დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.04.2012
საქმის ნომერი
ას-178-171-2012
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-178-171-2012 26 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ი, ს. რ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ-მა და ს. რ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. ფ-ასა და ე. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს ქ. სენაკში, შ-ას ქუჩა №18-ში მდებარე, ა. ბ-ოს სამკვიდრო ქონების – საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებადს აღიარებან და აღნიშნული ქონებიდან ე. ს-ის გამოსახლება.

მოპასუხე ეკატერინა ფ-ამ სარჩელი ცნო სრულად.

მოპასუხე ე. ს-ემ სარჩელი არ ცნო.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ს. მ-ისა და ს. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-მა და ს. რ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ისა და ს. რ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. მ-ისა და ს. რ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. მ-ი და ს. რ-ა ცნობილ იქნენ სენაკში, ნ. შ-ას ქუჩა №18-ში მდებარე ა. ბ-ოს სახელზე რეგისტრირებული ქონების თანამესაკუთრეებად, ე. ს-ე გამოსახლებულ იქნა სენაკში, ნ. შ-ას ქუჩა №18-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, ს. მ-ისა და ს. რ-ას სარჩელი სენაკში, ნ. შ-ას ქუჩა №18-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ე. ს-ის ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სენაკში, ნოე შ-ას ქ. №18-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა ა. ბ-ოს, რომელიც გარდაიცვალა 1993 წლის 15 თებერვალს.

ა. მ-ი იყო ა. ბ-ოს ბიოლოგიური შვილი, რომელიც 1944 წლის 5 აპრილს ა. ბ-ომ მიაშვილა თავის დას, ვ. მ-ს და მის მეუღლეს - ბ. მ-ს.

ვ. მ-ი გარდაიცვალა 1960 წლის 2 აპრილს. ა. მ-ი გარდაიცვალა 1997 წლის 15 სექტემბერს. გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა თავისი ბიულოგიური დედის, ა. ბ-ოს სახლში.

ს. მ-ი არის ა. მ-ის ცოლი. ს. რ-ა კი, ა. მ-ისა და ს. მ-ის შვილია.

პირველი რიგის სხვა მემკვიდრეები ა. მ-ს არ დარჩნია.

საქმეში წარმოდგენილი ცხაკაიას რაიონის სახალხო სასამართლოს 1965 წლის 25 მაისის დადგენილებიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლომ გამოარკვია, რომ ვ. მ-ის გვარი დაქორწინებამდე იყო ბ-ო, ის, ისევე როგორც ა. ბ-ო, იყო ალექსანდრეს ასული და ცხოვრობდა ქ. ვოზნესენსკში. საბინაო წიგნის მიხედვით, ა. ბ-ო, ა. მ-ის ერთ-ერთი მშვილებელი - ბ. მ-ი და თავად ა. მ-ი ცხოვრობდნენ ერთად, სენაკში, ა. ბ-ოს კუთვნილ სახლში. ვ. მ-ის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, იგი გარდაიცავალა დაბა ჩხოროწყუში. შესაბამისად, ვ. მ-ი, ასევე, ცხოვრობდა საქართველოში, მეზობლად მდებარე რაიონში. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მეტყველებს ა. ბ-ოსა და ვ. ბ-ოს ახლო ნათესაურ კავშირზე. აღნიშნული დადასტურდა ასევე ტ. ს-ასა და ნ. გ-ას ჩვენებებიდან და თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ე.წ. კოლექტიური განცხადებიდანაც, სადაც მითითებულია, რომ ა. ბ-ოს ა. მ-ი გაშვილებული ჰყავდა ”აწ გარდაცვლილ დაზე” და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების კვლევითი ნაწილით,, საიდანაც ჩანს, რომ ა. ბ-ო და ვ. მ-ი იყვნენ დები.

სააპელაციო პალატმა გაიზიარა აპელანტთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ შეცდომით განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან აღნიშნა, რომ პირთა ნათესავური კავშირის დასადგენად კანონი არ ითვალისწინებს, მაინცდამაინც, კონკრეტული სახის მტკიცებულების არსებობას.

მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ა. ბ-ო დაიბადა 1916 წელს, ხოლო ვ. ბ-ო (მ-ი) - 1918 წელს. მათი დაბადების დროის, ადგილისა და დაბადების შემდეგ მომხდარი, საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების - რევოლუციებისა და ომების გათვალისწინებით, პალატამ ამ პირთა დაბადების თაობაზე ჩანაწერების შენარჩუნება შეუძლებლადაც მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1260.1-ე, 1259-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმათა თანახმად, გაშვილებულმა ა. მ-მა დაკარგა ქონებრივი უფლებები ა. ბ-ოს, როგორც დედის მიმართ, თუმცა ეს უფლებები შეიძინა ვ. მ-ის და, აქედან გამომდინარე, ა. ბ-ოს, როგორც ვ. მ-ის დის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ა. ბ-ოს კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. ა. ბ-ოს გარდაცვალების დროისათვის ვ. ბ-ო გარდაცვლილი იყო და, შესაბამისად, ა. ბ-ოს კანონით მემკვიდრედ ითვლებოდა, მხოლოდ, ა. მ-ი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ი ა. ბროდონევკოს გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდა ა. ბ-ოს კუთვნილ სახლში. ეს დასტურდება ა. მ-ის პასპორტის ასლიდან, საბინაო წიგნიდან, საგადამხდელო უწყებიდან და ა. მ-ის გარდაცვალების მოწმობიდან. ასევე, რიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ა. - ტოლიკი ფლობდა სადავო ქონებას. შესაბამსიად, ვინაიდან ნ ა. მ-მა მიიღო ა. ბ-ოს სამკვიდრო, იგი გახდა სადავო ქონების მესაკუთრე ა. ბ-ოს გარდაცვალების დღიდან, ანუ 1993 წლის 15 თებერვლიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა. მ-ი გარდაიცვალა 1997 წლის 15 სექტემბერს და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, ამ დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო, მათ შორის, სადავო ქონებაზეც.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.2-ე, 1433-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დადგენილ ფაქტობრვი გარემოებათა გათვალისწინებით, ს. მ-ისა და ს. რ-ას მოთხოვნა, თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია.

ვინაიდან დადგინდა, რომ აპელანტები იყვნენ სადავო ქონების მესაკუთრენი, ე. ს-ეს კი ამ ქონების ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლები არ გააჩნდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა, სადავო ქონებიდან ე. ს-ის გამოსახლების ნაწილშიც საფუძვლიანი იყო. ამასთან პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, ამიტომ, აპელანტების მოთხოვნა, სადავო უძრავი ქონებიდან ე. ს-ის ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში, დაუშვებელად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ნ ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ 1944 წლის 5 აპრილს ა. მ-ი ა. ბ-ომ მიაშვილა თავის დას – ვ. მ-ს და მის მეუღლე – ბ. მ-ს. ამასთან ასევე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, როლმ გარდაცვალებმადე ა. მ-ი ცხოვრობდა თავის ბიოლოგიურ დედასთან – ა. ბ-ოსთან. ასევე, არასწორად შეაფასა სამართლებრივად აპელანთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რის გამოც უსაფუძვლოდ დაადგინა ა. ბ-ოსა და ვ. ბ-ოს შორის ნათესაური კავშირი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით დ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარი) 70% – 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ე. ს-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №5033500191 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 25 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარი) და მის მიერ №5035336818 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 27 თებერვალს გადახდილი 300 (სამასი) ლარის – სულ 600 ლარის 70% – 420 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.