გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2012
საქმის ნომერი
ას-547-515-2012
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-547-515-2012 11 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „...-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...-ის“ მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს - 9000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

2006 წლის 14 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 200352,94 ლარი. 2006 წლის 14 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა, ნაცვლად 2006 წლის 30 ოქტომბრისა, განისაზღვრა 2006 წლის 25 დეკემბრით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოთა შესრულების გრაფიკის ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების თანხის 0,1%-ის დაკისრება, ამავე მუხლის 7.4 და 7.5 პუნქტების თანახმად კი, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა განხორციელდებოდა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების თანხაზე დამატების გზით, ამასთან, საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებდა მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 14 მაისის №38/43, 16 ივლისის №359/43 და 3 აგვისტოს №362/43 ბრძანებების საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა 2004 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო სახსრებისა და ქონების განკარგვა-გამოყენების თემატური აუდიტი. თემატური აუდიტის 2009 წლის 28 დეკემბრის №140/00 აქტის 5.1.5. თავის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, განისაზღვრა შპს „...-ის“ ვალდებულება, საჯარიმო სანქციის სახით პირგასამტეხლოს - 9000 ლარის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხის ადმინისტრაციას, თუმცა მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

შპს „...-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

სარჩელი ხანდაზმულია, რადგანაც დარღვეულია კანონით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადის დენა დაიწყო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან - 2006 წლის 30 ოქტომბრიდან. 2006 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებით, მხარეთა შორის შეთანხმებული შესრულების ვადა გაიზარდა ამავე წლის 25 დეკემბრამდე და ვალდებულება შესრულდა კიდევაც დათქმულ ვადაში, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ვალდებულება თავდაპირველად შეთანხმებული ვადის დაცვით ვერ განხორციელდა დამკვეთის მიზეზით, მან სარემონტო ფართი გაათავისუფლა ნაწილ-ნაწილ. არასწორია ასევე თანხის დაკისრების მოთხოვნა იმ თვალსაზრისით, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების 7.3 პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს თანხა უნდა დაექვითა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე, ნაცვლად მოთხოვნის 3-წლიანი ვადისა, თანხის ანაზღაურებას, მხოლოდ 5 წლის შემდგომ მოითხოვს, რაც შეეხება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე წერილობით მიმართვას, აღნიშნულს საქმესთან კავშირი არ აქვს, კერძოდ, წერილობითი შეტყობინების დროისათვის სასარჩელო ხანდაზმულობა უკვე გასული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „...-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 9000 ლარის, ასევე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 200352,94 ლარით, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად - 2006 წლის 30 ოქტომბერი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს შესრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში შპს „...-ს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. 2006 წლის 14 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა, ნაცვლად 30 ოქტომბრისა, განისაზღვრა 2006 წლის 14 დეკემბრით. საქართველოს კონტროლის პალატის აქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა ვადების დარღვევისათვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შპს „...-სათვის“ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისრებინა 9000 ლარი. პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის არგუმენტს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია, მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობა შემოიფარგლება დროის პერიოდულობით, რომელიც მრავალ მიზეზს უკავშირდება: 1. ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; 2. ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; 3. აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულს იძლევა. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ვადის ათვლა არ ხდება უფლების დარღვევის მომენტიდან. მისი ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ობიექტურად ცნობილი გახდა საქართველოს კონტროლის პალატის აქტის შედგენის თარიღიდან, 2009 წლის 28 დეკემბრიდან. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული საჯარიმო სანქციის - 9000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ იყო ხანდაზმული. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები ღირებულებით 200352,94 ლარი. საქართველოს კონტროლის პალატის აქტით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...-ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ვალდებულების შესრულების ვადა დარღვეულად მიიჩნია, რადგანაც 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების მიხედვით, შესრულების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 30 ოქტომბერი, ხელშეკრულება, ნაცვლად 2006 წლის 30 ოქტომბრისა, შესრულდა 2006 წლის 14 დეკემბერს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს, დადგენილია ასევე, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ ვადაში, ხელშეკრულებით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩიბნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხადაზმულობის საკითხთან მიმართებით არასწორია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტურ და სრულყოფილ კვლევას, სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა 2009 წლის 28 დეკემბერს, კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენის შემდეგ დაიწყო, ვინაიდან, ობიექტურად მოსარჩელემ ამ დროიდან შეიტყო უფლების დარღვევის თაობაზე. აღნიშნულის უსწორობას ადასტურებს ხელშეკრულებაში მითითებული როგორც სამუშაოთა დასრულების, ისე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ვადა, ამდენად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელშეკრულებითვე იყო ცნობილი, რომ მოთხოვნის უფლება მას წარმოეშვა ხელშეკრულებაში მითითებულ დროს და არა კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენის დროს. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესი - როცა პირს უნდა შეეტყო, არამედ, არასწორად მიუთითა ამავე მუხლის დებულებაზე - როცა პირმა შეიტყო. სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრება არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც ყურადსაღებია მოთხოვნის წარმოშობის სუბიექტური და ობიექტური მომენტი, რომლებიც, როგორც წესი, თანმხვედრია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რა გარემოების შეტყობის სუბიექტურ ფაქტორზე - კონტროლის პალატის მიერ დასკვნის შედგენაზე, არ გამოარკვია ამ დასკვნის შედგენამდე ცნობილი იყო თუ არა მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის შესახებ. ამასთანავე, როდესაც კანონით ან ხელშეკრულებითაა განსაზღვრული მოთხოვნის წარმოშობის დრო, ითვლება, რომ ხელშეკრულების მხარე აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია. ამ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 14 დეკემბრის შეთანხმების აქტი, ამასთან, რადგანაც მოსარჩელემ პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევისას არ მოითხოვა და დაეთანხმა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნას, არ ნიშნავს იმას, რომ მან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების თაობაზე არ იცოდა. ის გარემოება, რომ სასამართლოს საქმის მასალები სრულყოფილად არ შეუსწავლია დასტურდება გასაჩივრებული განჩინებით, კერძოდ, სააპელაციო პალატამ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში არასწორად მითითებული ვალდებულების შესრულების დრო - 2006 წლის 14 დეკემბერი, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული 2006 წლის 14 დეკემბრის შეთანხმების აქტით დასტურდება შესრულების ბოლო ვადად იმავე წლის 25 დეკემბრის განსაზღვრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, შპს „...-ის“ საკასაციო პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

საქმეში წარმოდგენილი შპს „...-ის“ საკასაციო პრეტენზიების შესწავლით დასტურდება, რომ მხარე არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოსაზრებას სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის განმარტებასა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ნაწილში და თვლის, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის დასაწყისს წარმოადგენს მოთხოვნის დადგომის ობიექტური ფაქტორი, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დღიდან უნდა იქნას გამოანგარიშებული და არა კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენის დღიდან - 2009 წლის 28 დეკემბრიდან.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 14 აგვისტოს სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა“ და შპს „...-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც შინაარსობრივად ნარდობის ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...-მა“ 2006 წლის 30 ოქტომბრამდე იკისრა 200 352,94 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს შესრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, შპს „...-ს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

2006 წლის 14 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ ცვლილების შედეგად ახლებურად განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადის დასასრული.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია მენარდის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება და ნაცვლად 2006 წლის 30 ოქტომბრისა, ხელშეკრულების 2006 წლის 14 დეკემბერს შესრულების ფაქტი, რის გამოც ამავე კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად ჩათვალა, რომ არსებობდა შპს „...-სათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. აღნიშნული მოსაზრება პალატამ დაამყარა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შედგენილ აქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

ამდენად, ვინაიდან კასატორი სადავოდ არ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მათ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.

რაც შეეხება მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის უმნიშვნელოვანეს გარემოებას - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში შპს „...-მა“ წარადგინა დასაბუთებული შედავება, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით სახელშეკრულებო მოთხოვნა ასევე დაექვემდებარა ხანდაზმულობას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი.

ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

განსახილველი საქმის მასალებით ირკვევა და აღნიშნული სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებადაა მიჩნეული, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2006 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებით შპს „...-ის“ ვალდებულების შესრულების ვადის დასასრულად განსაზღვრულია 2006 წლის 30 ოქტომბერი, ხოლო ამავე წლის 14 დეკემბრის შეთანხმებით ვალდებულების შესრულების ვადად საბოლოოდ განისაზღვრა 2006 წლის დეკემბერი. დადგენილია და ამას კასატორი სადავოდ არ ხდის, რომ მან ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია და, ნაცვლად მხარეთა 2006 წლის 14 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ვადისა, მოპასუხემ შეთანხმებული სამუშაოები დაასრულა დაგვიანებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის თაობაზე შეიტყო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე, რადგანაც ამ დროისათვის შემკვეთს მენარდისაგან შეთანხმებული შესრულება მიღებული ობიექტურად არ ჰქონდა. აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთმა ვალდებულების დარღვევის თაობაზე ობიექტურად 2009 წლის 28 დეკემბრიდან - საქართველოს კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენის დღიდან შეიტყო და სწორედ ამ დროიდან დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონტროლის პალატის მიერ აქტის შედგენის დროისათვის სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფაქტის დარღვევის თაობაზე. ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ სარჩელი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2011 წლის 13 მაისს, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან - 2006 წლის დეკემბრიდან 5 წლისა და 5 თვის შემდეგ, პალატა თვლის, რომ კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ საფუძვლიანია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ გახდილ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცდომით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადა და 2006 წლის 14 დეკემბრის შეთანხმებით არასწორად მიიჩნია დადგენილად ვალდებულების შესრულების ვადად 2006 წლის 14 დეკემბერი, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილშიც მხარემ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარადგინა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ამ მტკიცებულების თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადად მხარეებმა 2006 წლის 25 დეკემბერი განსაზღვრეს, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტი მოცემულ შემთხვევაში არაარსებითია, რადგანაც ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად 2006 წლის დეკემბრის ბოლო დღის მიჩნევის შემთხვევაშიც კი დასტურდება სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მოთხოვნის ხანდაზმულობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საკასაციო საჩივარი კი, მხოლოდ გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას ემყარება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უფლებამოსილია თავად მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით კი დადგენილია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“ შპს „...-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 360 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის, სულ 810 ლარის ანაზღაურება, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ სარჩელი შპს „...-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

4. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“ (ს/№...) შპს „...-ის“ (ს/№...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარისა და 450 ლარის, სულ 810 ლარის ანაზღაურება.

5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩვრდება.