დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 16.12.2013
საქმის ნომერი
ას-1204-1149-2013
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1204-1149-2013 16 დეკემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ც. ბ-ი, ც. ა-ი (საარბიტრაჟო მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხე – ვ. თ-ი (საარბიტრაჟო მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჩ-მა განცხადებით (საჩივრით) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს „არბიტრაჟის“ 2009 წლის 9 თებერვლისა და 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხე ვ. თ-ის სახელზე რიცხულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სახელმწიფო ნომერი - ..., მარკა - სედანი, მოდელი - „MERSEDES-BENC“, C 180, სარეგისტრაციო მოწმობა - ....

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. ჩ-ის განცხადება (საჩივარი) შპს „არბიტრაჟის“ 2009 წლის 9 თებერვლის და 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებების (სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე) გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ჩ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ კანონში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ჩ-ის მოთხოვნის ინტერესს წარმოადგენს მის მიერ ფაქტობრივად შეძენილი ნივთის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისგან გათავისუფლება.

უდავოა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით თ. ჩ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არბიტრაჟის მიერ ამავე დავაზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრებას, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი. თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს საერთო სასამართლოების კომპეტენციას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ადგენს იმ ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში სასამართლოს გზით ჩარევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავები შეიცავს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, ხოლო 35613 მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს არბიტრაჟთან დაკავშირებულ იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ასეთად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ დავები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში თ. ჩ-ის კერძო საჩივარი ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „არბიტრაჟის“ 2009 წლის 9 თებერვლის და 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ თ. ჩ-ის განცხადების (საჩივრის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების კანონიერებას, რაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველგვარი დავა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში და ამ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ჩ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. თ. ჩ-ს დაუბრუნდეს გ. ნ-ას მიერ 03.12.2013 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი