ქვითარზე მითითებულია ალკომეტრის კალიბრაციის თარიღი 2016-11-09 და დადასტურების თარიღი – 2013-07-05.
10.2. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება 2019 წლის 13 ივლისს გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. სასჯელის გამკაცრების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
11.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს არც ერთ არგუმენტს. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.
12. გ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალადწარდგენილ ქმედებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
12.1. მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ. მ–ის სიმთვრალე/სიფხიზლის დასადგენად სსიპ – ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარდა არა გ. მ–ის, არამედ მდედრობითი სქესის პირის სისხლის ნიმუშს (იხ.: 2019 წლის 13 სექტემბრის N......... ექსპერტიზის დასკვნა ტ.1 , ს.ფ. 245-251).
12.2. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. მ–ისთვის მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისა და ალკოჰოლით თრობის ფაქტის დასამალად, საექსპერტო კვლევისათვის პირადად მან ან სხვა პირის მეშვეობით/დახმარებით წარადგინა სხვა, მდედრობითი სქესის პირის სისხლი.
12.3. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ლ. მ–ის (კლინიკა „ი-ს“ ექთანი), გამომძიებელ ზ. მ–ის, ექსპერტების: ც. გ–სა და ნ. კ–ს გამოკითხვის ოქმებს.
12.4. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოარდგენს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქული სისხლის ნიმუში, რომლის პაკეტსაც ეწერა „გ. მ–ის სისხლის ნიმუში“, ამასთან 2019 წლის 25 სექტემბრის N.......... ხელწერილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები განლაგებული: „პოლიეთილენის პარკზე დამაგრებულ ქაღალდის ლუქზე ........., გ. მ–ი სისხლის ნიმუში, გ.მ–ი, ლ.მ–ე, ზ.მ–ე“, შესრულებულია ზ. მ–ის მიერ; ხელმოწერა, გ. მ–ის სახელით, განლაგებული პოლიეთილენის პარკზე დამაგრებულ ქაღალდის ლუქზე, რიგით პირველი ხელმოწერა, შესრულებულია გ. მ–ის მიერ; ხელმოწერა ლ. მ–ის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული პოლიეთილენის პარკზე დამაგრებულ ქაღალდის ლუქზე, რიგით მეორე ხელმოწერა შესრულებულია ლ. მ–ის მიერ; ხელმოწერა ზ. მ–ის სახელით, განლაგებული პოლიეთილენის პარკზე დამაგრებულ ქაღალდის ლუქზე, რიგით მეოთხე ხელმოწერა შესრულებულია ზ. მ–ის მიერ.
12.5. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 26 სექტემბრის N.........., 2019 წლის 10 ოქტომბრის N........... და 2019 წლის 28 ოქტომბრის N........ ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ექსპერტიზისათვის წარდგენილი სისხლის ნიმუში (რომელზეც ჩატარდა გ. მ–ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა) არ ეკუთვნით თ. დ–ეს, თ. პ–ს ან ლ. მ–ეს.
12.6. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კასატორი გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დადასტურებას ცდილობს ექსპერტებისა ც. გ–ის, ნ. კ–ს) და სისხლის ნიმუშთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების (ვ. ს–ი, ს. კ–ს) ბრალეულობის გამორიცხვით, საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მხოლოდ გ. მ–ისა და ნიმუშის მიმღები გამომძიებლის – ზ. მ–ის (რომლის მიმართაც ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე) მონაწილეობით შეიძლებოდა მომხდარიყო გ. მ–ის სისხლის ნიმუშის შეცვლა, რაც წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს აღნიშნულს.
12.7. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
13. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გ. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არასწორად გამოყენების შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ თ. დ–ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, გ. მ–ის მიმართ ამნისტიის გამოყენების შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გ. მ–ი სწორად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან.
14. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 მარტის განაჩენზე გ. მ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე