დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-529-503-2013 8 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. გ. წ. კ-ა“ (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. გ. წ. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, ფულადი კომპენსაციის - ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, ტ. ი-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ.მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე 210.50 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ტ. ი-ემ შეიძინა 2008 წელს. ქ. ქუთაისის მერის 29/04/09 წ-ის №629 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთში მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები. მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შემდეგ ტ. ი-ემ შპს ,,ჰ. 92’’-ს დაუკვეთა სამშენებლო პროექტი, რაც შეთანხმებული იქნა ქ. ქუთაისის მერიასთან. პროექტის თანახმად, ობიექტი წარმოადგენს ორ სართულიან, მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობას. მისი საერთო სასარგებლო ფართია 196კვ.მ. მშენებლობის ლოკალურ რესურსული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 224.401.5 ლარს, ხოლოსაერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 361.638 ლარს. საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის გამზადების პარალელურად მოსარჩელემ შეიძინა სამშენებლო მასალების ნაწილი და გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო საწარმოსთან. მშენებლობის დაწყების წინ მიიღო შპს ,,ს. გ. წ. კ-ან’’ წერილი. აღნიშნული წერილით ტ. ი-ეს ატყობინებდნენ, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ ბალანსზე რიცხული 300 მმ თუჯის მაგისტრალური მილი. აღნიშნული მილის არსებობის გამო მოსარჩელე ვერ ახორციელებს მიწის ნაკვეთით ჯეროვან სარგებლობას, შესაბამისად, მოპასუხისგან თმენის სანაცვლოდ ითხოვს ყოველთვიურად კომპენსაციის სახით 928.4 ლარის გადახდას.
მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში განმარტეს, რომ შპს ,,ს. გ. წ. კ-ა’’ არ არის ვალდებული ყოველთვიური ფულადი კომპენსაციის სახით იხადოს ტ. ი-ის მიერ მოთხოვნილი თანხა. კომპანიამ არც კი იცოდა, რომ მოქალაქემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელშიც კომპანიის კუთვნილი მილები გადიოდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. გ. წ. კ-ას’’, მის სასარგებლოდ, დაეკისრა ფულადი კომპანსაციის, ყოველთვიურად 928.4 ლარის გადახდა. მასვე, სახელმწიფო ბიუჯეტისა სასარგებლოდ დაეკისრა - 1002.6 ლარის გადახდა, ხოლო მოსარცელის სასარგებლოდ, წარმომადგენლის ხარჯის – 1000 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. გ. წ. კ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. გ. წ. კ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. გ. წ. კ-ას” ტ. ი-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად400 ლარის გადახდა. შპს ,,ს. გ. წ. კ-ას” ტ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის ხარჯის 500 ლარის გადახდა. შპს ,,ს. გ. წ. კ-ას” ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 432 ლარის გადახდა. ტ. ი-ეს შპს ,,ს. გ. წ. კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 841 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ საკუთრებაში არსებული სადავო წყლის მაგისტრალური ქსელი დამონტაჟდა მრავალი ათეული წლის წინ, რომლითაც ხდება ქ. ქუთაისის მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა და ორგანიზაციების წყლით მომარაგება. აღნიშნული მილი საჯარო რეესტრში შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის;
თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით ტ. ი-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ნ-ას მე-2 შესახვევი №58 ბ-ში მდებარე 210.50 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
ქ. ქუთაისში, ნ-ას მე-2 შესახვევი №58 ბ-ში მდებარე 210.50 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ტ. ი-ის საკუთრების უფლებით;
თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის 29.04.09 წლის №629 ბრძანებით დამტკიცდა, ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58 ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთში მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები;
თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის 06.05.10 წლის №713 ბრძანებით, გაიცა, ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთში მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის ნებართვა №001451. რომლის თანახმად, მშენებლობის დაწყების თარიღად განისაზღვრა 15.05.10. ნებართვა ძალაში იყო 31.12.10 წლამდე.
01.06.10 წელს ტ. ი-ეს (დამკვეთი) და შპს ,,უ-ის’’ (შემსრულებელი) დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, არსებული სამშენებლო პროექტის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ. შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 15200 ლარით;
მშენებლობის დაწყებამდე ტ. ი-ეს შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ სერვის ცენტრის მენეჯერის ა. ლ-ის წერილით ეცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გადის შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ ბალანსზე რიცხული დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური მილი;
ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №220/15-2011 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ ბალანსზე რიცხული დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური მილი გადის მიწის ნაკვეთის შუაში. აღნიშნული წყლის მაგისტრალური მილის არსებობა ტექნიკური თვალსაზრისით ხელს შეუშლის, რომ განხორციელდეს ობიექტის მშენებლობა ქ. ქუთაისის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის და გაცემული ნებართვის შესაბამისად;
შპს ,,ა-ის’’ 2012 წლის 30 აპრილის №30 დასკვნით დგინდება, რომ პროექტის მიხედვით აშენებული და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანილი ფართის მინიმალური წლიური საიჯარო ქირის ოდენობა იქნება 11 141 ლარი;
შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ წარმომადგენლებმა სადავოდ გახადეს როგორც ტ. ი-ის მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია. ასევე, შპს ,,ა-ის’’ 2012 წლის 30 აპრილის №30 დასკვნა, თუმცა მოპასუხის მხრიდან რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მტკიცებულებების საპირისპიროდ წარმოდგენილი არ ყოფილა;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ტ. ი-ის სარჩელი, შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინა, რომ ტ. ი-ემ, 2008 წლის 30 სექტემბერს, ქ. ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე, 4422 ლარად შეიძინა 210,50 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქუთაისში ნ-ას ქ. მე-2 შეს. №58ბ-ში (საკადასტრო კოდი №...). აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, ტ. ი-ეს ქ. ქუთაისის მერიის მიერ გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №187, რის შემდეგაც, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი აღირიცხა ტ. ი-ის სახელზე;
ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინა, რომ ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებია განთავსებულია, 2008 წლის 30 სექტემბერს, უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას, ტ. ი-ის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთთან, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მაგისტრალურ წყლის მილთან დაკავშირებული მოთხოვნები და უფლებები ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მესაკუთრის სახელმწიფოს ხელში იყო;
ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინა, რომ თავდაპირველ მესაკუთრეს -სახელმწიფოს, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მაგისტრალური წყლის მილის გატარებისას პრეტენზია არ გამოუთქვამს, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დღევანდელი მესაკუთრე ანუ ტ. ი-ე ვალდებულია ითმინოს მისი მიწით ამგვარი სარგებლობა;
ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინა, რომ ტ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,გ. წ. კ”-ს დაევალოს ტ.ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან მის ბალანსზე რიცხული დ=300 მმ წყალსადენი მილის მისივე ხარჯით სხვა ადგილზე გადატანა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, უსაფუძვლო იყო; ანუ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინდა, რომ ტ. ი-ეს, როგორც მისი ნაკვეთის მესაკუთრეს დაეკისრა თმენის ვალდებულება მისი მიწით ამგვარი სარგებლობისათვის შპს ,,გ. წ. კ-ის” მიერ.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170.1-ე, 180.1-ე და განმარტა, რომ უდავოდ დადგენილია, რომ ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებიაგანთავსებულია, და ტ. ი-ეს, როგორც მისი ნაკვეთის მესაკუთრეს დაეკისრა თმენის ვალდებულება მისი მიწით ამგვარი სარგებლობისათვის შპს ,,გ. წ. კ-ის” მიერ;
უდავოდ დადგენილია, რომ ტ. ი-ის ანუ მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით არ გაუქმებულა უკვე არსებული დაკავშირება სადავო მიწის ნაკვეთისა, რადგან ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებია განთავსებულია, 2008 წლის 30 სექტემბერს, უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას, ტ. ი-ის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთთან, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მაგისტრალურ წყლის მილთან დაკავშირებული მოთხოვნები და უფლებები ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მესაკუთრის-სახელმწიფოს ხელში იყო.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ უდავოდ დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ ფაქტს აქვს ადგილი, როცა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხდება მოპასუხის მხრიდან უარყოფითი ზემოქმედებანი, რომლის თმენის ვალდებულებაც დაეკისრა მას. კერძოდ ის, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს შესაძლებლობა იმგვარად გამოიყენოს მიწის ნაკვეთი, როგორც მას სურს, სწორედ იმის გამო, რომ მისი მიწის ნაკვეთზე გადის აპელანტის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენი მილი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ უდავოდ დადგენილია, რომ ტ. ი-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის აპელანტის მაგისტრალური წყალსადენი მილი, რომლის თმენის ვალდებულებაც დაეკისრა მას და რომლის არსებობაც მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე სცილდება ჩვეულებრივ სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს. ამასთან 180-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი თმენის ვალდებულება არაა უსასყიდლო ვალდებულება. სხვისი უფლებებით დატვირთული მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, შესაბამისად, კანონიერია მოსარჩელის ტ. ი-ის მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის მოპასუხეზე (აპელანტ ორგანიზაციაზე) დაკისრების თაობაზე, მაგრამ არა იმ ოდენობით რა ოდენობასაც ტ. ი-ე ითხოვს, არამედ არსებული რეალობის გათვალისწინებით იგი უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. პალატა უპირობოდ ვერ მიიჩნევს ტ. ი-ის გაანგარიშებას საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე გონივრულად და სამართლიანად. კომპენსაციის ოდენობის საკითხის გადაწყვეტის დროს პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის კომპენსაციის გადახდის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. მოსარჩელე ტ. ი-ემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა მის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის თანხის ოდენობაზე, ხოლო აპელანტი (მოპასუხე) მხარე საერთოდ უარს აცხადებს თანხის გადახდაზე და მათ ასევე სადავო გახადეს ტ. ი-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. თავად აპელანტს კი კომპენსაციის თანხის გაანგარიშებაზე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
პალატის განმარტებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა მესაკუთრეს დაკისრებული აქვს თმენის ვალდებულება და ის, რომ აღნიშნული ურთიერთობა მხარეებს შორის სცილდება ჩვეულებრივ სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს,- მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია აპელანტ ორგანიზაციას -შპს ,,ს. გ. წ. კ-ას’’ დაეკისროს საკომპენსაციო თანხა თმენის ვალდებულებისათვის 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურად და არა 928,4 ლარი როგორც ეს საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა გადაწყვეტილი.
რაც შეეხება ტ. ი-ის პოზიციას, რომ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №220/15-2011 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ნ-ას ქ. მე-2 შესახვევი №58ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ ბალანსზე რიცხული დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური მილი გადის მიწის ნაკვეთის შუაში. აღნიშნული წყლის მაგისტრალური მილის არსებობა ტექნიკური თვალსაზრისით ხელს შეუშლის, რომ განხორციელდეს ობიექტის მშენებლობა ქ. ქუთაისის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის და გაცემული ნებართვის შესაბამისად,- და რომ შპს ,,ა-ის’’ 2012 წლის 30 აპრილის №30 დასკვნით პროექტის მიხედვით აშენებული და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანილი ფართის მინიმალური წლიური საიჯარო ქირის ოდენობა იქნება 11 141 ლარი,- და ეს თანხა უნდა დაეკისროს აპელანტს მის სასარგებლოდ გადასახდელად,- აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ტ. ი-ე ამ დოკუმენტებით მიუთითებს მიუღებელ შემოსავალზე და მის ანაზღაურებაზე.
პალატის განმარტებით, ტ. ი-ის მიერ მითითებულ აუდიტის დასკვნაში საუბარია მიუღებელი შემოსავალზე, აღნიშნული დავის საგანი -ეს ცალკე სასარჩელო დავის საფუძველია და არა თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაკისრებასთან ერთად განსახილველი საკითხი. თუმცა მიუღებელი შემოსავალი მხარემ უნდა მიიღოს მხოლოდ მაშინ როცა სახეზეა ზიანი. რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება.
პალატის აზრით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.
პალატის განმარტებით, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ზემოთ ჩამოთვლილი პირობები. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის.
დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალის დროს. იმისათვის, რომ მოპასუხეს დამდგარ ზიანზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, უნდა დადასტურდეს, რომ აპელანტის მხრიდან ადგილი ქონდა ბრალს ანუ აპელანტის მიერ განხორციელდა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოქმედება, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება, რადგან უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ტ. ი-ემ, 2008 წლის 30 სექტემბერს, ქ. ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე, 4422 ლარად შეიძინა 210,50 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქუთაისში ნ-ას ქ. მე-2 შეს. №58ბ-ში (საკადასტრო კოდი №...). აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, ტ. ი-ეს ქ. ქუთაისის მერიის მიერ გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №187, რის შემდეგაც, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი აღირიცხა ტ. ი-ის სახელზე. ტ. ი-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დ-300 მმ თუჯის მაგისტრალური წყლის მილი, რომლითაც ხორციელდება ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება, ათეული წლებია განთავსებულია. 2008 წლის 30 სექტემბერს, უძრავი ქონების აუქციონზე შეძენისას, ტ. ი-ის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთთან, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მაგისტრალურ წყლის მილთან დაკავშირებული მოთხოვნები და უფლებები ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მესაკუთრის-სახელმწიფოს ხელში იყო. ანუ აპელანტის შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ ბრალი მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. კერძოდ ის, რომ შპს ,,ს. გ. წ. კ-ის’’ საკუთრებაში არსებული სადავო წყლის მაგისტრალური ქსელი დამონტაჟდა მრავალი ათეული წლის წინ, რომლითაც ხდება ქ. ქუთაისის მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა და ორგანიზაციების წყლით მომარაგება,- ეს აპელანტის ბრალით არ არის გამოწვეული, რადგან თავის დროზე ეს მილები სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე დამონტაჟდა და არა ტ. ი-ის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადის მილები ადრე ქუთაისის მერიის ანუ სახელმწიფოს საკუთრება იყო და არა ტ. ი-ის. ანუ ტ. ი-ემ თავის დროზე ნაკლის მქონე ნივთი შეიძინა სახელმწიფოსაგან ანუ ქუთაისის მერიისაგან, რაზედაც მას მერიის მიმართ პრეტენზია არ განუცხადებია. თუმცა აღნიშნული მას არ ართმევს უფლებას მაგისტრალური წყალსადენი მილების ამჟამინდელ მესაკუთრეს (აპელანტ ორგანიზაციას) მოსთხოვოს ფულადი კომპენსაცია იმ თმენის ვალდებულებისათვის, რაც მას დაეკისრა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით. ამდენად, პალატის აზრით, აპელანტის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული იმ მხრივ რომ თავის დროზე რადგან ქუთაისის მერიამ გაყიდა ნაკლიანი ნივთი ის არის მოპასუხე და ვალდებული პასუხი აგოს ტ. ი-ის სარჩელზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ს. გ. წ. კ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებით და უნდა იქნას მიღებული ახალი გადაწყვეტილება ტ. ი-ის სარჩელს ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც შპს ,,ს. გ. წ. კ-ას”, ტ. ი-ის სასარგებლოდ, დაეკისრება ფულადი კომპენსაციის, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ი-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე, მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, წარმომადგენლის ხარჯის – 1000 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით: სააპელაციო პალატამ საერთოდ აუარა გვერდი იმ გარემოებას, რომ ქ.ქუთაისში, ნ-ას ქუჩის მე-2 შეს. №58ბ-ში მდებარე 210,50 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოსარჩელემ 2008 წელს აუქციონის წესით შეიძინა ქ.ქუთაისის მერიისაგან, ტ. ი-ეს მშენებლობის ნებართვისა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით, უნდა აეშენებინა ორ სართულიანი, მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა, საერთო სასარგებლო ფართით 196 კვ.მ.. ამ ობიექტის მშენებლობის ლოკალურ-რესურსული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 224401,5 ლარს, ხოლო საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 361638 ლარს. პალატამ გადაწყვეტილების 4.6 პუნქტით ყურადღება გაამახვილა მხოლოდ მასზე, რომ ტ. ი-ეს და შპს „უ-ს“ შორის 01.06.2010 წელს გაორმებული ხელშეკრულებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ღირებულება შეადგენს 15200 ლარს და ამით არაპირდაპირ მიანიშნა, რომ საკითხი ეხებოდა შედარებით უმნიშვნელო ობიექტის მშენებლობას, რასაც ტ. ი-ე, როგორც მესაკუთრე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ვერ ახერხებს სამეზობლო ზემოქმედების გამო, თუმცა პალატამ არ დააკონკრეტა, რომ მითითებული ხელშეკრულება შეეხება სამშენებლო სამუშაოების ნაწილს-შენობის საძირკვლების მიწის სამუშაოების შესრულებას, წერტილოვანი საძირკვლების მოწყობას, სვეტების ამოყვანას, სართულშორის გადახურვას და შენობის გადახურვას.
კასატრის აზრით, სინამდვილეში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1760ე მუხლით გათვალისწინებულ დაუშვებელ ხელყოფას შპს „ს. გ. წ. კ-ის“ მხრიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტ. ი-ის კუთვნილი, 219,50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შუა ადგილას, მიწის ქვეშ, გადის შპს „ს. გ.წ. კ-ის“ წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომელიც ვიზუალურად არ ჩანს და რომლის არსებობის შესახებ წყლის კომპანიამ ტ. ი-ეს შეატყობინა უშუალოდ მშენებლობის დაწყვების წინ.
სინამდვილეში ადგილი აქვს არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ ზემოქმედებას, რომელიც აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, არამედ ამავე კოდექსის 176-ე მუხლით განსაზღვრულ დაუშვებელ ხელყოფას, რომლის დროსაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
კასატორის განმარტებით, ტ. ი-ის მიწის ნაკვეთის ქვეშ წყლის მაგისტრალური მილსადენის არსებობის გამო ეს მიწის ნაკვეთი აბსოლუტურად, მთლიანად კარგავს სამშენებლოდ გამოყენების ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ტ. ი-ე ვერ ააშენებს რაიმე კაპიტალურ ნაგებობას და, შესაბამისად, ვერ განახორციელებს ვერანაირ სამეწარმეო საქმიანობას. ე.ი. მოცემული ფორმით და სახით მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაცია შეუთავსებელია ამ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან, რომლის ქვეშაც გადის ეს მილსადენი და, რომელიც სახელმწიფოსაგან ტ. ი-ემ შეიძინა მხოლოდ იმისათვის, რომ მასზე აეშენებინა ორ სართულიანი, მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა, საერთო სასარგებლო ფართით 196 კვ.მ. და რაზედაც მას უნდა დაეხარჯა 361678 ლარი, თუმცა უკვე 3 წელიწადია მშენებლობა ვერ დაიწყო და მთელი ეს დროს დაკარგა სასამართლო დავებში შპს „ს. გ. წ. კ-ის“ წინააღმდეგ.
კასატორის მითითებით, გადაწყვეტილების 4.24 პუნქტით, სააპელაციო პალატა უთითებს, რომ კანონიერია ტ. ი-ის მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, მაგრამ არა იმ ოდენობით, რა ოდენობასაც ტ. ი-ე ითხოვს, არამედ არსებული რეალობის გათვალისწინებით იგი უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი, პალატა უპირობოდ ვერ მიიჩნევს ტ. ი-ის გაანგარიშებას საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე გონივრულად და სამართლიანად. ამავე გადაწყვეტილებჰის 4.25 პუნქტით, პალატის განმარტებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა მესაკუთრეს დაკისრებული აქვს თმენის ვალდებულება და ის, რომ აღნიშნული ურთიერთობა მხარეებს შორის სცილდება ჩვეულებრივ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია შპს „ს. გ. წ. კ-ას“ დაეკისროს საკომპენსაციო თანხა თმენის ვალდებულებისათვის 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურად და არა 928,4 ლარი, როგორც ეს საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა გადაწყვეტილები.
ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითებინა მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დაკვნა და მოსაზრებანი, რომლებიც მან უარყო ტ. ი-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელსა საფუძველზე ყოველთვიური საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა 928,4 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ წარმოადგენს ყოველთვიური საკომპენსაციო თანხა 928,4 ლარი გონივრულს და სამართლიანს და პირიქით, რატომ არის ამ თანხის შემცირება 400 ლარამდე გონივრული და სამართლიანი, ან რატომ შეესაბამება იგი არსებულ რეალობას, თავად სააპელაციო პალატა ადასტურებს, რომ კომპენსპაციის ოდენობის გაანგარიშების შესახებ ტ. ი-ემ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება შპს „ა. ფ-ის“ 2012 წლის 30 აპრილის №30 დასკვნის სახით, ხოლო აპელანტს კი კომპენსაციის თანხის გაანგარიშებაზე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ აუდიტიორულ დასკვნას, რომლის მიხედვით, დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აშენებული და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანილი ფართის მინიმალური წლიური საიჯარო ქირის ოდენობა წარმოადგენს 11141 ლარს, რაც პალატამ ჩათვალა მიუღებელ შემოსავლად და განმარტა, რომ ტ. ი-ე თითქოსდა ყოველთვიური ფულადი კომპენსაციის სახით 928,4 ლარის გადახდას ითხოვდა, როგორც მიუღებელ შემოსავალს, თუმცა არც ტ. ი-ეს და არც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ერთმანეთთან არ გაუიგივებიათ მიუღებელი შემოსავალი და კომპენსაცია თქმენის ვალდებულებისათვის.
შპს „ს. გ. წ. კ-ამ“ შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაკისრებისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 175-ე და 180-ე მუხლები. საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ასრებითად სწორ მსჯელობას შეიცავს მიუღებელი შემოსავლისა და საკომპენსაციო თანხის ერთმანეთთან გაიგივების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სასამართლო თავისი მსჯელობის საწინააღმდეგოდ იღებს გადაწყვეტილებას, კერძოდ, გადაწყვეტილების დასაბუთება არ შეიცავს არგუმენტაციას რა გახდა შპს „ს. გ. წ. კ-ის“ კომპენსაციის აღნიშნული ოდენობით დაკისრების საფუძველი. სასამართლო კომპენსაციის დაკისრებისას დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ – შპს „ა. ფ-ის“ აუდიტორულ დასკვნას, რომლის მიხედვით, მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ოდენობად მითითებულია 224401 ლარი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ტ. ი-ე შესძლებდა 224 401 ლარის ღირებულების პროექტის შესრულებას, მისაღები წლიური გასაქირავებელი საიჯარო თანხა იქნებოდა 11141 ლარი, შესაბამისად, საჩივრის ავტორის აზრით, დაუშვებელია მიუღებელი შემოსავლის გაიგივება თმენის ვალდებულების კოამენსაციასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს „ს. გ. წ. კ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი და შპს „ს. გ. წ. კ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი და ვერც შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი და შპს „ს. გ. წ. კ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო და შეგებებულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტ. ი-ე, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შეგებებული საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, შეგებებული საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს. გ. წ. კ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად
3. შპს „ს. გ. წ. კ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 3 ივნისს №104024 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე