დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.01.2014
საქმის ნომერი
ას-1044-998-2013
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1044-998-2013 9 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ 2012 წლის 23 მარტს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე თანხისა და სარგებლის - 24200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24200 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ნ. გ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 968 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2013 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. გ-ის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მოძიება და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის დაადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით ნ. გ-ს გაუგრძელდა 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 968 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2013 წლის 6 აგვისტოს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვა დადგენილი საპროცესო ვადის კიდევ 3 დღით გაგრძელება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განმარტა შემდეგი: მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლოს საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებას, რომელიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. ხარვეზის სრულად შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. სასამართლოს შეფასებით, მან აპელანტს გონივრული ვადა მისცა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორებისათვის, თუმცა ნ.გ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო პალატის განჩინებებზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზიო, ასევე აპელანტის შუამდგომლობით გაგრძელდა დადგენილი საპროცესო ვადა, ასევე მიუთითა 2013 წლის 6 აგვისტოს განცხადებაზე, რომლითაც მხარე კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელებას ითხოვდა (3 დღით) და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება იყო უკანონო, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაუვადოს მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სასამართლო ხარჯების გადახდა, შეამციროს მათი ოდენობა ან გაუგრძელოს მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დანიშნული საპროცესო ვადა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება ან საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რომლის საფუძველსაც მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა იძლევა. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის ნ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია დაკისრებული საპროცესო მოვალეობის აპელანტის მიერ შეუსრულებლობა.

კერძო საჩივრით მხარე ამ განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების, მათი ოდენობის შემცირებისა თუ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც მხარის ქონებრივი მდგომარეობის საფუძველზე უნდა გადაეწყვიტა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტს და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ხარვეზი დაუდგინდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარს, მხარეს გარკვევით განემარტა მისი გამოსწორების წესი (სახელმწიფო ბიუჯეტში საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა), ასევე საპროცესო ვადა - განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე და საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგი.

ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო საჩივრით მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე რაიმე შუამდგომლობა ან ქონებრივი მდგომარეობის რეალურად ამსახველი მტკიცებულება არ წარუდგენია.

უდავოა, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინებით სასამართლომ გაიზიარა აპელანტის წერილობითი განმარტება მისი ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დაცვით მხარემ მიმართა სასამართლოს და კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელება ითხოვა იმ საფუძვლით, რომ ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხების მოძიება.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც სააპელაციო საჩივარზე და არც შემდგომ წარდგენილ განცხადებებზე არ დაურთავს.

მართალია, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში არ მიუთითებია გარემოებებზე, რაც დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, თუმცა ეს ფაქტი მხარეს კერძო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, ამ გარემოებაზე მსჯელობის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იარსებებდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა მოთხოვნის (შუადგომლობის) ინიციატორი მხარის ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთოს მისი პოზიცია, ნორმის ამ დანაწესის დარღვევა მხარისათვის ნეგატიური, არახელსაყრელი შედეგის დადგომის განმაპირობებელია.

როგორც უკვე აღინიშნა, მხარე, მართალია, შუამდგომლობდა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და მოთხოვნის არგუმენტაციას მისი ქონებრივი მდგომარეობა წარმოადგენდა, თუმცა განცხადება საქმის არც ერთი მტკიცებულებით გამყარებული არ არის, რაც საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების შესაძლებლობა შეიძლება გამხდარიყო.

გარდა აღნიშნულისა, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მისი ოდენობის შემცირება და დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს შეხედულებაზეა დამყარებული, რადგანაც სასამართლო კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ნორმებს (სსსკ 47-ე, 48-ე) გამოიყენებს მხოლოდ მხარის მოტივირებული შუამდგომლობის არსებობისას, რაც უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მხარისათვის ე.წ შეღავათის გამოუყენებლობა მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპს დაარღვევს, რაც შეეხება დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით, მართალია, გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს დანიშნული საპროცესო ვადა, თუმცა სააპელაციო ინსტანციის წესით განხილვის მიმართ ამ ნორმის მოქმედება შეზღუდულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი წარმოადგენს ზოგად ნორმას, ხოლო ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი, მისი სპეციალური ბუნებიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების ვადასთან მიმართებით სასამართლოს ინიციატივის გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით საპროცესო ვადა განესაზღვრა 10 დღით, მისივე შუამდგომლობით ეს ვადა გაგრძელდა 5 დღით, სააპელაციო პალატამ დანიშნული ვადა გონივრულად მიიჩნია დაკისრებული საპროცესო მოვალეობის შესრულებისათვის, რაც პროცესუალური ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს, ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ ვადის საკმარისობა კერძო საჩივრის არგუმენტს არ წარმოადგენს, რის გამოც საკასაციო პალატა ამ კუთხით მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე