საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2026
საქმის ნომერი
2კ-346აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100125011336749

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №346აპ-26 ქ. თბილისი

კ. გ., 346აპ-26 9 ოქტომბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ს, – პირადი ნომერი: ........, – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით;

1.1.1. გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2025 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ქ–ში, .... ქუჩა N...-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა გ. კ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ ცოლს – ნ. კ–ას, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, წაქცეულს, ფეხი ჩაარტყა თავში და ასევე ფეხი ურტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ძალადობის შედეგად, ნ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენით გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

2.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. კ–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

2.2. გ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 9 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. დ–მა. გ. კ–მა მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ადვოკატმა გ. კ–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

3.1. სააპელაციო სასამართლოს სხოდომაზე დაცვის მხარემ – გ. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. დ–მა მოითხოვეს დანიშნული სასჯელის 6 თვით შემსუბუქება ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება:

4.1. გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. კ–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.3. გ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 9 მარტიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ქეთევან უზნაძემ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და მოითხოვა გ. კ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრება.

11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით სააპელაციო სასამართლომ, დანაშაულის ხასიათის (ოჯახური დანაშაული) და კატეგორიის, ასევე – ძალადობის ხასიათისა და ინტენსივობის, დანაშაულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გ. კ–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გ. კ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

13. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

14. „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

15. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

16. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მარტის განაჩენზე, გ. კ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე