დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 15.03.2012
საქმის ნომერი
ას-1397-1413-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w №ას-1397-1413-2011 15 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. წ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შენობა-ნაგებობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. წ-ის მიმართ და მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს ქ.თბილისში, ი-ის ქ.№20-ში არსებული 4/18 წილის დემონტაჟი ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2001 წლის 26 თებერვლის არქიტექტურული გეგმარებითი დავალების შესაბამისად შემდეგი საფუძვლებით:

ქ. თბილისში, ი-ის ქ. №20-ში მდებარე სახლთმფლობელობის 6/18 წილის თანამესაკუთრეა თ. მ-ი. სახლმფლობელობა განლაგებული იყო 580 კვ.მ მიწის ფართზე. თ. მ-ის გარდა თანამესაკუთრეები არიან მ. თ-ი – 4/18 წილზე, ე. წ-ი – 6/18 წილზე და აწ გარდაცვლილი ე. გ-ა – 2/18 წილზე.

1997 წლის 17 სექტემბერს საბურთალოს რაიონის გამგეობამ №160 გადაწყვეტილებით მ. თ-ს ნება დართო, დაეშალა ქ. თბილისში, ი-ის ქ.№20-ში მდებარე ძველი ამორტიზებული სახლის 4/18 ნაწილი, რაც 1998 წელს უკვე დამთავრდა.

2001 წელს ქ.თბილისში, ი-ის ქუჩა №20-ში მდებარე ნაგებობის საერთო ფართიდან ე. წ-ის საკუთრებას შეადგენდა 4/18 ნაწილი და ის წარმოადგენდა ერთსართულიან ნაგებობას, ამიტომ ე. წ-ის სახელზე 2001 წლის 26 თებერვალს თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურმა გასცა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება მის კუთვნილ 4/18 წილზე ძველი სახლის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების თაობაზე, რაზეც თ. მ-მა თანხმობა წერილობით განაცხადა, ხოლო ე. წ-ისაგან კი, თავად მიიღო ახალი სახლის მშენებლობის ნებართვა. ძველი სახლის დაშლის სანაცვლოდ, ე. წ-მა ეზოში სხვა ადგილას დაიწყო სამსართულიანი სახლის მშენებლობა და განმარტა, რომ ძველ სახლს ახალი სახლის აშენების შემდეგ დაანგრევდა, რის შედეგადაც გამოთავისუფლდებოდა თ.მ-ის კუთვნილი წილი მიწის ნაკვეთი.

2003 წლის 22 ოქტომბერს ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის №10.4.255 დადგენილებით მიღებულ იქნა თბილისის ,,არქმშენკონტროლის ინსპექციის’’ 2003 წლის 16 ოქტომბრის №251 აქტი ქ.თბილისში, ი-ის ქ.№20-ში მდებარე მოქალაქე ე. წ-ის ერთბინიანი 270.60 კვ.მ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. შესაბამისად, ძველი შენობის 4/18 წილი არ დანგრეულა და ე. წ-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია ორივე უძრავი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ხოლო ეზოში შემცირდა თავისუფალი მიწის ნაკვეთი, ყველაზე მეტად კი შეილახა მოსარჩელის, როგორც 6/18 წილის მესაკუთრის უფლებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელეს თანხმობა გააჩნდა არა ამჟამად არსებული ძველი სახლის დანგრევის შემდეგ სახლის მშენებლობაზე, არამედ მოპასუხის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ძველი სახლის იმ ნაგებობის ადგილზე, სადაც ახლა ახალი სახლია განთავსებული. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ გამდიდრებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მსჯელობის შესაბამისად, არქიტექტურულ-გეგმარებით სამსახურს თ. მ-ის სახლის დანგრევაც დაუდგენია, რაც აბსურდია. ამდენად, ახალი სახლის ადგილზე არსებობდა ძველი შენობები, რაც უკვე დაინგრა.

საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება მ. თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ი-ის ქ.№20-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 580 კვ.მ და შენობა-ნაგებობები ამჟამად წარმოადგენს ე. გ-ას, თ. მ-ის, მ. თ-ის და ე. წ-ის საერთო საკუთრებას. აქედან 101 კვ.მ №1 შენობა-ნაგებობის 6/18 ნაწილი ეკუთვნის თ. მ-ს, 2/18 _ ე. გ-ას, 6/18 _ ე. წ-ს, ხოლო 4/18 _ მ. თ-ს. ე. წ-ის საკუთრებაა ასევე 270,60 კვ.მ №2 ნაგებობა, მშენებარე ნაგებობა და ნაგებობები №3 და №4 უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

2001 წლის 13 თებერვალს, მოსარჩელემ წერილობით განაცხადა თანხმობა ი-ის ქ.№20-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ე. წ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ. აღნიშნულზე 2001 წლის 17 თებერვალს წერილობით განაცხადა თანხმობა ბ. ვ-ემაც, რომელიც ამ დროისთვის წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს.

2001 წლის 26 თებერვალს არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ დამტკიცდა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, რომლითაც შესაძლებლად იქნა მიჩნეული ქ.თბილისში, ი-ის ქ.№20-ში ე. წ-ის, თ. მ-ის, ბ. ვ-ისა და ე. გ-ას საერთო საკუთრებაში არსებული 580 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ე. წ-ის კუთვნილი შენობის დანგრევა და მის წილ ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება.

არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის მომენტისთვის, ი-ის ქ. №60-ში მდებარე ლიტ „ა“ ნაგებობის ოთახები №6 და №5 მის წინ არსებული ფართი (6/18) მოსარჩელის საკუთრებაში იყო, ე. წ-ს ეკუთვნოდა №4 და №3 ოთახები, ასევე №3 ოთახის წინ არსებული ფართი (4/18), მ. თ-ს აშენებული ჰქონდა ახალი საცხოვრებელი სახლი, აწ გარდაცვლილი ე. გ-ას კუთვნილი 2/18 ნაწილის მდებარეობა კი დაუდგენელია.

ე. წ-ის წილის 4/18-დან 6/18-მდე გაზრდა გამოიწვია სახლთმფლობელობის 2/18 წილის ბუკიასაგან შეძენამ. ე. წ-ის ძველი სახლი წარმოადგენს 70,5 კვ.მ ერთსართულიან ნაგებობას.

ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2003 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით მიღებულ იქნა ქ. თბილისის ,,არქმშენკონტროლის’’ ინსპექციის 2003 წლის 16 ოქტომბრის №251 აქტი ვაკე-საბურთალოს რაიონში, ი-ის ქ.№20-ში მოქალაქე ე. წ-ის მიერ ერთბინიანი 270.60 კვ.მ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. აღნიშნულ ფართზე (ნაგებობა №2) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე. წ-ის საკუთრების უფლება ისე, რომ უცვლელად დარჩა მანამდე არსებული ჩანაწერი ე. წ-ის საკუთრების უფლების თაობაზე №1 101 კვ.მ ნაგებობის 6/18 წილზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაშია მითითებული, ე. წ-ს ი-ის ქ.№20-ში ეკუთვნოდა ეზოში განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართიდან 4/18 ნაწილი, რაც წარმოადგენდა ერთსართულიან უსახურ ნაგებობას. დავალების მიხედვით, ეზოში არსებული ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლის გვერდით ფასადზე მიდგმით უნდა დაპროექტებულიყო ე. წ-ის სახლი სარდაფის, ორი საცხოვრებელი სართულის და მანსარდის გათვალისწინებით. ფასადი ორიენტირებული უნდა ყოფილიყო ი-ის ქუჩის მხარეს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე. წ-ის მიერ წარმოებული მშენებლობის არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებასთან შეუსაბამობა ვერ დაედება საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნას უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. მართალია, მოსარჩელის და მესამე პირის მიერ თანხმობა იყო გაცხადებული ე. წ-ის ძველი სახლის (რომლის დემონტაჟიც დავის საგანს წარმოადგენს) ადგილას ახალი სახლის მშენებლობაზე და ეს გარემოება არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ამგვარად აისახა, მაგრამ, როგორც ძველი (№1 101 კვ.მ ნაგებობის 4/18 ნაწილი), ასევე ახალი სახლი (ნაგებობა 270 კვ.მ №2) დღევანდელი მდგომარეობით ე. წ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1513-ე მუხლით და ჩათვალა, რომ მოპასუხის ძველი სახლი, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე (№1 101 კვ.მ ნაგებობის 4/18 ნაწილი), ახალი კოდექსის ამოქმედების დროიდან დღემდე წარმოადგენს ე. წ-ის საკუთრებას, შესაბამისად, მისი ინდივიდუალური საკუთრების უფლება ვრცელდება ამ შენობის ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთზეც. ამგვარი სახით არის რეგისტრირებული ე. წ-ის საკუთრების უფლება სადავო სახლზე და იგი სადავოდ არავის გაუხდია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უკანონო ხელშეშლა გამოხატულია მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული სახლის არსებობაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, ე.წ-ს სახლი აეშენებინა თავის კუთვნილ, საერთო ფართის 4/18 წილ ნაკვეთზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წლის 26 თებერვლისათვის მოპასუხე ე. წ-ი იყო სადავო ფართის 4/18-ის მესაკუთრე, შესაბამისად, ახალი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მისი საკუთრებაა 4/18 წილი, 270 კვ.მ №1 ნაგებობა და დამატებით ნაყიდი 2/18 წილი. ასეთ შემთხვევაში კი, ე. წ-ის საკუთრებაში უნდა იყოს 270 კვ.მ ახალი სახლი, რომელიც ძველი სახლის 4/18-ის ნაცვლად უნდა აეშენებინა, რაც არ შესრულებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამარტლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ი-ის ქ.№20-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 580 კვ.მ და შენობა-ნაგებობები ამჟამად წარმოადგენს ე. გ-ას, თ. მ-ის, მ. თ-ისა და ე. წ-ის საერთო საკუთრებას. აქედან 101 კვ.მ №1 შენობა-ნაგებობის 6/18 ნაწილი ეკუთვნის თ. მ-ს, 2/18 – ე. გ-ას, 6/18 – ე. წ-ს, ხოლო 4/18 – მ. თ-ს. ე. წ-ის საკუთრებაა ასევე 270,60 კვ.მ №2 ნაგებობა, მშენებარე ნაგებობა და ნაგებობები №3 და №4 უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

2001 წლის 13 თებერვალს, მოსარჩელემ წერილობით განაცხადა თანხმობა ი-ის ქ.№20-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ე. წ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ. აღნიშნულზე 2001 წლის 17 თებერვალს წერილობით განაცხადა თანხმობა ბ. ვ-ემაც, რომელიც ამ დროისთვის წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს.

2001 წლის 26 თებერვალს არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ დამტკიცდა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, რომლითაც შესაძლებლად იქნა მიჩნეული ქ.თბილისში, ი-ის ქ.№20-ში ე. წ-ის, თ. მ-ის, ბ. ვ-ისა და ე. გ-ას საერთო საკუთრებაში არსებული 580 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ე. წ-ის კუთვნილი შენობის დანგრევა და მის წილ ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება.

არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის მომენტისთვის, ი-ის ქ. №60-ში მდებარე ლიტ „ა“ ნაგებობის ოთახები №6, №5 და მის წინ არსებული ფართი (6/18) მოსარჩელის საკუთრებაში იყო, ე. წ-ს ეკუთვნოდა №4 და №3 ოთახები, ასევე №3 ოთახის წინ არსებული ფართი (4/18), მ. თ-ს აშენებული ჰქონდა ახალი საცხოვრებელი სახლი, აწ გარდაცვლილი ე. გ-ას კუთვნილი 2/18 ნაწილის მდებარეობა კი დაუდგენელია.

ე. წ-ის წილის 4/18-დან 6/18-მდე გაზრდა გამოიწვია სახლთმფლობელობის 2/18 წილის ბუკიასაგან შეძენამ. ე. წ-ის ძველი სახლი წარმოადგენს 70,5 კვ.მ ერთსართულიან ნაგებობას.

ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2003 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით მიღებულ იქნა ქ. თბილისის ,,არქმშენკონტროლის’’ ინსპექციის 2003 წლის 16 ოქტომბრის №251 აქტი ვაკე-საბურთალოს რაიონში, ი-ის ქ.№20-ში მოქალაქე ე. წ-ის მიერ ერთბინიანი 270.60 კვ.მ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. აღნიშნულ ფართზე (ნაგებობა №2) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე. წ-ის საკუთრების უფლება ისე, რომ უცვლელად დარჩა მანამდე არსებული ჩანაწერი ე. წ-ის საკუთრების უფლების თაობაზე №1 101 კვ.მ ნაგებობის 6/18 წილზე.

არქიტექტურულ-გეგმარებით დავალების მიხედვით, ე. წ-ს ი-ის ქ.№20-ში ეკუთვნოდა ეზოში განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართიდან 4/18 ნაწილი, რაც წარმოადგენდა ერთსართულიან უსახურ ნაგებობას. დავალების მიხედვით, ეზოში არსებული ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლის გვერდით ფასადზე მიდგმით უნდა დაპროექტებულიყო ე. წ-ის სახლი სარდაფის, ორი საცხოვრებელი სართულის და მანსარდის გათვალისწინებით. ფასადი ორიენტირებული უნდა ყოფილიყო ი-ის ქუჩის მხარეს.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წ-ის მიერ საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობით შემცირდა მ-ის წილი საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის და მესამე პირის მიერ 2001 წელს გაცემული თანხმობა შეფასებულია, როგორც ე. წ-ის ძველი სახლის (რომლის დემონტაჟიც დავის საგანს წარმოადგენს) ადგილას ახალი სახლის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება. დადგენილია ისიც, რომ ე. წ-ის მიერ წარმოებული მშენებლობა შეუსაბამობამობაშია არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებასთან. აღნიშნული იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ე. წ-მა განხორციელებული მშენებლობით მნიშვნელოვნად გაზარდა მისი წილი მიწის ნაკვეთის ფართი, რის გამოც შემცირდა დანარჩენ თანამესაკუთრეთა წილი. ბუნებრივია, შელახულია მოსარჩელის საკუთრების უფლებაც მიწის ნაკვეთზე. მას შეეზღუდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მის თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის და ფლობის უფლება. არც ამავე კოდექსის 173-ე ე მუხლის მოთხოვნაა დაცული. მითითებული ნორმის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმებით შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგააგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის. მითითებული ნორმა ერთ-ერთი თანამესაკუთრის ინტერსების სასარგებლოდ ქონების უფლებრივ დატვირთვისათვის უპირობოდ ითხოვს ყველა თანამესაკუთრესთან შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში კი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების გარეშე მოხდა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღმართვა ნაგებობისა ისე, რომ არ დანგრეულა ძველი სახლი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას. ასეთი შედეგი განპირობებულია იმ გარემოების გამო, რომ ე. წ-ის მიერ აგებული შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მისი უფლება. იმავდროულად მის საკუთრებაშია ძველი სახლიც. შესაბამისად პალატა თვლის, რომ სამოქალაქო სასამართლო ვერ შესძლებს დაანგრიოს ნაგებობები, ვიდრე ისინი ითვლებიან კანონიერ ნაგებობად და ძალაშია მათი ექსპლოატაციაში მიღების აქტები. ასეთ დროს დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოხდეს სხვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.