დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1725-1707-2011 13 თებერვალი, 2012 წელი №ას-1725-1707-2011 13 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ქ-ის სარჩელი ბ. ბ-ის მიმართ ნაწილობრიv დაკმაყოფილდა, 1996 წლის 29 მარტს ტ. ქ-ესა და ბ. ბ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიესადაგა შეცვლილ გარემოებებს და ქ. თბილისში, ... ქუჩა №3ა -ში მდებარე სახლის ღირებულება ნაცვლად მხარეებს შორის განსაზღვრული 30000 აშშ დოლარისა, ობიექტურ შეცვლილ გარემოებათა გათვალისწინებით, შემცირდა 20%-ით და განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით. შესაბამისად, გადახდილი თანხის გათვალისწინებით, ტ. ქ-ეს ბ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10100 აშშ დოლარის გადახდა. სხვა ნაწილში ტ. ქ-ის სარჩელი და ასევე ბ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოქლო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებით, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და აღნიშნულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და 2006 წლის 28 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2011 წლის 4 აგვისტოს ა. ქ-ემ განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი ცნობა ტ. ქ-ის უფლებამონაცვლედ. 2011 წლის 8 აგვისტოს განცხადებით კი, მოითხოვა ცვლილების შეტანა 2006 წლის 28 აპრილს (საქმე №2ბ/1776-04) გაცემულ სააღსრულებო ფურცელში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ა. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ტ. ქ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ა. ქ-ე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებაზე (საქმე №2ბ/1776-04) გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ტ. ქ-ის უფლებამონაცვლე ა. ქ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების (ქორწინების მოწმობის, გარდაცვალების მოწმობისა და სამკვიდრო მოწმობის) საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ა. ქ-ის განცხადება საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ა. ქ-ის მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობა ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან იგი ტ. ქ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელ ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
უფლებამონაცვლე შეიძლება იყოს კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრე. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ,,სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს“.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში, რაზეც 2006 წლის 28 აპრილს კრედიტორ ტ. ქ-ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. (ტ. II, ს.ფ. 192).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კრედიტორი ტ. ქ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 6 მარტს ( ტ 2, ს.ფ. 24).
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ა. ქ-ე და ტ. ქ-ე იყვნენ მეუღლეები, რომლებიც რესგიტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1969 წლიდან (ტ. 2, ს.ფ.21). საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 25 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (ტ.2, ს.ფ. 6) კი, ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ ტ. ქ-ის სამკვიდრო მიიღო მისი პირველი რიგის მემკვიდრე ა. ქ-ემ, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზე, რომ ა. ქ-ის მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობა ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან იგი ტ. ქ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
რამდენადაც ა. ქ-ემ სასამართლოს წარუდგინა სამკვიდრო მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ 2008 წლის 10 მარტს გარდაცვლილი ტ. ქ-ის სამკვიდრო მიიღო ა. ქ-ემ, როგორც მისმა მეუღლემ და, შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრემ, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საკმარისი საფუძველი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ა. ქ-ის ტ. ქ-ის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის და მის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია ტ. ქ-ის უფლებამონაცვლედ ა. ქ-ე და სწორად გასცა მის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.